შემოგვიერთდით

,,ყველაზე დიდი წარმატებაა, რასაც აკეთებ იმაში იპოვო შენი წილი ბედნიერება” – რუსუდან თელია

საკმარისია ოფისში შეგხვდეს და ცუდ ხასიათზეც, რომ იყო განწყობა შეგეცვლება. მუდმივად მომღიმარია და მისგან საოცარი სიმშვიდის შეგრძნება მოდის.

პროფესიით ფსიქოლოგია. ამბობს, რომ თავის პროფესია ძალიან უყვარდა და ახლაც ძალიან უყვარს. ოცნებობდა ფსიქოთერაპევტობაზე, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ფსიქოლოგობა ძალიან გამოადგა, როგორც პირადი ცხოვრების მართვაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში, როგორც კვლევით სფეროში, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისას. რუსუდან თელიამ, კარიერა ინტერვიუერის პოზიციით დაიწყო და დღეს გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ,,ეისითი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და  აღმასრულებელი დირექტორია.

HR hub: რუსუდან მოგვიყევით იმ გზის შესახებ, რომელიც ACT-მდე გაიარეთ. 

სტუდენტობიდან ჩართული ვიყავი სხვადასხვა კვლევით პროექტში და მივხვდი, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. ამ ინტერესიდან გამომდინარე, თავი ამოვყავი კვლევით კომპანიაში ინტერვიუერის პოზიციაზე, თუმცა ეს არ იყო სრული განაკვეთით სამუშაო. ჩემი პირველი საოფისე საქმიანობა ოფის მენეჯერობა იყო ერთ-ერთ აიტი კომპანიაში. პარალელურად კვლევით პროექტებში ჩართვაზე უარს არასოდეს ვამბობდი. ძალიან მალე დავიწყე მუშაობა კვლევით კომპანიაში პროექტის კოორდინატორად, მოგვიანებით გავხდი საველე დეპარტამენტის მენეჯერი. 7 წლის მუშაობის შემდეგ თავი დავანებე სამსახურს და სხვადასხვა საერთაშორისო  ორგანიზაციაში დამოუკიდებელ მკვლევარად გავაგრძელე საქმიანობა. ეს პერიოდი პროფესიული ზრდისთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და ACT-ის ურთიერთობა?

,,ეისითის” იდეაზე ფიქრი, ჩემი მეგობრის, ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ამჟამად ეისითის გენერალური დირექტორის, თიკა რუხაძის სამზარეულოში დაიწყო. ზუსტად მახსოვს ის დღე, როცა  ეისითის (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) სახელი დაიბადა. მახსოვს ის ემოციაც, რამხელა ამბიცია და იდეა ჩავდეთ ამ სახელში –  ,,ეისითი” უნდა ყოფილიყო გამორჩეული მონაცემთა ანალიტიკის სიღრმით და ამავე  დროს ეს ყველაფერი კომპანიებისთვის – მაქსიმალურად გამოყენებადი პრაქტიკული თვალსაზრისით. ძალიან გვჯეროდა ჩვენი იდეის უნიკალურობის და ბაზარზე საჭიროების, გამბედავებიც აღმოვჩნდით.

დავტოვეთ იმ დროისთვის მაღალანაზღაურებადი სამსახურები და 2002 წელს ,,ეისითი” ოფიციალურად დავაფუძნეთ. პეკინზე პატარა ოფისი ვიქირავეთ, რომელიც საკუთარი ხელებით გავარემონტეთ და დიდი გულმოდგინებით შევუდექით კომპანიის შენებას. პირველი წლები ძალიან რთული იყო, ბევრი შრომა, გათენებული ღამეები, თავიდან დიასახლისის დაქირავების ფულიც არ გვქონდა და მორიგეობით ვრეცხავდით ჭურჭელს, შედეგმაც არ დააყოვნა და ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. 2008 წელს უკვე ბაზრის ლიდერები გავხდით.

HR hub: 2015 წლიდან ACT-ის აღმასრულებელი დირექტორი ხართ. როგორია თქვენი მართვის სტილი?

ვფიქრობ ძალიან დემოკრატიული. 3 წლის წინ ახალი პროფესიაც შევიძინე – ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი გავხდი. შესაბამბისად, მენეჯმენტში ამ მიდგომას ვემხრობი და ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ ლიდერის / მმართველის უმთავრესი ამოცანაა, პირველ რიგში შექმნა სივრცე, ეკოსისტემა, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება და სადაც ადამიანები თავად მონაწილეობენ იღებენ კომპანიის განვითარებაში, სადაც კარგად ესმით კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და თავად აქტიურად არიან ჩართულები გამოწვევების დაძლევისა და მიზნების დასახვაში. მე მჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მართვის პირობებშია შესაძლებელია თანამშრომლების მოტივაციის ზრდა და მათი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია. ჩვენ ამ კულტურის დანერგვას ვუწყობთ ხელს და ამ პროცესში მენეჯმენტის გუნდის ცალკეული წევრის პასხუსიმგებლობა ძალიან მაღალია.

ეისითის ძალიან ღირებულებებზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენთვის ჯერ ფასეულობებია და მერე პროფესიოანლიზმი. უფრო სწორედ ფასეულობები ჩვენთვის პროფესიონალიზმის განუყოფელი ნაწილია.

HR hub: როგორ ფიქრობთ რა განსხვავებაა ქალ ხელმძღვანელსა და კაც ხელმძღვანელს შორის?

