შემოგვიერთდით

,,PwC საქართველოს თითოეული თანამშრომლის გუნდური და მიზანმიმართული შრომის შედეგია ჩვენი წარმატება”… – რუსა კვეზერელი-კოპაძე

PWC საქართველოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ივლისი მათი თვეა. ამას რა თქმა უნდა შესაბამისი მიზეზიც აქვს.

14 წლის წინ, ივლისის თვეში დაიწყო ოპერირება PwC-ის 145-ე ოფისმა საქართველოში. PWC აუდიტორული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 250000 თანამშრომლით 158 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვესაუბრეთ PWC-ის HR მენეჯერს რუსა კვეზერელ-კოპაძეს და კომპანიის საქმიანობა მიმოვიხილეთ.

HR hub: ზუსტად 14 წლის წინ, 2005 წლის ივლისის თვეში გაიხსნა PwC-ის ოფისი საქართველოში. როგორ შეაჯამებდით განვლილ პერიოდს?
PwC საქართველოს 14 წელიწადი გამოწვევებით, სიახლეებით, საინტერესო ღონისძიებებით და პროექტებით დატვირთული პერიოდი იყო. პატივი მერგო დაარსების დღიდან ფირმის განვითარების პროცესის თანამონაწილე ვყოფილიყავი და აღსანიშნავია, რომ PwC-ის გლობალურმა კორპორატიულმა კულტურამ, მრავალი წლის მანძილზე გამოწრთობილმა მენეჯმენტის სტილმა თავისი გავლენა იქონია ჩვენზე და ჩამოგვაყალიბა კონკურენტუნარიან, PwC-ის ღირებულებების გამტარებელ ღირსეულ წარმომადგენელ ოფისად საქართველოს ბაზარზე.

ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო პირველი ქართველი მმართველი პარტნიორის დანიშვნა საქართველოში 2017 წელს (PwC საქართველოს მმართველი პარტნიორი: ლაშა ჯანელიძე), ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ნდობა ჩვენს მიმართ და ხელი შეუწყო ჩვენი კლიენტების უწყვეტ მხარდაჭერას, მათი ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. დღეს სიამაყით აღვნიშნავთ უკვე მეორე ქართველი პარტნიორის დაწინაურებას საგადასახადო და იურიდული მიმართულებით (PwC საქართველო: სერგი კობახიძე) .  გვეამაყება ასევე, რომ მენეჯმენტში დაცული გვაქს გენდერული ბალანსი და 2018  წლიდან მისი წევრი ორი ქართველი დირექტორი ქალბატონია (აუდიტის დირექტორი: ნინო ქადაგიშვილი; საკონსულტაციო დეპარტამანეტის დირექტორი: თამთა შერმადინი).

გუნდური და მიზანმიმართული შრომის შედეგია ჩვენი წარმატება გამოხატული უკვე ციფრებში და მოწინავე ადგილის დაკავება 2018 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით.

HR hub: რამდენი თანამშრომელი მუშაობდა მაშინ PwC-ში და რამდენია ახლა დასაქმებული?
პირველი თანამშრომელი ვიყავი ჩვენს ერთ-ერთ მძღოლთან ერთად, რომლებიც 2005 წლის ივნისში PwC-ის მაშინდელმა მმართველმა დირექტორმა თბილისის ოფისის გახსნის მიზნით დაგვიქირავა. ივლისში, უკვე ოფისს ოფიციალური გახსნისას 15 დასაქმებული ჰყავდა.

დღეს PwC საქართველოში 115 თანამშრომელია და ოქტომბრიდან შემოგვიერთდება კიდევ 12.

HR hub: რას ნიშნავს იყო PwC-ის გუნდის წევრი ?
PwC ოფისები 158 ქვეყანაშია და მასში 250,000 ადამიანია დასაქმებული. ალბათ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, მაგრამ შესაძლებლობა მათთან მუშაობის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ყველა ჩვენს თანამშრომელს თანაბრად ეძლევა. ასევე გამჭვირვალე და წახალისებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში მართლაც უნიკალური შესაძლებლობა მქონდა მემუშავა ძლიერ და მოტივირებულ ადამიანებთან, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმ საერთაშორისო დონის პარტნიორებთან, რომელთა ინოვაციური ხედვები და გლობალური მიდგომები მართლაც კარნახობენ მსოფლიოს ახალ და საინტერესო მიმდინარეობებს საკონსულტაციო სფეროში.

PwC-ის გუნდის წევრობა ნამდვილად ნიშნავს საუკეთესო სამუშაო გარემოს, მაღალი ადამიანური ფასეულობების მქონე კორპორატიულ კულტურას, გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითებს და შედეგად მიღებულ წარმატებას, საინტერესო პროექტებს და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას PwC-ის გლობალური ქსელის მასშტაბით, ძლიერ და საინტერესო ლიდერებთან მუშაობას, საუკეთესო თანამშრომლებს.

ჩვენ ყოველწლიურად ვიკვლევთ თანამშრომელთა ჩართულობის ინდექსს, რომელმაც წელს 85%-ი შეადგინა.

HR hub: რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ მიღწევად?
რადგან პირადად ვარ ჩართული დასაქმების და გასაუბრებების სრულ პროცესში, შემიძლია განვაცხადო, რომ ბაზარზე მოვიაზრებით ხარისხიანი მომსახურების მიმწოდებლად, შესაბამისად ფინანსური განხრის სტუდენტებს შორის სასურველი დამსაქმებლის სტატუსით ვსარგებლობთ. თავისთავად საზოგადოების მიერ იმის აღიარება, რომ საქართველოს ბაზარზე პასუხისმგებლიანი ბიზნესი და მოთხოვნადი კომპანია ვართ, დიდი მიღწევაა.
PwC საქართველოს ყოფილი თანამშრომლები დასაქმებულები არიან წამყვან თანამდებობებზე სხვადასხვა ინდუსტრიებში და ეფექტიანად მართავენ ადგილობრივ თუ გლობალურ კომპანიებს. ჩვენი თანამშრომლები წარმატებით მოღვაწეობენ PwC-ის ევროპის და ამერიკის ოფისებში. გვეამაყება, რომ საქართველოს დასაქმების ბაზარს მაღალკვალიფიციურ და დასავლური გამოცდილების მქონე ძალას ვუზრდით და ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
HR hub: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
განვაგრძობთ ზრდას რაოდენობრივად და პროფესიულად. ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება შემოდგომიდან, მათ შორის ტექნოლოგიური სიახლეები, რაც გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის ჩვენს მომსახურებებს. PwC-ის გლობალური ოფისების მსგავსად საქართველოში უკვე დავნერგეთ მოხერხებული სამუშაო გრაფიკი. წლევანდელი სტრატეგიული გეგმის მიხედვით ვაპირებთ კონცენტრირებას ტალანტების მართვაზე, ასევე ვგეგმავთ თანამშრომელთა მოტივაციის მასტიმულირებელ სხვადასხვა ღონისძიებას.

  •  
  •  
  •  
  •