შემოგვიერთდით

ნინო ჯინჯოლავა: ,,რომელიღაც მეორე გოგო სადღაც თავისთვის შრომობს, იმისთვის რომ ოჯახი არჩინოს, იმისთვის, რომ მეტს მიაღწიოს, იმისთვის რომ ისწავლოს … მაგრამ, ის “მონაა”

ყოველი წლის 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. არაერთი პოსტი მიეძღვნა სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემას. გთავაზობთ „HR პარტნერსის” დამფუძნებლის ნინო ჯინჯოლავას პოსტს, რომელიც შრომის ბაზარზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხება.

,,დღეს შრომის დღეა. არა მუშების, არა მონების, არა კომუნისტების, არამედ – შრომის!

სამწუხაროდ, სულ ვლაპარაკობთ სამუშაო პირობებზე, რომ სამსახური ადგილი უნდა იყოს რომელიც გვაბედნიერებს, სადაც მიგვიხარია და მიგვეჩქარება, სადაც ყველა ერთი გუნდი ვართ და ა.შ. მაგრამ, არასდროს ვახალისებთ ადამიანის შრომას. მხოლოდ სპორტსმენებისგან და ხელოვანებისგან თუ მსმენია, რომ იმისთვის რომ მათ პროფესიაში მიაღწიო წარმატებას შრომაა საჭირო. სინამდვილეში კი, განა ყველა პროფესიას შრომა არ სჭირდება, განა შესაძლებელია წარმატებას შრომის გარეშე მიაღწიო ?!

სულ მესმის და ჩვენც ტაშს ვუკრავთ და ნწ-ნწ-ნწ- თი უარყოფითად ვაქნევთ თავს, როცა ამა თუ იმ მარკეტის კონსულტანტის მორიგი “მონობის” ისტორია გვესმის.

უკვე მეორე კვირაა თვალყურს ვადევნებ გოგონას, თამარაშვილი-პავლოვის გადაკვეთაზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი, ფეხზე დგას ქუჩაში, წვიმაში, ქარში, მზეში, ხელში წარწერით – “ვაგროვებ გიტარის ფულს”. საკმაოდ მძიმედა საშიშ პირობებში უწევს “მუშაობა”, მაგრამ თითოეულ მანქანასთან საოცარი ღიმილით მიდის და სთხოვს ფულს. დღეს ახალი წარწერით შემხვდა “გიტარის ფული შევაგროვე, ახლა ვაგროვებ დრამის ფულს” – ისევ მხიარული, ისევ ღიმილით.

ჩაუვლის რომელიღაც მაღაზიის ჩვენს მიერ არაერთხელ გამოლანძღული და უჟმურად შერაცხული კონსულტანტი და იფიქრებს, რომ იმისთვის რომ მიზანს მიაღწიო, შრომა და მუშაობა არაა საჭირო. საჭირო ფორმით, საჭირო ხალხს სთხოვე და საკმარისიაო.
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ნეტა თუ დათანხმდება ეს გოგო, კონსულტანტის ვაკანსიას ?! – ალბათ არა იმიტომ რომ, სამსახური “სამოთხე” უნდა იყოს და არ არის, იმიტომ რომ კონსულტანტობა ტეხავს, იმიტომ რომ იქ “მონობას”, – აქ მათხოვრობა ჯობია, იმიტომ რომ იქაური ხელფასით 2 კვირაში გიტარას ვერ იყიდი, იმიტომ რომ …

ახლა ველოდები, როდის მიიწვევენ ამ გოგონას რომელიმე სატელევიზიო შოუში და როგორ “ყოჩაღს” დაუძახებს მთელი ერი  არა და რომელიღაც მეორე გოგო, სადღაც თავისთვის შრომობს, იმისთვის რომ ოჯახი არჩინოს, იმისთვის, რომ მეტს მიაღწიოს, იმისთვის რომ ისწავლოს … მაგრამ, ის “მონაა” და ნწ-ნწ-ნწ-ა.

და მერე დავსხდეთ და ვიმსჯელოთ გადინებაზე, არაპრესტიჟულ, დეფიციტურ პოზიციებზე, მოტივაციის თანამედროვე ტენდენციებზე, იმ თანამშრომლებისთვის, ვინც თავს მონად თვლის და ვისაც ვეუბნებით რომ სამსახური ბედნიერების ადგილია და არა შრომის.
თითქოს ეს შრომაც, კადრებივით, – კომუნისტურია და შრომის პროპაგანდა და შრომით მოტივირება უკადრებელი.

საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული მინდა ვუსურვო ყველას და ბევრი მშრომელი თანამშრომელი.” – წერს ნინო ჯინჯოლავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *