ავს არაფერი მოასწავებდა, როცა ერთ საშუალო-სტატისტიკურად-მშვენიერ დღეს, სამყაროს მთელ მოსახლეობას, ჯერ კიდევ უცნობმა არსება, COVID-19-მა თავისი რეალური სახე დაგვანახა და ყველას ვირტუალურ სამყაროში ტოტალური „გადასახლება“ გამოგვიცხადა. ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო სიუჟეტი სამეცნიერო ფანტასტიკის დასაწყისისთვის, რომ არა ამ ფაქტის გარდაუვალი რეალობა.
ბავშვობაში ალბათ ყველას გვიოცნებია ღრუბლებში ფრენაზე, მაგრამ კაცმა არ იცის, ვის როგორი წარმოედგინა ეს ღრუბლები. ან შეიძლება თქვენ იცით… მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი კომპანიის რეალობა – როგორია, როცა ყველაფერი ღრუბლებშია.
21-ე საუკუნე ამ დრომდეც ითვლებოდა ტექნოლოგიური ინოვაციების ერად და ვფიქრობ, დამსახურებულად შეინარჩუნებს ამ სტატუსს იმ გამოწვევების მიღებით და გამკლავებით, რომლის წინაშეც ის დღეს დგას. დღეს ბევრი აზიარებს თავის გამოცდილებას ვირტუალურ სამყაროში ადაპტაციისა და დისტანციური სამუშაო გარემოს ეფექტური მოწყობისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რეალობა მაინც ის არის, რომ უმრავლესობა ჯერ მხოლოდ ცალი ფეხითაა ვირტუალურ ღრუბლებში.
ერთი კომპანიის რეალობა
2020 წლის 11 მარტს, ევროპაბეთის დირექტორთა გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრა იყო, როცა შესვენებაზე ინტერნეტ სივრცის რამდენჯერმე დასქროლვით უკვე ცხადად ჩანდა, რომ მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელება საყურადღებო ხდებოდა.
სწორედ ჩვენი IT დირექტორი, იური სემენიხინი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ აუცილებელი გახდებოდა დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადასვლა, რასაც მენეჯმენტის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ. და, ფაქტობრივად, პროცესი იმ მომენტიდანვე დაიწყო – IT დეპარტამენტის შესაბამის განყოფილებებს მაშინვე გადავურეკეთ და მათი ტექნიკური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფისთვის მობილიზება მოვახდინეთ.
ოპერაცია ანტი COVID-19 ევროპაბეთში
სანამ მთავრობა ბიზნესების დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლის რეკომენდაციას გასცემდა, ევროპაბეთი უკვე მზად იყო დასაქმებულთა 80%-ის გადაყვანისთვის. ორშაბათს, 16 მარტს უკვე ყველა მათგანს ჰქონდა სახლში მოწყობილი სამუშაო სივრცე ყველა იმ ტექნიკური ინვენტარით, რაც სამუშაო პროცესისთვის იყო საჭირო. ამისათვის სულ რამდენიმე დღე დასჭირდა IT მხარდაჭერის გუნდს, ხოლო მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორ დღეში, ის დარჩენილი 20%-იც, რომლებიც ტექნიკურად ყველაზე რთულად გადასაყვან რგოლად იყო შეფასებული, უკვე სახლიდან ასრულებდნენ თავიანთ სამუშაო ფუნქციებს.
7 სტრატეგიული ფაქტორი
მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება, თუ რა ფაქტორებმა იმოქმედა ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაზე.
#1 პრიორიტეტების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შედგენა – იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრო ნებისმიერი პროცესის წარმართვის სტრატეგია, მნიშვნელოვანია კარგად იცოდე არსებული პროცესები, გადაანაწილო პრიორიტეტები და შეადგინო სამოქმედო გეგმა. ჩვენ სწორედ ის დაგვეხმარა, რომ ევროპაბეთი ტექნოლოგიური კომპანიაა და ჩვენი IT დეპარტამენტი მჭიდროდ არის გადაკვეთილი ბიზნეს პროცესებთან. სწორედ ეს დაეხმარათ სიტუაციის შეფასებაში, დაგეგმვასა და პროცესების პრიორიტეტების მიხედვით წარმართვაში.
