შემოგვიერთდით

,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული დიდი სასტუმროების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეებად არის გადაქცეული.

,,გრანდ გლორია” არის აჭარაში ერთ-ერთი პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანების განთავსება მოხდა. გამოწვევებსა და თანამშრომლებზე ვესაუბრეთ ,,GLORIA LLC”-ის კლასტერ HR  მენეჯერს  თამარ კუნჭულიას.

HR hub: თქვენი სასტუმრო საკარანტინე სივრცედ არის გადაქცეული. რამდენად რთული იყო მუშაობის არ პირობებზე გადაწყობა?

რა თქმა უნდა ეს პროცესი როგორც სხვებისთვის ასევე ჩვენთვისაც არ ყოფილა მარტივი, თუმცა იქიდან  გამომდინარე რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამოირჩეოდა, თავიდანვე გამოვხატეთ სურვილი ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას დავხმარებოდით და მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა ვირუსთან ბრძოლაში.

HR hub: როგორ შეხვდნენ თანამშრომლები აღნიშნულ ამბავს?

ეს ეტაპი ჩემთვის როგორც პროფესიული, ასევე მორალური თვალსაზრისით საკმაოდ ამაღელვებელი იყო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მაშინვე დავიწყეთ თითოეულ დეპარტამენტთან შეხვედრა და გასაუბრება, რადგან გაგვეგო მათი შეხედულებები რამდენად მზად იყვნენ ისინი და რამდენად გაცნობიერებული ჰქონდათ რისკ ფაქტორები.

მინდა გითხრათ რომ ძალიან გახარებული ვიყავი იმ ენთუზიაზმით და დადებითი ემოციებით რაც ჩვენი თანამშრომლებისგან ვიგრძენი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ რაც უფრო მეტს იზრუნებთ თქვენს თანამშრომლებზე და რაც უფრო მეტად გაუფრთხილდება კომპანია დასაქმებულებს, მით უფრო დიდ თავდადებასა და ერთგულებას მიიღებს მათგან.

HR hub: სასტუმროს ყველა თანამშრომელი მუშაობს აქტიურად თუ არიან ისეთები, ვინც დროებით გაათავისუფლეთ?

შევეცადეთ ვისაც სურვილი ჰქონდა და მისი პოზიცია არ მოითხოვდა ადგილზე მუშაობას, დისტანციურ მუშაობაზე გადაგვეყვანა, ხოლო გათავისუფლებით არავინ გაგვითავისუფლებია. ეს ჩვენი დირექტორის ბატონი მურატ თანსუს პრინციპული გადაწყვეტილება იყო, მაშინ როდესაც თითქმის ყველა სასტუმრო უხელფასო შვებულების სისტემაზე გადავიდა ან უბრალოდ მასობრივად მოხდა ადამიანების გათავისუფლება, მან განაცხადა რომ პირიქით ასეთ მძიმე სიტუაციაში კომპანია მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს თავის დასაქმებულებს და ეხმარებოდეს მათ კრიზისის დაძლევაში.

HR hub: როგორია უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც თქვენი თანამშრომლები ყოველდღიურას იცავენ?

ეს საკითხი რა თქმა უნდა ჩვენთვის უპირველესი იყო. ჩაგვიტარდა  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგი. ჰიგიენის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ჩვენთან სრული დატვირთვით კურირებს ჩვენი დასუფთავების მენეჯერი ქალბატონი მაკა გოგოლაძე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაუზარელად აკონტროლებს ყოველ დეტალს, ყველა თანამშრომლის ჩაცმულობას, დისტანციის წესებს. ჩვენი ყოველი ნაბიჯი უპირველეს ყოვლისა ექიმ  ეპიდემიოლოგთან გადის კონსულტაციას, რადგან ვაცნობიერებთ რომ ჩვენ არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ჩვენი თანამშრომლების და მათი ოჯახების ჯანმრთელობაზე ვართ პასუხისმგებელი.

HR hub: რა სირთულეებს აწყდებით ყოველდღიური მუშაობის დროს?

იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი სფერო არის მომსახურება და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა, ემოციურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენს სტუმრებთან დისტანციის დაცვით ურთიერთობა, რასაც მიჩვეული არ ვართ და ყოველთვის მაქსიმალურ სითბოს და გულისხმიერებას გამოვხატავთ სტუმრების მიმართ.

