სოციალურ ქსელში გავრცელდა რესტორანი ,,იმფერის” ვაკანსიები, რომელიც სამ პოზიციაზე ეძებდა თანამშრომლებს: მიმტანი, მრეცხავი და დიასახლისი.
განცხადებას, სხვა სტანდარტული ვაკანსიებისგან განსხვავებით, დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. ვაკანსიაში გამორჩეული შინაგანაწესი და პირობები იყო. განცხადების სრულად სანახავად გადადით აქ: იმფერი
სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხის მოწონება. სამწუხაროდ მსგავს პირობებს, რომლებსაც რესტორანი მომავალ თანამშრომლებს სთავაზობს, ჩვენს ქვეყანაში იშვიათად არის. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგვეზუსტებინა რამდენად შეესაბამება დაპირება რეალობას და ,,იმფერის” დირექტორს ლაშა დოღონაძეს ვესაუბრეთ.
HR hub: მოგვიყევით იმფერის შესახებ
რესტორანი „იმფერი“ გაიხსნა 2021 წლის 1 ნოემბერს, ქ. თბილისში. დამფუძნებელი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტია, რომელიც მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ჩამოდის საქართველოში. ის ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ თბილისში მაღალი კლასის იმერული რესტორანი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა სივრცე იმერეთზე შეყვარებული ადამიანებისთვის, სადაც უგემრიელესი კერძების, მაღალი ხარისხის მომსახურების და სასიამოვნო გარემოს სინთეზი იქნებოდა. შესაბამისად ეს თავიდანვე არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესი. მიუხედავად ამისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკური პარამეტრებით, ამ ტიპის რესტორნებში მას ანალოგი არ ჰყავს საქართველოში, ვენტილაციის, გაწოვის, გამავალი ჰაერის, თუ სხვა მახასიათებლებით.
HR hub: თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში გვაინტერესებს ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი მოიფიქრა და მსგავსი სახით გამოაქვეყნა?
შინაგანაწესი, რომელსაც ამხელა გამოხმაურება მოჰყვა არსებობს რესტორნის გახსნის დღიდან, ინიციატორი იყო დამფუძნებელი. დაარსების დღიდან ვხელმძღვანელობთ ამ შინაგანაწესით და ბენეფიტებით, ეს არ იყო ქულების დასაწერად მოფიქრებული „ამბავი“ შესაბამისად არც გაგვიჟღერებია სანამ ამის საჭიროება არ შეიქმნა. ამ სფეროში როგორც ხდება თანამშრომლები თავიდან ავიყვანეთ რეკომენდაციებით, „კარგ მიმატანს ხომ არ იცნობ?“ „კარგ ბარმენს“ და ა.შ უბრალოდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, როცა პერსონალის დამატება დაგვჭირდა ფიზიკურად ვეღარ ვიპოვეთ და ჩვენმა სოც. მედია მენეჯერმა აჩი სურმანიძემ გვირჩია, მეტი ინფორმაციულობისთვის, ამ სახით გამოგვექვეყნებინა განცხადება ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე. სიმართლე რომ გითხრათ არც ველოდით მსგავს გამოხმარეუბას, მაქსუმიმ პოტენციური კარგი, პროფესიონალი თანამშრომლების გამოხმაურებას. როცა გვიკითხავდა და გვაჩვენებდა, რომ სხვადასხვა ჯგუფში გვაზიარებდნენ და მადლობებს გვიხდიდნენ, თითოეული კომენტარი მოტივაციას და შემართებას უფრო და უფრო გვიზრდიდა.
HR hub: თუ შეარჩიეთ უკვე თანამშრომლები ამ პოზიციებზე?
რა თქმა უნდა, უბრალოდ ამხელა გამოხმარურების მერე დასაქმების მსურველიც ბევრი იყო, ყველას დასაქმება სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ შევძელით, მაგრამ 3 უკარგესი თანამშრომელი დავიმატეთ და დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 25-ია.
HR hub: რამდენად მოახდინა ამ ყველაფერმა თანამშრომლების მოტივაცია?
მომსახურების სფეროში მარტივი ფორმულა არსებობს, „კმაყოფილი პერსონალი = კმაყოფილ სტუმარს“. ვცდილობთ ეს ფორმულა პრაქტიკაში დავნერგოთ და უკმაყოფილო სტუმარი არ გვყავდეს, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჯერჯერობით ამართლებს.
HR hub: სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლებისთვის განსხავავებული სამოტივაციო სისტემა გაქვთ?განსხვავებული პასუხისმგებლობების პოზიციებზე ფიქსირებული ანაზღაურებაც განსხვავებულია, მაგრამ ბენეფიტები ყველასთვის ერთია, დაწყებული ტექნიკური სამსახურის თანამშრომლიდან დამთავრებული დირექტორამდე.