ოფისში შესვლისთანავე ყურადღბას იპყრობს ნათელი, ფერადი გარემო, სადაც ძალიან გემოვნებით შერჩეული ავეჯი, სანათები და მცენარეები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან.
ეს პატარა, თუმცა ფუნქციური ოფისი wOnderLAND – ის თანამშრომლებისთვის ბათუმში შეიქმნა. კომპანიის მომსახურებისა და ოფისის დიზაინის დეტალებზე მენეჯერს ლიკა ჩარგეიშვილს ვესაუბრეთ.
HR hub: რა სერვისებს სთავაზობს wOnderLAND მომხმარებელს?
ტურისტული კომპანია “Wonderland” (ვანდერლენდი) დაარსდა ბათუმში 2007 წელს. 2009 წლიდან ქუთაისში არსებობს ჩვენი ფილიალი და თბილისში 2012 წლიდან. დღესდღობით კომპანიაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული სრული განაკვეთით და სეზონურად 150-მდე. ასევე 2014 წლიდან გვაქვს წარმომადგენლობები სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში.
კომპანია საქართველოს ბაზარზე, როგორც საზღვარგარეთ გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმში დიდ როლს იკავებს. რაც შეეხება შემომყვან ტურიზმს, ვემსახურებით არაერთ ჩარტერულ ფრენებს ბათუმსა და თბილისში, პოლონეთს 2013 წლიდან, ლიბანს , რეგულარულ რეისებს ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და სხვ. საზღვარგარეთ გამყვანი ტურიზმით კომპანია გახსნის დღიდანვეა დაკავებული და წლიდან წლამდე ვითარდება და იზრდება. ჩვენგან მომხმარებელებს აქვთ საშუალება დაჯავშნონ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, სასტუმროები, ექსკურსიები, ტრანსფერები, კონცერტებისა და სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების ბილეთები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, ინდივიდუალური მიდგომით თითოეული მათგანთან, დავიმსახურეთ მათი ნდობა და შევიძინეთ უამრავი ლოიალური და ერთგული მომხმარებელი საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთაც.
გარდა მომხმარებლებისა, ჩვენთან დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული თანამშრომლის კომპფორტსა და კმაყოფილებას.
სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი სამუშაო სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი მომხმარებლები ერთნაირად კომფორტულად იგრძნობდნენ თავს.
HR hub: ძალიან ლამაზია ბათუმის ოფისი. მოგვიყევით სამუშაო სივრცის მოწყობის, კომპანიის კულტურისა და ღირებულებების შესახებ? რას ემსახურება სამუშაო სივრცის ახალი კონცეფცია?
ბათუმის განახლებული ოფისის კონცეფციაზე ბევრი არ გვიფიქრია, ყველას ერთხმად გვინდოდა, რომ ჩვენს მომხმარებელს დასვენების შეგრძნება ოფისში შემოსვლისთანავე დაუფლებოდათ და ასეც გამოგვივიდა.
ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ხვდება სასიამოვნო მუსიკა, გემრიელი ყავა, პოზიტიური განწყობა და პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც ჩვენთან გახსნის დღიდან მუშაობენ და შესაბამისად ძალიან დიდ გამოცდილებას უზიარებენ თითოეულ მათგანს.
ძალიან გვეამაყება ჩვენს ინტერიერში გამოყენებული ხელნაკეთი სანათები, რომლებიც ბათუმშია დამზადებული და ასევე მუსია ქებურიას მიერ მოხატული კედელი.
ყველა ეს დეტალი ერთად ქმნის საოცარ სამუშაო სივრცეს, სადაც იყიდება ყველაზე მაგარი პროდუქტი დედამიწაზე : დასვენება!
HR hub: რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები?
რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ ზრდას, განვითარებას და უახლოეს მომავალში დიდ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს ქართველ მომხმარებელს, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ გაგიმხელთ.