როცა გარეთ მარტის თვისთვის უჩვეულოდ გემრიელი სითბო გეძახის, გაზაფხული ეხეთქება ფანჯრებს და მზის სხივებით ტკბობა მხოლოდ ფანჯრიდან შეგვიძლია, ნუ ჰა მაქსიმუმ მაღაზიაში სირბილით გასულებს – ამ სცენარს ალბათ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ არა მსოფლიოს მოდებული #StayHome. ვისთვის გამოწვევა, ვისთვის სიამოვნება, ვისთვის აკრძალვა და ვისთვის ფეხებზე დაკიდებული წესი. თუმცა, ეს ერთადერთია რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ თუ როდესმე გმირული საქციელის ჩადენა გვდომებია.
მოსეირნე ადამიანების ნაკადი დღითიდღე ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. ზოგი ფიქრობს, რომ ძლიერი იმუნიტეტის პატრონია; ზოგი თვლის – პატარა გარბენითი გასეირნებით არაფერი შეეყრება; ვიღაც ფიქრობს – ავალ ხელებს დავიბან და არც არაფერი დამემართება. სკოლის პერიოდი არ გახსენდებათ? – მშობლების მითითებით, რომ თბილად ვიცვამდით და სათადარიგო, შედარებით თხელი ქსოვილის ტანსაცმელი გამზადებული რომ გვედო ჩანთაში სადარბაზოში ჩასაცმელად…
ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი: როცა გიკრძალავენ, მაშინ უფრო გინდა! როცა წესებს გვიწესებენ, მაშინ ვარღვევთ! როცა გვეუბნებიან რომ არ შეიძლება, მაშინ გვიათმაგდება ძალები იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლება! და შეიძლება ამას ისე ვაკეთებდეთ, ვერც ვაცნობიერებდეთ რა ზიანის მიყენება შეგვიძლია საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. ნაკლებად საყვარელ ადამიანებს ზუსტადაც რომ ვერაფერს დავუშავებთ, რადგან ისედაც და ასედაც დისტანციაზე გვყავს ეს ხალხი. ხოდა რადგან ვერ ვაცნობიერებთ ადამიანები რატომ ვიქცევით ასე და არა სხვანაირად, ჩვენ არ ვბრაზდებით შენზე, როცა გარეთ დაბოდიალობ; ვცდილობთ, არ გავბრაზდეთ შენზეც, როცა გიჟივით მარაგებს იკეთებ, იმიტომ რომ პანიკამ დაგძლია და საერთოდ არ დარდობ სხვისთვის რამეს დატოვებ თუ არა სუპერმარკეტში. არც შენზე გვინდა გავბრაზდეთ, ვინც ფიქრობ „აუ მე გადავრჩე და სხვა მკიდია!“ მაგრამ ერთი კითხვა გვაქვს შენთანაც, შენთანაც და შენთანაც: „შენ გაბრაზდებოდი?“ მოდი პასუხი შენ თავს გაეცი, გულის კიდევ უფრო გულში ჩაიხედე და წამით დააყენე შენი თავი:
- იმ ბებოს ადგილას, მაღაზიაში რომ ქოშინით წავიდა, ძლივს მისულს კი დახლზე წიწიბურა არ დახვდა – შენს კარადაში ამ დროს წიწიბურის 1 წლის მარაგია
- იმ ბავშვის ადგილას, ზუსტად 2 წუთით რომ გამოვდა სადარბაზოში და ბავშვური დაუფიქრებლობით, ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა, რომელსაც ცოტა ხნის წინ შენ შეეხე უხელთათმანო ხელით – ეს ბავშვი სახლში შევიდა და ხელის დაბანა არ გახსენებია ისე ეცა შოკოლადს
- იმ ექიმის ადგილას, ეკიპირებულს, სახეზე ახალი ნაოჭები რომ გაუჩნდა, რომელი დარდისგან და რომელი სათვალე-პირბადისგან, თავადაც ვეღარ არჩევს
- შენი ასაკოვანი მშობლების ადგილას, რომლებიც სახლიდან გარეთ ცხვირსაც კი არ ყოფენ, იმის იმედით რომ მალე გადაივლის ყველაფერი და ეს მალე მალე მოვა. შენ კი ამ დროს ქუჩაში ნაბოდიალები, სახლში ფეხსაცმელებით შეჯლიგინდი.
ხოდა თუ სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენების ამ პატარა სავარჯიშოს გაკეთებისას გულის ცემა 2-ით მაინც აგიჩქარდა, მაშინ გილოცავთ! შენ ახლა ემპათიის სავარჯიშო გააკეთე წარმატებით და თუმცა, მაინც გვინდა გითხრათ:
როცა გარეთ უხილავი გვირგვინი დაეხეტება და ეს გვირგვინი ყველას თავს ერგება, წამის მეათასედში და ეს გვირგვინი სულაც არ არის რაიმე კარგის მომტანი, არავინ იცის რამდენად შესისხლხორცდება ორგანიზმთან და ფესვებგადგმული რა შედეგს დაგვიყენებს; როცა ჩვენ ყველა შინაგანად ვართ პოტენციური ვირუსმატარებლები, რომელიც კაცმა არ იცის რამდენ ადამიანს ავნებს და დააზიანებს, გამოსავალი ერთი რამის გააზრებაა: ჩვენი შინაგანი კეთილი და უხილავი გვირგვინები დავიდგათ თავზე – ადამიანობის, სიკეთის და ერთმანეთის გატანის გვირგვინები, რომ ამ უხილავ გვირგვინს ჩამოსაჯდომიც კი არ დავუტოვოთ. ხოდა ადამიანობის გვირგვინის დადგმასთან ერთად, სხვა ადამიანის ადგილას საკუთარი თავის დაყენებაც თუ გამოგვივა, ყველაფერი კარგად იქნება.
მაინც გიხიჭინებს გარეთ გასვლის სურვილი?
მოდი ეს ენერგია და დრო თვით-განვითარებას მოახმარე. Talent Flow-ს სკაუტები მზად ვართ პიროვნულ განვითარებაში დაგეხმაროთ და უფასო ონლაინ კონსულტაციები გაგიწიოთ. ერთადერთი რაც ამისთვის გჭირდება, მოდი ჩათში.