#2 წინასწარ გავლილი სცენარი – კომპანიის მზაობა განაპირობა იმანაც, რომ ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე, IT დეპარტამენტი ყოველთვის აკეთებდა ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა სცენარების განვითარებას და ეს პროცესიც ერთ-ერთ წინასწარ გავლილი სცენარით წარიმართა, რომელიც მცირე მოდიფიკაციით მარტივად განხორციელდა კომპანიაში არსებული ძლიერი ტექნოლოგიური ბაზის საფუძველზე.
#3 შექმენი მხარდაჭერის ჯგუფი – თავიდანვე ჩამოყალიბდა მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ქსელის, სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტებისგან. მხარდაჭერის ჯგუფი, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად, იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ტექნიკურ გამოწვევაზე, მთავარი მიზანი იყო თანამშრომლების მაქსიმალური კომფორტი, ტექნიკური უზრუნველყოფა და ამავდროულად, უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
#4 შეარჩიე სანდო პარტნიორი – ზოგადად, ინფორმაციული უსაფრთხოება, ჩვენი სპეციფიკის ბიზნესისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება ითქვას, ინფორმაციული უსაფრთხოება „ძვირი“ სიამოვნებაა და ყველაზე მცირე, რაც აუცილებელია რომ გაკეთდეს მსგავს სიტუაციებში, არის ცალკე მდგომი VPN კონცენტრატორის არსებობა ან ისეთი სახის კომუნიკაციის ღრუბლოვანი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად Slack, MS Teams, ა.შ.
#5 გაიგე, ვის რა სჭირდება სრულფასოვანი სამუშაო პროცესისთვის – აუცილებელია იცოდე როგორც კომპანიის, ისე თანამშრომლების ტექნოლოგიური შესაძლებლობები – რამდენ თანამშრომელს და კონკრეტულად რა ტიპის ტექნიკა სჭირდება სრულფასოვანი სამუშაო პროცესისთვის და მათგან რამდენს აქვს სახლში ეს ტექნიკა, დაწყებული კომპიუტერით ან პირადი ლეპტოპით, რომელზეც დამოუკიდებლად შეძლებს მუშაობას (რადგან უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სხვა წევრი არ იყენებდეს იგივე ტექნიკას), ტელეფონი, პრინტერი, სკანერი, შრედერი, შესაბამისი კაბელები და თქვენ წარმოიდგინეთ ინტერნეტთან წვდომაც კი. ევროპაბეთს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული მარაგები, თუმცა დამატებით შეიძინა რამდენიმე ათეული ლეპტოპი თითოეული თანამშრომლის უზრუნველსაყოფად. რიგ შემთხვევებში კი მოხდა ოფისში არსებული სამუშაო ტექნიკის დემონტაჟი და სახლში გამართვა, როცა ეს უკავშირდებოდა ისეთ როლებს, რომლებსაც რამდენიმე მონიტორზე ერთად უწევთ მუშაობა.
#6 ჩვენ ავირჩიეთ Slack – დისტანციურ სამუშაო გარემოს გამართვის შემდეგ, უნდა იზრუნო ამ სივრცეებს შორის თანამშრომელთა კომუნიკაციაზე. ევროპაბეთს, როგორც ბეთსონ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, ისედაც ჰქონდა საკმაოდ ვრცელი საკომუნიკაციო არეალი. თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიამ გადაწყვიტა ერთ ძირითადი ვირტუალურ სივრცეში გადაეყვანა ყველა თანამშრომელი და შეარჩია – Slack, რომელსაც ისედაც იყენებდა ტექნიკური მიმართულების დეპარტამენტები.
