შემოგვიერთდით

DISC მეთოდოლოგია – ვინ გამოგვადგება გაყიდვებში და ვინ ადმინისტრაციულ პოზიციაზე?

DISC – ბგერების ამ თანმიმდევრობით წარმოთქმაზე ყველას კომპაქტ დისკი გვახსენდება და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში იგი სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება, ადამიანების ტიპების ეს მეთოდოლოგია არ კარგავს აქტუალობას, განურჩევლად მისი საუკუნოვანი ისტორიისა.

ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, როდესაც ჰარვარდის პროფესორმა უილიამ მოლტონ მარსტონმა ადამიანის ტიპების  DISC  მოდელი ჩამოაყალიბა თავის წიგნში “ნორმალური ადამიანების ემოციები” 1921 წელს. მის გამოცემას კი მეცნიერული კვლევა უძღვოდა წინ. მარსტონი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა ჩამდენ პირებს და მათ ემოციებს აკვირდებოდა   მსჯავრდებულის სკამზე, ხოლო მისმა კვლევამ იმ ძირითად მახასიათებლებამდე მიიყვანა, რომელიც საფუძვლად DISC-ის ქცევით (ბიჰევიორულ) მოდელს დაედო. მარსტონმა თავისი ცხოვრების მანძილზე, იმ დროისთვის, საკმაოდ ცნობილი კომიქსების სერიაც კი შექმნა, სადაც გმირები თავისი თეორიის მიხედვით გაანაწილა და მთავარი გმირი “Wonder Woman” ამავე სახელწოდების კომიქსში DISC-ის აბრევიატურის პირველი, დომინანტური (Dominance) ქცევითი მოდელის მატარებელია.

  1. ადამიანის დომინანტური ტიპი მიზანდასახულ, თამამ, სტრატეგიული აზროვნების მატარებელ ადამიანს შეესაბამება, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს წარმატების მიღწევას და ადამიანების დარწმუნებაც კარგად შეუძლია. ადამიანების ასეთ ტიპს მალევე გამოარჩევთ ბიზნეს სამყაროში მათი პირდაპირობით, გამოწვევებისადმი გახსნილობით და მოქმედების სისწრაფით. ასეთი ტიპის ადამიანები, განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან მმართველ პოზიციებზე, ვინაიდან მათი მოტივატორი სწორედ მაღალი მწვერვალების დაპყრობა და რთული ბიზნეს ამოცანებია.
  2. აბრევიატურის მეორე, გავლენის ტიპი (Influence) ექსპრესიული და ინსპირაციული ქცევითი მოდელით ხასიათდება. ინსპირაციული ლიდერების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ ტიპს განეკუთვნება და მათი ძლიერი მხარეები ზეპირი კომუნიკაციის უნარი, პირველი შთაბეჭდილების მოხდენა, სტრატეგიული აზროვნება და ადამიანებზე ორიენტაციაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის ადამიანები ენთუზიაზმით უდგებიან ახალ ამოცანებს, შეუძლიათ გუნდის მოტივაციის ამაღლება და ცოცხალ კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას.
  3. მესამე, სტაბილურ ტიპს (Stability) სიდინჯე და დაფიქრებულობა ახასიათებს. ასეთი ადამიანები ემპათიას გამოხატავენ გარშემომყოფების მიმართ და საოცარი მოსმენის უნარით ხასიათდებიან. მათ სიამოვნებასაც კი გვრით რუტინული საქმის შესრულება და კარგი გუნდური მოთამაშეები არიან. ასეთ ადამიანს თანამშრომლები ხშირად უზიარებენ თავის აზრებს, ვინაიდან იციან, რომ მისგან მორალურ მხარდაჭერას მიიღებენ.
  4. ადამიანების ადაპტიური (Compliance) ტიპი ასრულებს DISC-ის აბრევიატურას და გულმოდგინებით, ანალიტიკური აზროვნებითა და დეტალებზე ორიენტაციით გამოირჩევა. კრიტიკული აზროვნება და ლოგიკა ასეთი თანამშრომლის საუკეთესო ინსტრუმენტებია. იგი თანმიმდევრულად და სისტემურად ცდილობს სამსახურებრივი ამოცანების გადაჭრას, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფა მისი ერთ-ერთი ძირითადი მოტივატორია.

არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ თითოეულ ქცევით მოდელს საბაზისო შიში უდევს საფუძვლად და არსებული ქცევითი მოდელიც ამა თუ იმ შიშისგან გაქცევას წარმოადგენს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი თანამშრომლების თვითშემეცნების გაღრმავებისთვის პირობების შექმნა შესაბამისი ტრენინგის, ქოუჩინგისა და შეფასების სისტემების დანერგვით.

ოთხი ტიპის მოცემული მოკლე აღწერილობის უკან, რა თქმა უნდა, არაერთი ნიუანსი და თითოეულის მრავალმხრივი ბუნება იკვეთება, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი უმრავლესობა შერეულ ტიპს წარმოადგენს. აღნიშნული კი საკითხს კიდევ უფრო სიღრმისეულს და საინტერესოს ხდის.

მნიშვნელოვანია, რომ DISC სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი შეფასების ინსტრუმენტია თანამედროვე დასავლურ ბიზნეს სამყაროში მისი აპლიკაციის სიმარტივიდან და სარგებლიანობიდან გამომდინარე.

ამ სისტემის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობითაა განპირობებული, ასევე, მისი პოპულარობაც ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და მენეჯერებს შორის.

DISC გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ საუკეთესო კადრი მოცემული პოზიციისთვის, განვსაზღვროთ ჩვენი თანამშრომლების პიროვნული პროფილი (როგორც ძლიერი მხარეები, ასევე, განვითარების ზონები), მივიღოთ ინფორმაცია მათი ძირითადი მოტივატორების შესახებ, გავიგოთ, მაგალითად, ვინ გამოგვადგება “გაყიდვებში” და ვინ ადმინისტრაციულ პოზიციაზე გამოავლენს ყველაზე უკეთ თავის შესაძლებლობებს.

ტიპოლოგიის გათვალისწინებით აყვანილი თანამშრომელი მისი მაღალი მოტივაციის, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

4 თანამშრომლის ტიპის ცოდნა, ასევე, მასთან სწორი კომუნიკაციის აწყობაში ეხმარება ხელმძღვანელს და მნიშვნელოვან მიმართულებას აძლევს თუ როგორ დააკომპლექტოს გუნდი.

DISC ხომ საკომუნიკაციო მოდელსაც წარმოადგენს და ეხმარება ბიზნესს თანამშრომლების პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენასა და აპლიკაციაში. შესაბამისად, ადამიანის ტიპების შესახებ ცოდნა ნებისმიერი გამოცდილი მენეჯერის საუკეთესო ინსტრუმენტია.

სტატიის ავტორია: ეკატერინე ბაბუნაშვილი – სერტიფიცირებული ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (ICF), თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტი, DISC-ის ლიცენზირებული პრაქტიკოსი (Thomas International).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *