შემოგვიერთდით

დიანა ბურდული – HR-ზე ერთი ნახვით შეყვარებული პროფესიონალი

დიანა ბურდული სერტიფიცირებული HR პროფესიონალია, ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

მასთან საუბრისას მიხვდებით, რომ საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულია და როგორც ამბობს, HR ერთი ნახვით შეუყვარდა. ამჟამად Japan Tobacco International-ის  ტალანტების განვითარების მენეჯერია კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). კარიერული ამბების გარდა, დიანას ვესაუბრეთ დასაქმებასთან დაკავშირებულ ბევრ მნიშვნელოვან  საკითხზე და საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მივიღეთ.

HR hub: დიანა მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ.

სკოლა რუსეთში დავამთავრე და მშობლების გადაწყვეტილებით უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში ჩავაბარე, დამთავრებული მაქვს იმ დროს არსებული, ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტი და სპეციალობით ინგლისური და გერმანული ენების თარჯიმან-მთარგმნელი ვარ. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე პროფესიული განათლებაც მიმეღო და გავხდი სერტიფიცირებული HR პროფესიონალი, CIPD Associate, რითიც ძალიან ვამაყობ.

HR hub: როგორ აღმოჩნდით ადამიანური რესურსების სფეროში? 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამსახურის ძებნა დავიწყე, ასე მოვხვდი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟირების პროგრამაში. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სამსახურის დაწყებამდე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დამტოვეს ერთი თვით გარკვეული საქმის შესასრულებლად. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, მივხვდი რომ საქმე მაინტერესებს. ჩემმა იმდროინდელმა უფროსმა კიდევ ცოტა ხნით დარჩენა მთხოვა, მერე კიდევ და ასე დავრჩი განყოფილებაში. დიდი გამოცდილება მივიღე და შემდეგ კიდევ რამდენიმე კომპანიაში მქონდა ბედნიერება მესწავლა HR პროცესები და პრინციპები. ვმუშაობდი, USAID პროექტში (CHF International), საქართველოში ეუთოს მისიაში (OSCE Mission to Georgia) და სულ რამდენიმე დღის წინ გახდა 10 წელი რაც კომპანია Japan Tobacco International-ის ოჯახის წევრი ვარ.

HR hub: ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ რეკრუტინგში. თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით?

სამყარო გიჟური ტემპით ვითარდება და ეს ყველა სფეროზე ვრცელდება. ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების და მოზიდვის ტრენდებიც საგრძნობლად შეიცვალა. ადრე თუ მეტი ყურადღება ეთმობოდა კანდიდატის გამოცდილებას, ახლა აქცენტი კეთდება უნარებსა და დამოკიდებულებაზე. წინა პლანზე იწევს agility ანუ ინფორმაციის ათვისების უნარი და სისწრაფე. თანამედროვე სამყაროში სიხისტე და ძველ მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობა, აღარა არის საკმარისი წარმატებისათვის.

HR hub: უამრავ ადამიანთან ჩაგიტარებიათ გასაუბრება. რა პრობლემას აწყდებით ხოლმე ყველაზე ხშირად ახალგაზრდებთან გასაუბრების დროს?

თავს უფლებას მივცემ რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

  1. მოემზადეთ  – ძალიან მნიშვნელოვანია ვაკანსიაზე განაცხადის დროს, კანდიდატი იყოს მომზადებული.  ფლობდეს ინფორმაციას კომპანიასა და პოზიციაზე. წარმატებული კარიერა ბედნიერ ქორწინებას ჰგავს, ქორწინება კი მაშინაა ბედნიერი თუ ორივე მხარე თავს თანასწორუფლებიანად და კომფორტულად გრძნობს. გასაუბრების დროს კომპანიის წარმომადგენელი ცდილობს ამოიცნოს რამდენად შეეფერებით კომპანიას და პოზიციას. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ კანდიდატსაც ჰქონდეს გარკვეული მოლოდინი და ისიც აფასებდეს შესაძლებლობას.
  2. მოეკიდეთ სერიოზულად – წინასწარ ჩაუტარეთ საკუთარ თავს გასაუბრება. თქვენ რა კითხვას დაუსვამდით თქვენს მფლობელობაში მყოფი კომპანიისთვის, რომ ეძებდეთ კადრს? მოამზადეთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც მეტყველებს თქვენს წარმატებულ პროექტებსა თუ ძლიერ მხარეებზე. დროულად მიბრძანდით გასაუბრებაზე და 5 წუთით დაგვიანებულიც კი, ნუ დაუწყებთ მტკიცებას, რომ სხვა დროს ძალიან პუნქტუალური ხართ, შანსი დაკარგულია.
  3. ამბიცია-აისბერგი – ჯანსაღი ამბიცია ძალიან კარგია, თუმცა, ნებისმიერი წარმატებული პროფესიონალი ამ სტატუსს დიდი შრომის და მონდომების შედეგად აღწევს. არ შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და კომპანიის ხელმძღვანელი გახდე, ამისთვის უნდა იშრომო, დაისახო მიზანი, გადალახო წინააღმდეგობები. როგორც ძველი ჩინური ანდაზა ამბობს „ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი სულ პატარა, პირველი ნაბიჯიდან იწყება“. ამ ნაბიჯების ერთობლიობას მივყავართ იქ სადაც გვინდა რომ მივიდეთ, ჭოკით ხტომა მხოლოდ სპორტია, კარიერაში სხვანაირად ხდება.