რა თქმა უნდა, თანამშრომელთა შიდა ჯგუფები არ შეზღუდულა მათთვის უფრო მოსახერხებელი საკომუნიკაციო არხის არჩევაში, იქნებოდა ეს Skype, MS Teams, Starleaf თუ Zoom. აღნიშნული პროგრამების ინსტალაციაში ისევ და ისევ IT დეპარტამენტმა აღმოუჩინა თითოეულ თანამშრომელს სრული მხარდაჭერა როგორც დისტანციური მომსახურებით, ისე მოსახერხებელი მანუალების შექმნით.
#7 It’s the People; It’s Always the People. – როდესაც გუშინ IT დირექტორ, იური სემენიხინს ვკითხე, დღვანდელი გადმოსახედიდან თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც განაპირობა ამ პროცესის ასეთი წარმატებით განხორციელება, მითხრა, რომ ეს იყო გუნდი – ის ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, პიროვნულ პასუხისმგებლობას ენდო თავად და იგივე ნდობა გამოიჩინა გუნდმა მის მიმართ. ადამიანები, რომელთან ერთადაც გაბედა ამ ყველაფრის გაკეთება. საბოლოოდ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ძლიერი ხარ ტექნოლოგიურად, რადგან ტექნოლოგიებს ფასი, მხოლოდ სწორი ადამიანების ხელში აქვს.
პირადად ჩემთვის, ორმაგად საამაყო იყო ჩემი კომპანიის და IT დეპარტამენტის მიერ ასეთი წარმატებით განხორციელებული პროექტი, გამომდინარე იქედან, რომ წლის დასაწყისში სწორედ მათი მიმართულების HR ბიზნეს-პარტნიორად დავინიშნე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელი მისრულდება, რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ და უამრავ საინტერესო ბიზნეს პროცესში ვყოფილვარ ჩართული, პირველად მქონდა შესაძლებლობა, ასე ღრმად და ზედმიწევნით გავრკვეულიყავი ტექნიკური დეპარტამენტის სამუშაო პროცესებსა თუ თითოეული რგოლის ფუნქცია-მოვალეობებსა და მათ რესურსებში. იმის გათვალისწინებით, რომ თავად მეც ტექნიკური განათლება მაქვს (თუმცა არასდროს მიმუშავია ფიზიკოსად 🙂 ), გულის სიღრმეში ყოველთვის მიზიდავდა და ორმაგად ვგულშემატკივრობდი მათ. და მინდა გითხრათ, რომ ეს ის იშვიათი განცდაა, როდესაც ზუსტად ვიცი, რომ იქ და იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისთანაც მინდა ვიყო ყველა იმ გამოწვევისა და გიჟური იდეების განხორციელების ხელშემწყობი, რომლის პოტენციალი და შესაძლებლობებიც მათ აქვთ.
დარწმუნებული ვარ, მალე გადაიტანს მსოფლიო COVID-19-საც და ჩვენ ყველანი დავეშვებით ვირტუალური ღრუბლებიდან ჩვეულ სამუშაო სივრცეში ისე, რომ თითქოს, არც არაფერი შეცვლილა. მე მჯერა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების – უმიზეზოდ არაფერი ხდება და უკვალოდ არაფერი ჩაივლის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კვალს ჩვენს ცნობიერებაში მაინც დატოვებს, მომავალზე დაგვაფიქრებს და სამომავლოდ რაღაცეების ცვლილებებისთვის მოტივაციას მოგვცემს. დღეს ჩვენი, HR სფეროს თუ სხვადასხვა ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, გამოწვევა არის ხვალინდელ დღეზე ფიქრი, როცა, Gartner-ის ერთ-ერთი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 2030 წლისთვის შრომის ბაზარზე უკვე სრულად შემოვა ე.წ. Generation Z და დისტანციურ სამუშაო მოდელზე მოთხოვნა საშუალოდ 30%-ით კიდევ გაიზრდება. ამ მოცემულობაში, სწორედ ახლა არის დრო ვიფიქროთ დისტანციური მართვის მოდელების გაუმჯობესებასა და შესაბამის ტექნოლოგიურ მზაობაზე.
ბლოგი მომზადებულია ევროპაბეთის HR ბიზნეს პარტნიორის ნანა ჩხიკვაძის მიერ.