კარგმა მართვამ სქესი არ იცის, თუმცა ვფიქრობ ქალ მმართველებს თანამშრომლების მხარდაჭერა უფრო კარგად გამოსდით, უფრო ემპათიურები არიან. განსხვავებით ქალებისგან, კაცი მმართველები უფრო მეტად ამბიციურები არიან, რისკის მოყვარულები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რეალობაც ხომ ასეთია, მსხვილი ბიზნესების დიდ ნაწილს კაცები მართავენ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ბალანსი ყველაზე საუკეთესოა. მენეჯმენტის გუნდი, სადაც კაცები და ქალები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი, საუკეთესო შედეგებს დებს.

HR hub: ეთანხმებით აზრს, რომ დაგვიანების გამო თანამშრომლებს ჯარიმა უნდა ეკისრებოდეთ?

ამ შემთხვევაში საერთოდ არ მესმის ჯარიმის არსი. კომპანია ჯარიმებით და შიშით არ უნდა იმართებოდეს. მთავარია არსებობდეს შეთანხმებები სამუშაო კულტურასა და წესებზე, რომლებსაც თანაშმრომლები იზიარებენ. ჩვენი სამუშაო კულტურისთვის ერთ-ერთი საბაზისოა პასუხისმგებლობა. ამ ნიშნით აგვყავს თანამშრომელი ნებისმიერ პოზიციაზე. ჩვენთვის მთავარია მიზნების მიღწევა, განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, შეცდომებზე სწავლა და არა ის, თუ რამდენ ხანს ატარებს ოფისში. შესაბამისად, ვზომავთ შედეგებს და არ აღვრიცხავთ დაგვიანებებს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ეს მხოლოდ გვეხმარება წარმატების მიღწევაში.

HR hub: სად უშვებენ მენეჯერები ყველაზე დიდ შეცდომებს?

მენეჯერები ბევრ შეცდომას უშვებენ ხოლმე, მაგრამ რამდენიმე ფუნდამეტური შეცდომა მგონია:

  • უჭირთ თანამშრომლების მოსმენა და ზედმეტად მგრნობიარენი (ან საერთოდ არ იღებენ) არიან კრიტიკული მოსაზრებების მიმართ. ეს ლიდერისთვის ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს;
  • ზოგიერთი მენეჯერი არ თვლის საჭიროდ ჩართონ თანამშრომლები მიზნებისა და თუ სტრატეგიების შემუშავებაში. თვლიან, რომ საკმარისია შენ უთხრა და ის ვალდებულია გააკეთოს. რაც მეტად ესმის თანამშრომელს მიზანი და მის მიღწევაში მისი მოსაზრებებიც გათვალისიწინებულია, მით მაღალია მისი მოტივაცია და ლოიალობა კომპანიის მიმართ;
  • როდესაც მენეჯერი დარწმუნებულია გადაწყვეტილების სისწორეში მაგ. თანამშრომლის გაშვებასთან დაკავშირებით და ვერ ახორციელებს, ვერ პოულობს ფორმას ამისთვის, ეს როგორც წესი უკუშედეგებს იწვევს, შესაძლოა გაღრმავდეს კონფლიქტი, დემოტივაცია და შესაბამისად გაიზარდოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა.

HR hub: ლიდერობა თანდაყოლილია თუ ისწავლება?

ვფიქრობ სწავლებადია, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით შესაძლებელია ამ უნარის განვითარება. თუმცა ზოგადად ბუნებით პოზიტიური ენერგეტიკისა და კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე ადამიანები  უფრო მალე აღწევენ აღიარებას ამ მიმართულებით.

HR hub: სირთულეებთან გამკლავების თქვენი ხერხი ხომ არ გაქვთ?

პირველ რიგში მეხმარება ფიქრი, რომ სირთულე დაძლევადია, მთავარია შიშზე მაღლა დგომა და სწორი სტრატეგია. მე ძალიან კარგად ვიღებ გარემოს დახმარებას, ეს სამყარო ძალიან გულღია და მხარდამჭერია, მთავარია დაინახო და მიიღო. მადლობა ღმერთს, მყავს ჭკვიანი და ერთგული მეგობრები, ვის აზრს და რჩევას დიდ პატივს ვცემ და რაც მთავარია, მჯერა მათი სიყვარულის.

HR hub: ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

ჩვენი გუნდის ყველაზე დიდ მიღწევად ,,ეისითი” მიმაჩნია – კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავისი მკვეთრად გამოხატული კულტურა გააჩნია. პირადად, ყველაზე დიდ მიღწევად ჩემი პიროვნული ზრდა მიმაჩნია – რაც მეხმარება იმაში, რომ შეცდომები გამოცდილებად ვაქციო, მუდმივად ვიპოვო ჩემში ენერგიისა და პოზიტივის წყარო და რაც მთავარია, სხვებსაც გავუზიარო.

HR hub: თქვენი აზრით, რა გამოსდით ქალებს ყველაზე კარგად?

თავდადება და პასუხისმგებლობის აღება.

HR hub: წარმატების რეცეპტი არსებობს?

არ ვიცი რამდენად რეცეპტია, მაგრამ ყველა წარმატებას საფუძვლად უდევს ძლიერი სურვილი ემსახურო შენთვის ღირებულს და მნიშვნელოვანს, მოგწონდეს და გაბედნიერებდეს პროცესი და არ დაიციკლო შედეგზე. მუდმივად ავითარებდე საკუთარ თავს, ნებისმიერ გამოწვევაში დაინახო ზრდის შესაძლებლობა და შეცდომა გარდაქმნა გამოცდილებად. შეცდომების მიუხედავად, განაგრძო გზა ენთუზიაზმის დაკარგის გარეშე, დააფასო ადამიანები შენ გარშემო და გასცე მაქსიმალურად.

ზოგადად ყველაზე დიდი წარმატებაა, რასაც აკეთებ იმაში იპოვო შენი წილი ბედნიერება.

  •  
  •  
  •  
  •