ხელფასების ადმინისტრირების პროგრამა ე.წ. Payroll ადამიანური რესურსების სპეციალისტებისთვის საკმაოდ აქტუალური და ნაცნობი საკითხია. მუდმივად იმართება დისკუსია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. Payroll-ის შესახებ ვესაუბრეთ Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელს პაატა შურღაიას. გთავაზობთ მასთან ვრცელ ინტერვიუს.
HR hub: რაში შეიძლება გამოვიყენოთ Payroll?
Payroll ეს არის პროცესი, რომლითაც დამსაქმებლები გასცემენ ხელფასსა და მასთან დაკავშირებულ განაცემებს დასაქმებულზე სამუშაოს შესრულებისათვის.
Payroll- ის განმარტება მეტად კომპლექსურია და თავის თავში შემდეგ ფუნქციებს მოიცავს:
- დასაქმებულთა სახელფასო მონაცემებს, ხშირ შემთხვევაში მათ პირად ინფორმაციასაც.
- ინფორმაცია გადახდილი ხელფასებისა და სხვადასხვა განაცემების შესახებ კონკრეტული პერიოდის მიხედვით.
- ასევე, შესაძლოა მოიცავდეს ხელფასებისა და გადასახადების რეალურად გაანგარიშებისა და განაწილების პროცესს.
ხშირ შემთხვევაში Payroll მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული ბიზნესისათვის. თუმცა, ეფექტური და ეფექტიანი ფეიროლ სისტემა უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ზუსტად და თანმიმდევრულად ხელფასების გადახდას, ხდის დასაქმებულებს კმაყოფილს და HR-ს აძლევს საშუალებას სხვა საკვანძო საკითხებზე კონცენტრირდეს.
ერთი შეხედვით, ფეიროლი მარტივად აღიქმება, თუმცა ყველაფერი მეტად კომპლექსურია სხვადასხვა გამოსაქვითი თანხების გამო. დამსაქმებლები ასრულებენ საგადასახადო აგენტის ფუნქციას და შესაბამისად, სწორად უნდა მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის გადახდა ბიუჯეტში. გარდა ამისა, დამსაქმებლები შესაძლოა ვალდებულნი იყვნენ გადაიხადონ სადაზღვევო პრემიები თანამშრომლებისთვის ან განახორციელონ საპენსიო შენატანები, კანონმდებლობის შესაბამისად.
HR hub: რა უპირატესობები აქვს Payroll-ის გამოყენებას?
დროისა და ხარჯების დაზოგვა – ფეიროლის სისტემისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა ბიზნესის მხრიდან დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, განუსაზღვრელად ბიზნესისა, ეს იქნება მცირე, საშუალო თუ მსხვილი კომპანიები, ხშირად მიმართვავენ Payroll სერვისის მქონე კომპანიებს.
პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა – კომპანიები, რომლებიც ფეიროლ მომსახურებას სთავაზობენ ბიზნეს წარმომადგენლებს, ფლობენ შესაბამის ტექნოლოგიურ თუ პროფესიულ ცოდნას. მათი ცოდნა მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს კომპანიისთვის, რომ იყვნენ მუდმივად ინფორმირებული საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა თუ პროგრამული სისტემების გაუმჯობესების კუთხით.
შეცდომების დაშვების შემცირებული რისკი – გამომდინარე იქიდან, რომ Payroll სერვისს კომპანიას აწვდის პროფესიონალთა გუნდი, მცირდება შეცდომათა დაშვების რისკები საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ან ხარჯების არასწორად აღრიცხვის კუთხით.
HR hub: რა არის საჭირო იმისთვის რომ კომპანიაში დავნერგოთ payroll?
Payroll-ის დანერგვა ყოველდღიური მუშაობის, ორგანიზებისა და დაკვირვების პროცესს გულისხმობს. Payroll-ის დანერგვის სირთულეს განსაზღვრავს კომპანიის მასშტაბურობა. თუმცა, რა თქმა უნდა შესაძლებელია გარკვეული მეთოდებით ამ პროცესის გამარტივება, მაგალითისთვის:
- სწორი პოლიტიკის შექმნა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი გადახდის მეთოდები, როგორც დანამატების აგრეთვე გაცდენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით.
- ბიუჯეტის შედგენა, რაც თავის მხრივ გეხმარება შექმნა გეგმა მომავალი ზრდისა და განვითარებისათის და თავიდან აიცილო არასასურველი მოულოდნელობები.
- მნიშვნელოვანია აგრეთვე ხელფასების ერთნაირად და ერთდოროულად გაცემა. არ აქვს მნიშვნელობა დასაქმებულს საათობრივად უნაზღაურდება სამუშაოს ღირებულება თუ ფიქსირებული ხელფასით, ორივე მათგანს ერთსა და იმავე რიცხვში ერთნაირი მეთოდით უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს საფასური.
- ამ პროცესს ასევე აადვილებს სისტემის მისაწვდომობა, მისი online რეჟიმი, რაც დასაქმებულებს საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეთ წინა პერიოდების ინფორმაციასთან და კითხვების შემთხვევაში თავადვე მიიღონ სასურველი მასალა.
- კომპანიების ყოველთვიური საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით, Payroll reminder-ი საშუალებას გაძლევს ბიუჯეტთან ანგარიშწორებისას თავიდან აირიდო შეცდომები, და კანონმდებლობას მორგებული, დროული და სწორი საგადასახადო დეკლარაციების მიაწოდო შემოსავლების სამსახურს.
HR hub: შესაძლებელია თუ არა ელექტრონული შემოსასვლელი კარების სისტემა მიებას Payroll-ს და ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვროს ხელფასის ოდენობა 100%-იანი სიზუსტით?
Payroll სისტემა საშუალებას გაძლევს სწორად განსზაღვრო, დათვალო და დაახარისხო განაცემების ტიპები, იქნება ეს დაქირავებულის სარგებლები თუ ხელფასი. ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში სისტემის ელექტრონულ შემოსასვლელ კარებთან მიბმა მხოლოდ გაკონტროლების ერთ-ერთი საშუალება იქნება, თუმცა, როდესაც საქმე საათობრივ ანაზღაურებას ეხება, იმ დაშვებით რომ არსებული საათების განმავლობაში დასაქმებულმა ნამდვილად იმუშავა, ვფიქრობთ Payroll-ზე ელექტრონული კარებით აღრიცხვის სისტემის მიბმა ნამდვილად ეფექტურია. თანამშრომლების სამსახურში ყოფნის აღრიცხვის კუთხით შესაძლოა ეს სისტემა გარკვეულწილად გამოსადეგი იყოს, მაგრამ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ეფექტიანობის განსაზღვრისთვის და ამის შესაბამისად ანაზღაურების დადგენისთვის ამგვარი მიდგომა გარკვეულწილად არაეფექტურია.
HR hub: გაქვთ თუ არა ხელფასების ადმინისტრირების outsourcing?
ნებისმიერ კომპანიაში, რომლის ბიზნეს პროცესების ანალიტიკურ ანალიზსაც ვაკეთებთ, დგას ხელფასების ადმინისტრირების საკითხი, რომლის მართვის, დეკლარირებისა და დამუშავების პროცესი იმ მომსახურებათა პაკეტში შედის, რასაც ვთავაზობთ ჩვენი სერვისის მომხმარებლებს. თუმცა, ისეთ კომპანიებში რომლის საქმიანობას წარმოადგენს მომსახურება და რომლის მთავარი აქტივი ადამიანური კაპიტალია, გარკვეულ სპეციფიკურ ყურადღებასაც მოითხოვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ჩვენი სერვისით მოსარგებლე კომპანიების ბიზნეს პროცესების გამართულობა, სწორედ ამიტომ ხელფასებისა და დასაქმებულთა სხვა პირადი სარგებლების ადმინისტრირების საკითხი ძალზედ საგულისხმოა.
HR hub: მხოლოდ ადგილობრივ კომპანიებს უწევთ ამ მიმართულებით მომსახურებას თუ უცხოურ კომპანიებსაც ემსახურებით?
ამ სერვისით კომპანიას საშუალება ეძლევა დეტალური ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი სახის სახელფასო დანახარჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსები და სხვა სახის სარგებლები, თუ მონაცემები თამშრომელთა ნამუშევარი დროისა და შრომის ნაყოფიერების შესახებ. მსგავსი სახის სერვისით ინტერესდებიან როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები. Payroll საშუალებას აძლევს ბიზნესს უკეთ მართოს ადამიანური რესურსები, წარსული ხარჯების ანალიზისა და მომავალი ხარჯების იდენტიფიცირების მეშვეობით, კომპანიას უმარტივდება ბიუჯეტის დაგეგმვა და სახელფასო ხარჯების მიზნობრიობის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მომსახურებას ვუწევთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა დიდ ნაწილს საერთაშორისო კომპანიები წარმოადგენენ.