მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული კორონოვირუსის (COVID-19) გამო, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, კომპანიებს გარკვეული პრევენციული სამუშაოების გაწევა უწევთ.
გრანთ თორნთონში თანამშრომლებისა და კლიენტების პერსონალის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კორონოვირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდით წარმოქმნილი რისკების საპასუხოდ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეძლებისდაგვარად, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს.
„მომავალი კვირის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის რამდენიმე დეპარტამენტის თანამშრომლები საკუთარი სახლებიდან იმუშავებენ, რითაც, ვფიქრობთ ხელს შეუწყობენ რისკების შემცირებას ჩვენი კომპანიისთვის და კლიენტებისათვის. სამუშაო პროცესის ცვლილება შეთანხმდა ყველა არსებულ კლიენტთან. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა პროექტი გრძელდება და შეთანხმებული ვადები დაცული იქნება – იცვლება მხოლოდ პროცესის ორგანიზება“ – აღნიშნა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა, ბატონმა ვახტანგ ცაბაძემ ჩვენთან საუბრისას.
გლობალურად, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის მიერ დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება და ბიზნეს მოგზაურობა გაუქმდა 1 ივნისამდე. ბიზნეს შეხვედრები და საჭირო ტრენინგები, დროებით, მხოლოდ დისტანციურად გაიმართება.
„ვფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ოდნავ გადაჭარბებული რეაქცია იყოს შექმნილ გარემოებაზე, თუმცა გვირჩევნია ახლა ვიყოთ ზედმეტად ფრთხილები, ვიდრე რაიმე რისკი შევუქმნათ ჩვენს კლიენტებსა და თანამშრომლებს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!“- აღნიშნა ბატონმა ვახტანგმა.