შემოგვიერთდით

აღმოაჩინე საკუთარი თავი – გაიარე სტაჟირება „ფილიპ მორის საქართველოში“

„ფილიპ მორის საქართველო“ ექვსთვიან სტაჟირების პროგრამას აცხადებს. „ფილიპ მორისი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თამბაქოს კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან საქართველოში „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულით სარგებლობს.

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. „ფოლიპ მორის საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სამუშაო გამოცდილება ისეთ სფეროში, როგორიც არის:  გაყიდვები, ფინანსები, HR, ადმინისტრაცია და შესყიდვები.

„ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა არაერთმა სტუდენტმა გაიარა.  პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი რამდენიმე მათგანი კომპანიის გუნდის წევრიც გახდა. ისინი თავის გამოცდილებას გვიზირებენ და „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამაზე გვესაუბრებიან.

როგორც თორნიკე მათითაშვილი გვიყვება, „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირება მისთვის პირველი სამსახურეობრივი გამოცდილება იყო. თუმცა, ეს ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც პირველივე დღიდან იგრძნობოდა მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა მას, გამოევლინა საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

„ფილიპ მორისში გავლილი სტაჟირების პერიოდში გავიგე, რა არის გუნდური მუშაობა, ლიდერშიფი და ის, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს მოტივაციაზე  სამსახურის მიერ მონიჭებულ შესაძლებლობას, განახორციელო საკუთარი იდეები და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები“, – გვიყვება თორნიკე მათითაშვილი.

ნიკოლოზ მიქაძე სამი წელია რაც „ფილიპ მორის საქართველოს“ ფინანსების დეპარტამენტში მუშაობს. მან სტაჟირების პროგრამა სტუდენტობის პერიოდში გაიარა და შეიძინა ის გამოცდილება, რომელმაც მისი პროფესიული ზრდა განაპირობა.

 „მუშაობდე წარმატებულ და გამოცდილ ადამიანებთან, დიდი გამოწვევაა. ეს გაძლევს შესაძლებლობას, შეიძინო სხვადასხვა სახის ცოდნა მათთან საქმიანი ურთიერთობით. „ფილიპ მორის საქართველო“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ახალ გამოწვევას გვთავაზობს და ამ გამოწვევების დახმარებით გვაძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. გვიბიძგებს იმისკენ, რომ მოვიპოვოთ მეტი თავდაჯერებულობა. ახლა მე მჯერა, რომ ნებისმიერი გამოწვევა არის ახალი შესაძლებლობა და არა – ბარიერი“, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ნიკოლოზ მიქაძე.

შოთა შანავა კი გვიყვება, რომ „ფილიპ მორის საქართველო“ იყო ის კომპანიაა, რომელიც მას საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, მესამე კურსზე მან ფინანსების მიმართულება აირჩია, თუმცა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს ის არ იყო, რისი კეთებაც ცხოვრებაში უნდოდა.

„ფილიპ მორისში გასაუბრებაზე მკითხეს, სად ვხედავდი საკუთარ თავს… დაახლოებით ორსაათიანი ინტერაქციული გასაუბრების შემდეგ მივხვდი, რომ არ მსურდა ფინანსების სფეროში მუშაობა და ციფრების ტყვეობაში ყოფნას ადამიანებთან კომუნიკაცია მერჩივნა. ასე გავხდი გაყიდვების ინტერნი და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ „ფილიპ მორის“ გუნდის წევრობა და რეგიონში გაყიდვების კუთხით სიტუაციის კონტროლი შემომთავაზეს. მალევე შევუერთდი თბილისის გუნდს და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ფილიპ მორისის დახმარებით აღმოვაჩინე „საკუთარი მე“.

„ფილიპ მორის საქართველო“ არის კომპანია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი მაღალი ორგანიზაციული კულტურით გამოირჩევა, რაც კომპანიაში მიღებულ გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად ღირებულად აქცევს.

თუ გსურთ, რომ მოხვდეთ „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამაში და მიიღოთ ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო გამოცდილება, გაიარეთ რეგისტრაცია. აპლიკაციის მიღება 30 მაისამდე გაგრძელდება.