ვაგრძელებთ რუბრიკას ,,უხუცესი თანამშრომელი” და გაგაცნობთ 74 წლის ქიშვარდ კაპანაძეს, რომელიც კომპანია ,,ჩირინას” ბიუ-ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელია.ახალი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა, სწორედ მას ეხება. სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში. 1969 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების ფაკულტეტზე, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობაზე. სწავლის პერიოდში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ ,,ენერგოქსელ პროექტში“.
HR hub: ბატონო ქიშვარდ როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?
1976 წელს დავიწყე მუშობა ,,თბილქალაქ პროექტში“ სადაც ვეწეოდი შრომით საქმიანობას ორგანიზაციის გაუქმებამდე. 2011 წელს დაიწყო შპს ,,ჩირინას“ მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობა, კომპანიის დირექტორმა, ბატონმა რევაზ ვაშაკიძემ შემომთავაზა აღნიშნული კომპლექსის დამხმარე ნაგებობების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, მშენებლობის ზედამხედველობის სამუშოები.
HR hub: რამდენად მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკშიც იმუშაოს ადამიანმა და გააგრძელოს საქმიანობა?
ჩემი აზრით, ადამიანის ცხოვრების არსი იმაშია, იმოძრაო სანამ ენერგია გაქვს მოდუნება დაძაბუნების ტოლფასია, ასე რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
HR hub: როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა პროფესია სწორად აირჩიოს?
პროფესიის არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ერის განვითარება ხდება მაშინ, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს. სამწუხაროდ ჩვენში აქამდე მიმბაძველობის და პრესტიჟულობის მიხედვით ირჩევენ პროფესიას.
HR hub: მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას?
ახალგაზრდებს ვურჩევ მოწოდების მიხედვით აირჩიონ პროფესია. წარმატებას რომ მიაღწიო უნდა გიყვარდეს ის სამუშაო, რასაც ასრულებ.
HR hub: გაქვთ ოცნება, რომელიც ჯერ არ აგსრუელებიათ, მაგრამ იმედია გაქვთ რომ ერთ დღეს აუცილებლად ახდება?
ადამიანი იმედით ცოცხლობს და ჩვენი ხალხი საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლის ჭკუას, იაზროვნებს და იმოქმედებს ისე როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება, ჩემი ოცნებაც ესაა.
თანამშრომლები ქიშვარდ კაპანაძის შესახებ:
რევაზ ვაშაკიძე შპს ,,ჩირინას“ დირექტორი
ქიშვარდი 8 წელია ჩვენი თანამშრომელია, არის მაღალკვალიფიციური კადრი და ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს. კომპანიის ყველა ობიექტი მისი პროექტების მიხედვითაა აშენებული. ბატონ ქიშვარდს მადლობას ვუხდით წლების მანძილზე გაწეული ერთგული სამსახურსთვის.
მევლუდ მაჭარაშვილი -ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
ქიშვარდის ვიცნობ 2010 წლიდან და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ნაცნობობისა, მე მას უფროს მეგობრად ვთვლი. ბატონი ქიშვარდი გამოირჩევა საოცარი იუმორით და გარშემომყოფებისადმი თბილი დამოკიდებულებით. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამორჩეული თავმდაბლობის უნარი, უდიდესი შინაგანი კულტურა, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი.
ბატონი ქიშვარდი თავისი საქმის პროფესიონალი და შრომისმოყვარე ადამიანია. ყოველთვის პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯება. ერთნაირად წარმატებით უმკლავდება როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სამუშაო დავალებებს. მას აქვს გასაოცარი ინტელექტი. ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად, მათთვის რჩევების მისაცემად, თანაც უანგაროდ. ჰყავს შესანიშნავი ოჯახი და შვილები.
მე ბედნიერი ვარ რომ ,,ჩირინას” მშენებლობის პროცესში მის გვერდით მომიწია მუშაობა და ეჭვიც არ მეპარება, რომ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ ერთად.