HR hub: როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ხშირ შემთხვევაში არასწორ ადგილზე ვხვდებით და ამას როდესაც ვიაზრებთ, უკვე გვიანია.

საკუთარი თავის პოვნა ნამდვილად რთულია. ხშირად მიზეზი არის მშობლების, სანათესაოს და სრულიად საზოგადოების მოლოდინი ბავშვის მიმართ. ბავშვს და შემდგომ მოზარდს ძალიან ბევრი „საჭიროა“ და „უნდა“ ხვდება ცხოვრების გზაზე. ეს მისი ცხოვრების მარშრუტზე გავლენას ახდენს. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაუყონებლივ უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში, უნდა იმუშაოს კარგ ოფისში, უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, უნდა ჰყავდეს მანქანა, უნდა, უნდა, უნდა, უნდა …

რა თქმა უნდა ყველა მშობელს საუკეთესო უნდა საკუთარი შვილისთვის, თუმცა მშობლების და შვილების წარმოდგენა ბედნიერ მომავალზე ხშირად აცდენილია. ახალგაზრდას  საშუალება უნდა მიეცეს სცადოს სხვადასხვა სფერო, აკეთოს ის, რაც აინტერესებს და მიხვდეს თუ რა არის მისი ნამდვილი გატაცება. მე ძალიან მომწონს ახალი თაობა. ისინი ბევრად თავისუფლები არიან და მე მჯერა მეტი და მეტი ადამიანი პროფესიის არჩევის დროს მხოლოდ საკუთარ სურვილებს და გატაცებებს დაეყრდნობა.

HR hub: გაქვთ ტალანტების აღმოჩენის უნიკალური ხერხი? აი რომ შეხედავთ და მაშინვე ხვდებით ეს ის არის, ვისაც ეძებდით.

ძალიან მინდა ჯადოსნური ჯოხი მქონდეს და 100%-იანი სიზუსტით ვხედავდე კანდიდატს, თუმცა ასე არა არის. ჩემი ჯადოსნური რეცეპტი მდგომარეობს სწორედ აგებულ შერჩევის პროცესზე და ჩემს გამოცდილებაზე. კანდიდატის შერჩევისას მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული რა პროფილს ვეძებ და ასევე სათანადოდ მაქვს მოფიქრებული შერჩევის რა ეტაპები დამჭირდება და რისთვის. აინშტაინის ცნობილ გამონათქვამს მოვიშველიებ „ყველა გენიოსია, თუმცა თუ თევზზე იმსჯელებთ მისი ხეზე აძრომის უნარის მიხედვით, ის მთელი ცხოვრება დარწმუნებული იქნება საკუთარ უუნარობაში“. ყველა ადამიანი არის განსაკუთრებული და განსხვავებული, თუ მე ვიცი ვის ვეძებ და შერჩევის სწორ ფაზებს (ინსტრუმენტებს) მოვიშველიებ, შეცდომის ალბათობაც მინიმუმამდე დავა.

HR hub: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვითხარით რა არის ყველაზე დიდი მოტივატორი ადამიანისთვის?

უნიფიცირებული მოტივატორი რომ არსებობდეს ეს ძალიან გააადვილებდა საქმეს. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, ორი ერთნაირი არ არსებობს, ის რაც ერთისთვის მოტივატორია მეორესთვის დემოტივატორია. მარტივი საიდუმლო იმაშია, რომ თანამშრომელს უნდა უსმინო, ზრუნავდე მასზე და ცდილობდე შექმნა საუკეთესო სამუშაო პირობები.  

HR hub: რომელ ცნობილ ადამიანს ჩაუტარებდით გასაუბრებას და რას ჰკითხავდით პირველად?

სიამოვნებით გავესაუბრებოდი გრეტა სანბერგს, ეს პატარა და ასეთი ძლიერი ადამიანი ჩემთვის მაგალითის მომცემია. ჩემი პირველი კითხვა ალბათ იქნებოდა:  რა არის იმ საოცარი სიძლიერის საიდუმლო და წყარო, რომელმაც ის სოლო-მეომრად აქცია.

HR hub: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლო მომავალში პოზიცია მეცვლება და ჩემი მიზანი იქნება მალე ავითვისო ახალი საქმე და მქონდეს საშუალება განვახორციელო საინტერესო ინიციატივები და პროექტები.

HR hub: და ბოლოს, რომ არა HR რომელ პროფესიას შეითავსებდით?

ბიზნეს აპლიკაციების ანალიტიკით ვარ გატაცებული.  მაინტერესებს როგორ შეიძლება ბიზნესის სხვადასხვა სფეროს გათვალისწინებით და გაანალიზებით შეიქმნას ახალი აპლიკაციები და სისტემები, რომლებიც გაამარტივებს მუშაობას. სიამოვნებით შევისწავლიდი ამ საქმეს.

  •  
  •  
  •  
  •