სწორად აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს სასიცოცხლო ხაზს კომპანიის წარმატებისთვის. კომპანიებში, განსაკუთრებით კი დიდ კომპანიებში საკვანძო თანამდებობებს შორის უპირობოდ მოიაზრება აღმასრულებელი თანაშემწე.
სამწუხაროდ ზოგჯერ CEO-ები და HR-ებიც კი ცდებიან სწორად დაინახონ აღმასრულებელი თანაშემწის ფუნქცია მოვალეობები და ხდება მათი არევა მდივნის პოზიციაში, რაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციაა. აღმასრულებელი თანაშემწის შემთხვევაში საქმიანობა არასოდესაა რუტინული, ყოველთვის ხდება ახალ გამოწვევებთან შეჯახება, აღმასრულებელ თანაშემწეს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების პროგნოზირება და მათი მოხერხებულად მართვა. (Burge, 2015) მის საქმიანობაში არ არსებობს ორი ერთნაირი დღე, ყოველდღიურად იკვეთება ახალი საჭიროებები, ახალი სფერო, ახალი გამოწვევები, ახალი პროექტები… თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეხება გქონდეთ კომპანიის ყველა დეპარტამენტის საქმიანობასთან და ისწავლოთ ცოტა-ცოტა ყველაფერი.
აღმასრულებელი თანაშემწე პასუხისმგებელია და ასრულებს განსაკუთრებულ დავალებებს და პროექტებს მოთხოვნის შესაბამისად. ზუსტად აქ იმალება ამ პოზიციაზე მუშაობის მთავარი ხიბლი. ცოტათი საიდუმლო აგენტიც კი იქნებით, რადგან ბევრ კონფიდენციალურ საქმეებზე მოგიწევთ მუშაობა. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ ყოველთვის კომპანიის პულსზე გიდევთ ხელი, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ხდება ეს თქვენ აუცილებლად იცით და ჩართული ხართ პროცესში, არა პარტერში და არც სცენაზე, არა, თქვენ სცენარის წერის პროცესში მონაწილეობთ და ეს ძალიან მაგარია!
გამოყოფენ აღმასრულებელი თანაშემწის სამ ძირითად მნიშვნელობას და თვისებას, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა თანაშემწის არჩევის დროს და ხაზს უსვამს მის როლს როგორც ბიზნესის, ასევე უშუალოდ დირექტორების წარმატებაში. (Jones, 2015)
დასაწყისისთვის, თანაშემწე არის პიარ მენეჯერი. ის რეალურად CEO-ს სახე და ხმაა გარესამყაროში. ბიზნესპარტნიორების უმრალესობას პირველი შეხება აქვთ თანაშემწეებთან, შესაბამისად ისინი ქმნიან კომპანიისა და დირექტორების იმიჯს. არ უნდა გამოგვრჩეს კონფიდენციალურობა. ხშირ შემთხვევაში თანაშემწეობა არის პრივილეგირებული პოზიცია, რომელიც ფლობს ისეთ ინფორმაციას რაც მხოლოდ CEO-მ შეიძლება იცოდეს. კარგი თანაშემწე აუცლებლად უნდა იყოს კარგი დიპლომატი. თანაშემწეებს გაცილებით მეტ ხალხთან უწევთ კომუნიკაცია კომპანიის შიგნით თუ გარეთ ვიდრე CEO-ს. მათ შეიძლება მოუწიოთ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კომუნიკაცია თანამშრომლებსა თუ პარტნიორებთან. შესაბამისად აუცილებელია, რომ დიპლომატიური ენით აგვარებდნენ ყველა საკომუნიკაციო საკითხს. გარდა ამისა, თუ თანაშემწე კარგი დიპლომატია, CEO აუცილებლად გაითვალისწინებს მის უკუკავშირს. დამოუკიდებლობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. არაფერი ისეთ კომფორტს არ უქმნის CEO-ს როგორც თანაშემწე, რომელმაც დამოუკიდებლად იცის რა უნდა გააკეთოს, შეუძლია განსაზღვროს პრიორიტეტები, აქვს უნარი დაინახოს სრული სურათი და შეხედოს საკითხს სხვადასხვა კუთხიდან. „დასახეთ შეუსრულებელი მისია და აღასრულეთ!“ – ეს ერთი წინადადება სრულად ასახვს აღმასრულებელი თანაშემწის საქმიანობას.
Bibliography Burge, J. (2015). A Secratary vs an Executive Assistant. Office Dynamics International . Jones, J. (2015). The CEO’s Secret Weapon: How Great Leaders and Their Assistants Maximize Productivity and Effectiveness. Palgrava macmillan. Pontefract, D. (2019, JAN 10). Executive Assistants are superheroes without cape. Forbs.
ავტორი: სალომე ცუცქირიძე