შემოგვიერთდით

რა შემთხვევაში გამოიყენება დექსალგინი და რა წესები უნდა დავიცვათ მისი მიღებისას

ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას  ,,ჯანმრთელობა”,  სადაც გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებს და ვისაუბრებთ სტრესზე, რომელიც დიდი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში.

ამჯერად ვისაუბრებთ დექსალგინის შესახებ .

რა შემთხვევაში გამოიყენება დექსალგინი და რა წესები უნდა დავიცვათ მისი მიღებისას

ჩვენი ორგანიზმი ტკივილის მეშვეობით გვამცნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ხშირად დისკომფორტს იწვევს, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს — გვაფრთხილებს პოტენციური საფრთხის შესახებ და გვაიძულებს ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. თუმცა, ზოგჯერ ტკივილი იმდენად ინტენსიური ან ხანგრძლივია, რომ აუცილებელი ხდება ჩარევა.

ასეთ შემთხვევებში ერთ-ერთი კარგი გამოსავალია დექსალგინი — თანამედროვე ანალგეტიკი, რომელიც ებრძვის ტკივილს. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ დექსალგინის თვისებებს, მოქმედების მექანიზმს და გამოყენების სფეროებს.

დექსალგინის არსი და მოქმედების პრინციპი

დექსალგინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ანსპ) ჯგუფს. მისი აქტიური ინგრედიენტია დექსკეტოპროფენი — კეტოპროფენის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.

დექსალგინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ის ბლოკავს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნიან პროსტაგლანდინებს. პროსტაგლანდინები კი ნივთიერებებია, რომლებიც იწვევენ ტკივილს, ანთებას და ცხელებას. ამრიგად, პრეპარატი დექსალგინი ამცირებს ამ სიმპტომებს, რაც ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რა შემთხვევებში გამოიყენება დექსალგინი

დექსალგინი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ:

  1. ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, სახსრების ტრავმები;
  2. კუნთოვანი სისტემის დაავადებები: მიოზიტი, ფიბრომიალგია, კუნთების დაჭიმულობა და ტრავმები;
  3. ნევროლოგიური მდგომარეობები: ზურგის ტკივილი, ნევრალგია, თავის ტკივილი, შაკიკი;
  4. გინეკოლოგიური პრობლემები: მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა);
  5. ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ტკივილი;
  6. სტომატოლოგიური პრაქტიკა: კბილის ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი;
  7. ქირურგიული ჩარევის შემდგომი ტკივილის მართვა.

დექსალგინის უპირატესობები

დექსალგინს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც გამოირჩევა სხვა მედიკამენტებისგან. პირველ რიგში, აღსანიშნავია სწრაფი მოქმედების ეფექტი. როგორც კი ამ მედიკამენტს მიიღებთ, ის დაახლოებით 30 წუთში უკვე იწყებს მოქმედებას. რაც მთავარია, ეფექტი ხანგრძლივია და ერთი დოზის მოქმედება 4დან 6 საათამდე გრძელდება.

მედიკამენტის პოპულარობას ასევე განაპირობებს ის ფაქტი, რომ მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს. გარდა ტკივილის განეიტრალებისა, დექსალგინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების დროს. ის ამცირებს ანთებას და, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს პაციენტის გამოჯანმრთელებას.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით, დექსალგინით მკურნალობა შედარებით დაბალი დოზებით ხდება, რაც ასევე ხელს უწყობს გვერდითი ეფექტების რისკების შემცირებას.

დექსალგინი ხელმისაწვდომია ტაბლეტებისა და საშეტების (ხსნადი ფხვნილი) სახით.

როგორ ხდება დექსალგინის მიღება და დოზირება

დექსალგინის დოზა რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებულია. გასათვალისწინებელია, თუ როგორია ტკივილის ინტენსივობა და რა ზოგადი მდგომარეობა აქვს ადამიანს. ზოგადი რეკომენდაციებია ასეთია:

  • ტაბლეტები: 12.5 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, ან 25 მგ ყოველ 8 საათში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა – 75 მგ;
  • საშეტები: ერთი საშეტი (25 მგ) გახსნილი წყალში, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ სამჯერ დღეში.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, დექსალგინი უნდა გამოიყენოთ მოკლე პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ 3-5 დღე), თუ ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მოგცათ.

დექსალგინის გვერდითი ეფექტები — რა წესები უნდა დაიცვათ მედიკამენტის მიღებისას

დექსალგინის გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა. პირველ რიგში, თუ გაქვთ ალერგია სხვადასხვა პრეპარატებზე, როგორიცაა ასპირინი, დექსკეტოპროფენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, არ მიიღოთ დექსალგინი.

მედიკამენტი არაა რეკომენდებული წყლულის, გასტრიტისა და სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.

გულ-სისხლძაღღვთა პრობლემების მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა და მათ შორის დექსალგინმა შეიძლება გაზარდოს ინსულტისა და გულის შეტევის რისკი.

დექსალგინის მიღებისას საჭიროება სიფრთხილე, თუ ადამიანს აღენიშნება თირკმლის პრობლემები. დექსალგინი არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას დექსალგინთან ერთად.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს უფრო სერიოზული გართულებები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან ალერგიული რეაქციები. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

დექსალგინი წარმოადგენს თანამედროვე საშუალებას ტკივილის წინააღმდეგ. სწრაფი მოქმედების. ხანგრძლივი ეფექტისა და მრავალმხრივი გამოყენების გამო დექსალგინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა ტკივილთან და ანთებასთან საბრძოლველად. 

თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დექსალგინის გამოყენება ექიმის რეკომენდაციით და ინსტრუქციის მკაცრი დაცვით. ყურადღება უნდა მიექცეს პოტენციურ გვერდით ეფექტებს და უსაფრთხოების ზომებს.