შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა. 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.

როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. მისივე თქმით, „გრანთ თორნთონი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა ლექცებისა და მასტერ-კლასების ჩატარებას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. წარჩინებულ სტუდენტებს ვაძლევთ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობას.

„კომერციული სექტორის ჩართულობა სახელმწიფო უნივერისტეტებში, სტიპენდიების დაწესება და დასაქმების რეალური პერსპექტივა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, განსაკუთრებით ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდში. ამჯერად სტიპენდიები გადაეცემათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამ წარმატებულ სტუდენტს – აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს „გრანთ თორნთონს“ შორის 2018 წელს გაფორმდა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან ერთად ყოველწლიურად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას, ასევე  პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარებას, კერძოდ,  საზოგადოებაში სხვადასხვა პოზიციებზე, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით პრაქტიკის გავლას გულისხმობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკსა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის განცხადებით, კომპანია „გრანთ თორნთონი“ ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ბრწყინვალე მაგალითია, მითუმეტეს დღეს არსებულ ვითარებაში. „ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა გარდა სტანდარტულად დადგენილი დადებითი მხარეებისა, წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ დისტანციურადაც შეიძლება სრულფასოვანი მუშაობა. თსუ-მ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ამ ტიპის გამოწვევას სწრაფად და ეფექტიანად პასუხობს, ვინაიდან გარდა თავისი მაღალპროფესიონალური პერსონალისა, ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პარტნიორები ყავს. კიდევ ერთხელ მადლობა კომპანია „გრანთ თორნთონს“,-აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

„გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი ელენე ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაწესებული სტიპენდია დიდი მოტივაციაა სტუდენტებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი მომავალ კარიერაში. დიდი მადლობა თსუ-ს, რომელიც განათლებასთან ერთად ჩვენ პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს, და დიდი მადლობა „გრანთ თორნთონს“ უნივერსიტეტის და სტუდენტების მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ელენე ცეცხლაძემ.