რა თქმა უნდა მაღალი ემოციური ფონიც გარკვეულ სირთულეებს ქმნის, თუმცა შევეცადეთ ჩვენს თანამშრომლებს თავი მარტო არ ეგრძნოთ და გადავწყვიტეთ ყველა მენეჯერი მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ყოველდღიურ რუტინაში. აქ წაშლილია თანამდებობრივი იერარქია, ყოველდღიურად ყველა თანამშრომელი იქნება ეს მაღალი რგოლის მენეჯერი, საშუალო თუ რიგითი პერსონალი, ასრულებს ნებისმიერ სამუშაოს როგორიცაა: სტუმრებისთვის საკვების, წყალის საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების, გზავნილებისა და შეკვეთების მიწოდება,  გარე და შიდა პერიმეტრის დასუფთავება-მოწესრიგება, სტუმრების თხოვნებისა და შეკვეთების დაკმაყოფილება, განსაკუთრებული მოთხოვნების და საჭიროებების მქონე პირების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება და ა.შ.

ჩვენ ასევე მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი სტუმრების მენტალურ ჯანმრთელობაზე ჩვენი მიღება-განთავსების დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში ცდილობს აღელვებული სტუმრების დამშვიდებასა და პოზიტიურ განწყობაზე გადართვას, ხოლო იმისათვის რომ სტუმრებმა დისტანციისა და ქცევის წესები არ დაარღვიონ სრული მობილიზებით მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების დეპარტამენტი.

HR hub: თანამშრომლებისთვის ყველაზე ძნელად შესასრულებელი რა აღმოჩნდა?

იცით ალბათ გაგიკვირდებათ და შეიძლება არც კი დამიჯეროთ, რომ გითხრათ რამდენად დადებით ენერგიას, თავდადებას და თავდაუზოგავ შრომას ვხედავ ყოველდღიურად ჩემს თანამშრომლებში, რა თქმა უნდა  გარკვეულ შიშსა და აღელვებასაც აქვს ადგილი, თუმცა ამ სიტუაციამ პირიქით გვიჩვენა რამდენად ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ და რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა და Employee engagement-ის განვითარება დაწესებულებებში. როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!

HR hub: რამდენად ემორჩილებიან კარანტინში მყოფი ადამიანები წესებს და ყოფილა თუ არა დარღვევის ფაქტები?

რა თქმა უნდა როგორც ყველგან ასევე ჩვენთან ყოფილა რამდენიმე დარღვევის მცდელობა, თუმცა ისევ დიალოგით მივსულვართ გარკვეულ შეთანხმებამდე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავუგოთ ამ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ დიდი დროის განმავლობაში გამოკეტილ ოთახში ჯდომა,  ყოველ ხელსაყრელ მომენტში ვცდილობთ მათ დადებითი ემოციები ვაჩუქოთ, რადგან თავი მარტო არ იგრძნონ. საკვების დარიგებისას უამრავი სამადლობელი წერილი გხვდება, რაც ძალიან გვახარებს.

ზოგიერთი სტუმრის ფანტაზია კი საერთოდ ჩარჩოებს ცდება და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან შექმნილ თაიგულებსა და გულის ფორმის აქსესუარებს გვახვედრებენ. ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა უზარმაზარი სტიმული და სიხარულია.

HR hub: და მაინც რა არის თქვენთვის როგორც ეიჩარისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ვითარებაში?

ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი თანამშრომლების მორალური და ემოციური მდგომარეობა, პასუხისმგებლობა მათ ჯანმრთელობაზე.

ვთვლი რომ ამ სიტუაციაში HR-ის ვალდებულებაა თავისი თანამშრომლების გვერდით იყოს, ჩვენი ფუნქცია ხომ ზრუნვაა, ზრუნვა ყველაზე და ყველაფერზე, ამ სიტუაციაში კი ეს განსაკუთრებით დიდი დოზით უნდა ხდებოდეს,

ჩემი აზრით სასტუმროს თანამშრომლები, ისევე როგორც აფთიაქის ან სურსათის თანამშრომლები, ექიმები, პოლიციის თანამშრომლები და ბევრი სხვა იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას, რადგან ისინი 24 საათიანი დაუღალავი შრომით ცდილობენ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას და არანაკლები წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში.