შემოგვიერთდით

შრომის უსაფრთხოება ან სამუშაო კულტურა! ან როგორც გენებოთ!!!

ხშირად, სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გვხვდება სტატიები ან ბლოგები შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით.

ზოგი მიიჩნევს რომ ეს სფერო მძიმე ტვირთია ბიზნესისთვის, ზოგს მიაჩნია, რომ სტრუქტურულ ერთეულებს ან კონკრეტულ (აკრედიტებულ პროგრამა გავლილ) პირს შეუძლია მართოს პროცესები, ზოგი თვლის რომ მხოლოდ იმიტომ უნდა გქონდეს შრომის უსაფრთხოების სისტემა, რომ დააკმაყოფილო კანონის მოთხოვნები. არც ერთი არ გახლავთ ზუსტი პასუხი, თუ რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება თავის თავში.

ჩვენი ქვეყანა შრომის უსაფრთხოების სფეროს დანერგვა განვითარებას ახლა იწყებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ რა გზით და რა საშუალებებით მოხდება თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი. დიახ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლებიც სულ სხვა ფორმით თუ მიდგომით გვირჩევს ვმართოთ და განვავითაროთ ეს სფერო.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა ინდუსტრიაში მრავალი წლის გამოცდილებით და ეს ნამდვილად ჩვენი ქვეყნის უპირატესობაა, უბრალოდ გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტორს, პირობითად, კარგი ინჟინერი აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მას გააჩნია კარგი სამუშაო კულტურა. მაგალითად თუ ,,კარგი ინჟინერი’’ ხშირად იგვიანებს სამსახურში, არ იყენებს პირად დამცავ საშუალებებს, არ ეცნობა კომპანიის უსაფრთხო მუშაობის პროცედურებს, არ იცის თუ რა არის მისი კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, არ ესწრება უსაფრთხოების შეკრებებს, ბილწსიტყვაობს და ილანძღება სამსახურში, არ ცნობს აკრძალულ ზონებს და სხვა….იგი არის მხოლოდ ,,კარგი ინჟინერი’’ და ამ სტატუსით ,,თვითკმაყოფილი’’ აგრძელებს უამრავი თავის კოლეგისა და თანამშრომლისთვის ,,მაგალითის’’ მიცემას. ბიზნესის მფლობელი არც არის ინფორმირებული ასეთი მდგომარეობით, თუმცა რომც იყოს მაინც ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ,,კარგი ინჟინერი’’ მისი მეგობარი ან ბიძაშვილია, და არ ღირს მისი განაწყენება…..

შრომის უსაფრთხოება არ ნიშნავს პირდაპირ კანონთან შესაბამისობას, ამას ვერც მოვახერხებთ თუ მას არ აღვიქვამთ სწორად და არ გვესმის მისი ფილოსოფია, თუ არ გვაქვს სწორი მოლოდინი და თუ ვერ ვხვდებით მისი უპირატესობის არსს. შრომის უსაფრთხოება არაფერია მეტი თუ არა ,,კარგი სამუშაო კულტურა’’. როდესაც თქვენ ბისზესში გაქვთ ,,კარგი სამუშაო კულტურა’’ მაშინ მიღწევადია ყველა წარმატება რაც დაგეგმილი გაქვთ, თუ მხოლოდ ფასადურად ცდილობთ შრომის უსაფრთხოების პრინციპების დანერგვას, რომ მხოლოდ რომელიმე მარეგულირებლის ვიზიტი დააკმაყოფილოთ, მაშინ ის ინვესტიცია რაც გასწიეთ სწორედ ამ ფასადური ,,სისტემების’’ შექმნაში, წყალში გადაყრილად ჩაითვლება, რადგან მსგავსი ,,ფასადური’’ აქტივობები მხოლოდ მოკლევადიანია და გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს.

კარგი შრომის კულტურა ან სამუშაო კულტურა ნიშნავს: მაღალ ხარისხს, ახალ დამკვეთს, ახალ ინვესტიციებს, დადებით სტატისტიკას სხვადასხვა მიმართულებით, კვალიფიციურ პერსონალს, ნაკლებ ინციდენტებს, ნაკლებ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს, პერსონალის მაღალ სულისკვეთებას, კომპანიის პრესტიჟს, კანონებთან შესაბამისობას და სხვა მარავალ სიკეთეს…

ეცადეთ დანერგოთ კომპანიებში ,,კარგი სამუშაო კულტურა’’ და წაახალისოთ უსაფრთხო ქმედებები, მართეთ ეს სფერო პროფესიონალებთან ერთად, ეცადეთ ,,კარგ ინჟინრებს’’ ასწავლოთ ,,კარგი სამუშაო კულტურა’’.

სტატია მოამზადა SafCo-ს დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap