HR hub – ის სამუშაო სივრცე არის Network-ში. ჩვენ ამ საერთო სამუშაო სივრცის დიდი ოჯახის წევრი ვართ და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.
რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომლებიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ.
სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია ნინო დავითაშვილი – იქსფირიენსის დამფუძნებელი.
HR hub: ნინო მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ
კომპანია “იქსფირიენს” დაფუძნდა მისიით, მონაცემზე დაფუძნებული ქმედითი სტრატეგიების მეშვეობით, დავეხმაროთ ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა თუ ბიზნესის განვითარებაში. ღირებულებებზე დაფუძნებული შიდა ორგანიზაციული კულტურის შექმნით კი ჯანსაღი ბიზნეს გარემოს, შიდა (თანამშრომლები) და გარე (მოხმარებლები) მომხმარებელთა ლოიალურობის უზრუნველყოფაში, რაც როგორც შედეგი, ბიზნესის მასშტაბისა თუ მომგებიანობის ზრდაში აისახება ხოლმე. უმთავრესი მიზანი კი, რაც ჩვენმა გუნდმა დაისახა არის ის, რომ გახდეს კატალიზატორი ცვლილებებისა, რითაც საბოლოო ჯამში ბიზნესი ადამიანზე გახდება ორიენტირებული.
HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია იქსფირიენს ახორციელებს კვლევით და საკონსულტაციო საქმიანობას, უმეტესად მომხმარებელთა და თანამშრომელთა გამოცდილების მიმართულებით (Customer & Employee Experience). ხშირად მოგვმართავენ როგორც თანამშრომელთა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევით პროექტებზე, ასევე მომსახურების შეფასება/ მონიტორინგზე, ბაზრის, პროდუქტის, სერვისის, კონკურენტების, ბრენდის ცნობადობის თუ მსგავსი თემატიკის კვლევებზე.
საკონსულტაციო ნაწილში უმეტესად ვახორციელებთ: სრული სამომხმარებლო ციკლის შესწავლას (Customer Journey Research), სერვისების ოპტიმიზაცია-ავტომატიზაციას, საკომუნიკაციო ინსტრუქციებისა და პროცედურების შექმნა-განახლებას, კომპანიის მიზნებზე დაფუძნებული სამოტივაციო სისტემების შემუშავებასა და შეფასებების უზრუნველყოფას, საკომუნიკაციო ანდა მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიმართულების ტრენინგებს და ა.შ.
HR hub: როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?
წარმატებისთვის გამბედაობა და ბევრი მცდელობაა საჭირო, სადაც ერთ-ერთ მცდელობაზე გამოდის, ალბათ უფრო ამას ეძახიან ხოლმე გამართლებას. თუ შიშებს დანებდი და მცდელობა შეწყვიტე, ასე თავისით არ მოდის წარმატება. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებით, წარმატების უმთავრეს ფაქტორად მაინც შრომასა და დისციპლინას მივიჩნევ.
HR hub: როდის მიხვდით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით?
ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ბევრი და მნიშვნელოვანი შემთხვევები მქონია, ალბათ უფრო ის კატეგორია ვარ, უმეტესად ბევრი მცდელობით, წარუმატებლობის არ შეშინებით და ახალი მცდელობით რომ მიდის წინ, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ.
HR hub: რამდენი ხანია რაც ,,ნეთვორქის“ წევრი ხართ?
დეკემბრიდან შემოვუერთდი ნეთვორქს, პირველივე საჭიროებაზე, ალტერნატივების განხილვის გარეშე, მოვედი და დავრჩი. მიხარია რომ გაამართლა ჩემი იმედები. აქ მუდმივად საგრძნობია მხარდაჭერა და გულშემატკივრობა, რაც მეც დიდი დოზით მაქვს მათ მიმართ.
HR hub: ,,ნეთვორქი“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდით?
ანტრეპრენერია ნეთვორქი ჩემს თვალში, ეძებს ახალ შესაძლებლობებს, ღიად მიდის წინ, არ უშინდება სირთულეებს, შეცდომებს. აუცილებლად ხაზგასასმელია, საგრძნობი ორიენტირებულობა ადამიანებზე, რაც დამატებით პოზიტიურ განწყობას ქმნის მისდამი და ბუნებრივად განაპირობებს შენს სიყვარულსა თუ ლოიალურობას.