ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას ,,ჯანმრთელობა”, სადაც გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებს და ვისაუბრებთ სტრესზე, რომელიც დიდი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში.
ამჯერად ვისაუბრებთ წნევის დამწევ მედიკამენტზე. მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამალი ფიზიოტენზი ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით გაიცემა. ის ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მისი თვითნებურად მოხმარება არ შეიძლება.
მისი მთავარი მოქმედი აქტიური ინგრედიენტი მოქსონიდინია. თუმცა, ფიზიოტენზის შემადგენლობაში ასევე ნახავთ შემდეგ ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროპსოვიდონი, მაგნიუმი სტეარატი, ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, მაკროჰოლი, სალმანდი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი და ტიტანისდიოქსიდი.
ცნობილია, რომ აქტიური ნივთიერება მოქსონიდინი ამცირებს სისტემურ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას. ამას მრავალი კვლევა ადასტურებს. გარდა ამისა, მოქსონიდინი 21%-ით აუმჯობესებს ინსულინზე მგრძნობელობის ინდექსს ინსულინრეზისტენტულ, ზომიერი ხარისხის არტერიული წნევის მქონე და ჭარბი წონის პაციენტებში.
მედიკამენტი ტაბლეტების ფორმით იყიდება — როგორც წესი, ფიზიოტენზის ტაბლეტები ორივე მხრიდან ამობურცული, შუაში ღარის მქონე შეფერილი საშუალებებია.
ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული მითები, თითქოს რომელიმე პრეპარატი უკეთესია იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაშია ის წარმოებული. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ერთი და იმავე აქტიური ნივთიერების მქონე მედიკამენტებს, შეიძლება, განსხვავებული შედგენილობა ჰქონდეთ. ეს კი ნიშნავს, რომ მედიკამენტს განსხვავებულ ავადობასა და ორგანიზმზე განსხვავებული ეფექტი ექნება.
გარდა ამისა, ისეთ ქსელურ აფთიაქებში, როგორიც პსპ-ა, დახლებზე განლაგებულია ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული პროდუქცია — ამ მხრივ პაციენტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ფიზიოტენზს?
ფიზიოტენზს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მართალია, ეს უკურეაქციები პაციენტებში იშვიათად ვლინდება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციის ქონა აუცილებელია და თუკი რომელიმე მათგანი ვლინდება, ამაზე უნდა შევატყობინოთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები კი შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, გულისრევა, გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება და ასთენიაც კი (მარტივად დაღლა, უენერგიობა, სისუსტე).
აღნიშნული სიმპტომები მკურნალობის დასაწყისშივე ვლინდება და მკურნალობის განმავლობაში, როგორც წესი, მცირდება. თუმცა, არ ჩათვალოთ, რომ სიმპტომები საყურადღებო არაა — ნებისმიერ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მნიშვნელოვანია ჭარბი დოზირების გამორიცხვაც. მისი სიმპტომები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, სედაცია, ძილიანობა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), პირის სიმშრალე, გულისრევა, დაღლა და ტკივილი კუჭის არეში. პოტენციურად შესაძლებელია არტერიული წნევის ხანმოკლე ზრდა, ტაქიკარდია ან ჰიერგლიკემია.
ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას და შეატყობინეთ ექიმსაც. ფიზიოტენზის ზედოზირების წინააღმდეგ ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობაც სიმპტომატურია.
მაგალითად, რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა სითხის გადასხმის და დოპამინის მიღების ხარჯზე. თუკი განვითარდა ბრადიკარდია, მისი მოხსნა ატროპინის საშუალებით არის შესაძლებელი, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებით კი შესაძლებელია მოქსონიდინით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მოხსნა.
კონკრეტულად რომელი მედიკამენტები შეიძლება მიიღოთ ზედოზირების ან გვერდითი მოვლენების გამოვლენის დროს — ამის შესახებ სჯობს მკურნალ ექიმს გაესაუბროთ და მან თქვენი ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.