შემოგვიერთდით

Safco: შრომის უსაფრთხოება – რას ნიშნავს ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაცია?

დაგვეთანხმებით, რომ კომუნიკაცია ფასდაუდებელი და შეუცვლელია ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში. 

შესაბამისად, ღია, ეფექტური და ჯანსაღი კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოების სფეროს ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის გარეშეც ბიზნესი წარმატებას ვერ მიაღწევს და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით პროგრესულად ვერ განვითარდება. ვერტიკალური კომუნიკაცია არის, სამუშაო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაციის ღია, დაუფარავი და ხშირი მიმოცვლა და გაზიარება ორგანიზაციული იერარქიის ყველა რგოლს შორის, იქნება ეს „ზევიდან ქვევით“ თუ „ქვევიდან ზევით“ კომუნიკაცია. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ორმხრივი პროცესია და მენეჯმენტისა და თანამშრომლების თანაბარზომიერ ჩართულობასა და თავდადებას მოითხოვს. ღია კომუნიკაციით, ურთიერთობით და კავშირით იწყება შრომის უსაფრთხოების კულტურისა და მართვის სისტემის დანერგვის რთული გზა. გზა, რომლის გავლასაც კომპანიები მოკლე ხანში ვერ ახერხებენ, თუმცა ეს ნორმალური პროცესია და სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ. შრომის უსაფრთხოების წარმატებულად განსახორციელებლად აუცილებელია კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხისა და საშუალებების გამოყენება. ასე მაგალითად, კომპანიის ხელმძღვანელი გუნდის წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრები და შრომის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის, მიზნების, ამოცანებისა და მიდგომების გაზიარება კომპანიის ყველა თანამშრომელთან; კავშირი ელექტრონული ფოსტისა თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით; თანამშრომელთა ღია და დაუფარავი უკუკავშირი მენეჯმენტთან; მმართველი გუნდის ხშირი სატელეფონო კავშირი, რეგულარული ვიზიტები სამუშაო ობიექტებზე და შესაბამისად შრომის უსაფრთხოების საკითხებში სრული ჩართულობისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულების დემონსტრირება ორივე მხარის მიერ.

სამუშაო პროცესებს ჩამოშორებული, დისტანციური მმართველობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თანამშრომლებთან ხშირ კომუნიკაციას და სხვადასხვა საკითხების ღიად განხილვასა და გაზიარებას, ვერ იქნება კარგი მაგალითი კომპანიის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შრომის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვუწესებთ და მათგან მის უნაკლო შესრულებას მოველით. ორი გაუცხოებული ფრთა – „დირექტორი“ და „დანარჩენები“ კომპანიას წარმატებას ვერ მოუტანს და შესაბამისად, ვერც შრომის უსაფრთხოების დადებითი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასეთ პირობებში, ვერც ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი, მათ შორის, ვერც შრომის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები შეძლებენ პროცესების უსაფრთხოდ წარმართვას და შესაბამისად, ვერც კომპანიის დადებით იმიჯზე იზრუნებენ. ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვის გარანტი კომპანიის მმართველი რგოლი უნდა იყოს, ვინაიდან შრომის უსაფრთხოებისადმი მათი ადეკვატური მიდგომა და სწორი სტრატეგია განაპირობებს კომპანიის დანარჩენი თანამშრომლების დამოკიდებულებასა და განწყობას უსაფრთხო სამუშაო კულტურისკენ სწრაფვის გზაზე.

ჰორიზონტალური კომუნიკაცია – ეს გახლავთ ურთიერთობები და ინფორმაციის მიმოცვლა ორგანიზაციული იერარქიის ერთ საფეხურზე მყოფ ადამიანებსა და დეპარტამენტებს შორის. მიზანი აქაც იგივეა – შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვისა და მართვის სისტემის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. ასეთი ტიპის კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვის პროცესს უფრო აქტიურს ხდის და ეხმარება გუნდურობისა და ყველას ჩართულობას. მაგალითად, თუ კომპანია რომელიმე პროცედურის შემუშავების პროცესითაა დაკავებული,  ჰორიზონტალური კომუნიკაციის დროს მიმდინარეობს ამ პროცედურის დეტალური განხილვა და გაზიარება ერთი და იგივე ან სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, ხდება პირადი ცოდნისა და გამოცდილების და საუკეთესო ან/და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, სამუშაო ვერსიის მრავალჯერადი გადახედვა და  საბოლოო პროდუქტიც უფრო დახვეწილი და პრაქტიკული გამოდის.

ასე რომ, ღია, ეფექტური და ჯანსაღი კომუნიკაციის გარეშე და კომუნიკაციის პროცესისგან დისტანცირებული მენეჯმენტის პირობებში ვერ მოხერხდება ბიზნესში შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა. წარმოქმნილი პრობლემები ხელოვნურად გადამისამართდება არასწორი მიმართულებით და ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ხარვეზების აღმოფხვრას; გაგრძელდება საწარმოო პროცესი ძველი დამოკიდებულებით და იდენტური პრობლემებით. ხოლო მმართველი გუნდისა და თანამშრომელთა ჩართულობა და მუდმივი კომუნიკაცია დაეხმარება ორგანიზაციას სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების ეფექტურად მართვის საუკეთესო გზის მოძიებაში, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კარგ მაჩვენებლებში და ბიზნესის წარმატებაში გამოიხატება.

საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებისას „საფკო“ ყოველთვის ურჩევს ბიზნესის მმართველებს იყვნენ მეტად გახსნილნი კომპანიის თანამშრომლებთან; უფრო აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესებში; დაეხმარონ დასაქმებულებს შრომის უსაფრთხოების საკითხების დანერგვასა და ეფექტურად მოგვარებაში; ხშირად შეხვდნენ დასაქმებულებს, ესაუბრონ და ამავდროულად მოუსმინონ მათ, მისცენ საშუალება და შესაძლებლობა ღიად  და დაუფარავად ისაუბრონ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე; და აუცილებლად წაახალისონ ისინი გამოჩენილი ინიციატივის გამო.

„საფკოს“ ინსტრუქტორები ორგანიზაციაში ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაციის მნიშვნელობას კიდევ უფრო დეტალურად განიხილავენ IOSH (Managing Safely) – მართე უსაფრთხოდ საერთაშორისო კურსის ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს კურსი უკვე წარმატებით გაიარეს და საერთაშორისო სერტიფიცირება მოიპოვეს არაერთი მსხვილი ორგანიზაციის ზედა და შუა რგოლის მენეჯერებმა, თანამშრომლებმა და შრომის უსაფრთხოების წამომადგენლებმა. მართეთ თქვენი ბიზნესი უსაფრთხოდ.

სტატიაზე იმუშავა შრომის უსაფრთხოების კომპანია ,,საფკო”-ს თანადამფუძნებელმა, საერთაშორისო ექსპერტმა თორნიკე თოდრიამ.