შემოგვიერთდით

გზა სერვისის კონსულტანტობიდან ,,ვენდისისა” და ,,დანქინის” საოპერაციო დირექტორობამდე

გიორგი ედიბერიძის წარმატების ისტორია ,,ვენდისში” სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის დროს დაიწყო. მას შემდეგ 6 წლის განმავლობაში 6 პოზიცია შეიცვალა და ახლა ,,ვენდისისა” და ,,დანქინის” საოპერაციო დირექტორის პოზიციას იკავებს. გიორგი HR hub-ს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა და ახალგაზრდებს რჩევებიც მისცა.

HR hub: გიორგი მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი ,,დანქინთან” და ,,ვენდისთან” ურთიერთობა?

ისევე როგორც სტუდენტების უმეტესობამ, მეც გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. მიზანი იყო მენახა ისეთი კომპანია, რომელსაც ექნებოდა სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკი. გამოჩნდა ,,ვენდის” რესტორნების ქსელი, რომელშიც გასაუბრებების საფუძველზე მივედი. სწორედ გასაუბრებით დაიწყო ჩემი და ,,ვენდის” ურთიერთობა. ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო, პირველად მომიწია მესაუბრა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე დამსაქმებელთან. ,,დანქინი” ასპარეზზე გამოჩნდა, ვენდისში ნამუშევარი 4 წლის შემდეგ, დანქინი იყო და არის ძალიან საინტერესო გამოწვევა, ახალგაზრდული, ენერგიული გარემოთი და უსწრაფესი რეჟიმით.

HR hub: როდესაც მუშაობას იწყებდით სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, წარმოიდგენდით რომ რამდენიმე წელში საოპერაციო დირექტორი გახდებოდით?

ალბათ ყველა დასაქმებულს აქვს ამბიცია საკუთარი შესაძლებლობები გამოცადოს ამა თუ იმ პოზიციაზე, ყოველთვის მქონდა ინტერესი ფართო სპექტრში დამენახა პროცესები, თუმცა ნამდვილად არ წარმომედგინა თუ მომიწევდა ,,ვენდისისა” და ,,დანქინის” საოპერაციო დირექტორობა.

HR hub: გახსოვთ თქვენი პირველი სამუშაო დღე?

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო დღე. ეს იყო ძალიან ბევრი დადებითი ემოციის ერთობლიობა. როდესაც მორჩა ,,ვენდისის” პირველი რესტორნის მშენებლობა, ჩაირთო დანადგარები, შევავსეთ პირველი დღის სამუშაო გეგმა და გადავნაწილდით პოზიციებზე, მაშინ მომცეს ჩემი პირველი სამკერდე სახელობითი ნიშანი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს.

დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორედ პირველი სამუშაო დღე განსაზღვრავს თუ რამდენად საინტერესოდ წარიმართება კომპანიასა და დასაქმებულს შორის ურთიეთობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი დღის ეფექტი რამდენიმე თვე გამყვა, აურაცხელი ადამიანი, თანამშრომლების გუნდურობა, დამფუძნებლებისა და ადმინისტრაციის თანადგომა, აი ეს განცდები ძალიან კარგად მახსოვს. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც წვლილი შევიტანეთ პირველი რესტორნის გახსნაში, სრულიად საქართველოს გავაცანით რა არის ,,ვენდისი” და რაოდენ მნიშვნელოვანია მომხმარებლების კმაყოფილება. მიმაჩნია, რომ ეს დავალება საკმაოდ წარმატებით შეასრულა გუნდმა.

HR hub: როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

ჩემი წარმატება განაპირობა ინტერესის განცდამ, განვითარების დაუოკებელმა სურვილმა, შრომისმოყვარეობამ და კრეატიულობამ. ძალიან ვაფასებ იმას, რომ თითოეული ამ უნარის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თვითონ ,,ვენდისმა”. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა გუნდურობის წვლილს წარმატებაში. რესტორნის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას მყავდა შეუდარებელი გუნდი, სწორედ მაშინ დავაფასე თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთების როლი წარმატებაში.

HR hub: როგორი იყო გზა სერვისის კონსულტანტის პოზიციიდან საოპერაციო დირექტორობამდე?

ალბათ არც ერთი კარიერული გზა არ არის ადვილად გასავლელი. ჩემი გამოცდილებით მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები და ტრიუმფები ქმნიან კარიერული და ინტელექტუალური ზრდის პრეცენდენტს.

გზა სერვისის კონსულტანტის პოზიციიდან საოპერაციო დირექტორობამდე იყო ძალიან საინტერესო, ამ კომპანიებში 6 წლიანი მუშაობის მანძილზე ეს ჩემი მე-6 პოზიციაა რაც გულისხმობს, რომ გარკვეული გამოცდილება და ცოდნა შევიძინე როგორც რესტორნის შიგნით, ასევე ცენტრალურ მენეჯმენტში.

საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებში გავიზარდე, როგორც ასაკობრივად, ასევე კარიერულად. ამ წლების განმავლობაში მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობის. ვისწავლე ბიზნესის მართვის საფუძვლები და განვავითარე სხვა ის უნარები, რომლებიც არამარტო ,,ვენდისსა” და ,,დანქინში”, არამედ ცხოვრებაშიც არანაკლებ საჭიროა.

HR hub: რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თქვენთან სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობას.

ამ ადამიანებს ვურჩევ, იყვნენ მიზანდასახულები და ინტერესიანები. ყოველთვის არსებობს გზა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. წარმატების გზაზე ბევრი დაბრკოლებაა, რომელთაც არ უნდა შეუშინდნენ, ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. განსაკუთრებული, რაც შემიძლია ყველა ახალგაზრდას ვუთხრა არის ის, რომ არასდროს დანებდნენ და არ ჩაიქნიონ ხელი, იყვნენ მიმართული პირადი, პროფესიული და კარიერული სრულყოფილებისკენ, სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ,,ვენდისი” და ,,დანქინი” ადამიანებს აძლევს საშუალებას იყვნენ წარმატებულები და გამორჩეულები!

დაიწყეთ კარიერა თქვენც:

  •  
  •  
  •  
  •