მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს HR მენეჯერებისთვის საინტერესო სიახლეების მიწოდებას.
“ორიენტ ლოჯიკმა” OL აკადემია შექმნა, რომლის დეტალებზეც ოთო ტაბატაძეს – ორიენტ ლოჯიკის საოპერაციო დირექტორსა და ნიკა ლემონჯავას – ორიენტ ლოჯიკის ტრენინგ ცენტრის OL აკადემიის მენეჯერს ვესაუბრეთ.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ OL Academy – ის შექმნა?
ოთო ტაბატაძე: OL აკადემიის შექმნის იდეა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის წინ გავაცნობიერეთ რომ მზად ვიყავით დაგვეწყო მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის IT ეკოსისტემის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ Covid პანდემია ხელს ძალიან გვიშლიდა, ვფიქრობდით რომ – ის საკმაოდ ღრმა ტექნოლოგიური კომპეტენცია, რომელიც ჩვენს კომპანიაში 25 წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებების განვითარებასთან ერთად გროვდებოდა – მნიშვნელოვანი იყო სხვებისთვისაც დროულად გაგვეზიარებინა.
HR hub: რა შესაძლებლობებს ქმნის აკდემია სწავლის მსურველებისთვის?
ოთო ტაბატაძე: როგორც იცით საქართველოს ბაზარზე, ისევე როგორც მთელ რეგიონში, IT კომპეტენციის უკიდურესად დიდი დეფიციტია. ჩვენს ქვეყანაში გაჩაღებულია აქტიური „ჰანთინგი“ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, განსაკუთრებით software Development, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების, ასევე ზოგადად ე.წ. ქლაუდ თავსებადი ტექნოლოგიური მიმართულებების პროფესიონალებზე. OL აკადემია ორიენტირებულია სწორედ ისეთ თანამედროვე, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური სასწავლო პროგრამების შეთავაზებაზე, რაც კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენი პროგრამის თითოეულ კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ამ ქვეყანაში – არამედ მთლიანად რეგიონში.
HR hub: რა არის ოლ აკადემიის უპირატესობები სხვა IT სასწავლებლებთან შედარებით?
ოთო ტაბატაძე: OL აკადემიის უპირატესობა მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრამების შეთავაზებაა, რომელიც ტექნოლოგიურად ინოვაციურია არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ სიახლეს წარმოადგენს გლობალურადაც. ჩვენი პროგრამების მოსარგებლეებს ამ ცოდნის მისაღებად – და რიგ შემთხვევაში სერტიფიცირების გასავლელად – ქვეყნის გარეთ არ მოუწევთ წასვლა, რადგან იგივე ცოდნას შეძლებენ საქართველოში OL აკადემიაში დაეუფლონ.
HR hub: რა კურსებს მოიცავს და ვინ იქნებიან ლექტორები?
ნიკა ლემონჯავა: საწყის ეტაპზე, ჩვენი კურსები მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: Software Development, Web Development და Cyber Security. მომდევნო წლის დასაწყისიდან კი დაგვემატება IT Infrastructure, Data Management, Machine Learning და Cloud მიმართულებები. ამასთანავე, ყველაზე დიდი სიახლე, რასაც ოლ აკადემია მომხმარებელს შესთავაზებს, არის Red Hat-ის ტრენინგები, რომელიც დაიწყება მომდევნო წლიდან. დასაწყისისთვის გვექნება 2 კურსი: Red Hat Linux System Administrator და Red Hat Certified Engineer. რაც შეეხება ჩვენს ლექტორებს, გვეყოლებიან IT სფეროს წამყვანი პროფესიონალები მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და პრაქტიკით, მათ შორის, კომპანია ორიენტ ლოჯიკის თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ქართულ IT ბაზარზე ნერგავენ მოწინავე ტექნოლოგიებს.
HR hub: ვისთვისაა განკუთვნილი და როგორ შეიძლება კურსებზე დარეგისტრირება?
ნიკა ლემონჯავა: ჩვენი კურსები განკუთვნილი იქნება როგორც მოქმედი IT სპეციალისტებისთვის – ვისაც უკვე აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება IT სფეროში და სურს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა, ასევე, დამწყებთათვის – ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში ანდა სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას. კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ოლ აკადემიის ვებ-გვერდიდან – olacademy.ge
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ნიკა ლემონჯავა: ჩვენ ვგეგმავთ, მოვიცვათ თითქმის ყველა ძირითადი IT მიმართულება და გარდა ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნადი კურსებისა, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ტიპის ახალი სასწავლო კურსები, რომლებიც დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ IT ეკოსისტემის გაჯანსაღებას და გვჯერა, რომ მოწინავე ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვით და ამ სფეროში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებით, ეს შეგვიძლია.