შემოგვიერთდით

გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ლოპოტაზე დასაქმებული ადამიანები

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი ,,ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს უნივერსიტეტისფერმერთა ასოციაციის კრედო ბანკის  და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ,,თელავი ჯობსის”, შედაგად დასაქმდნენ. ამ ჯერად წარმოგიდგენთ ანა აბულაძეს, რომელმაც ლოპოტაზე სუვენირების მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.

ანა აბულაძე – 22 წლის. ცხოვრობს ქ. თელავში, მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. წელს დაამთავრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. აქამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია. „ლოპოტა“ მისი პირველი ნაბიჯია კარიერული თვალსაზრისით. უყვარს ხალხთან ურთიერთობა და უხარია რომ „ლოპოტაზე“ უამრავ საინტერესო სტუმართან უწევს შეხვედრა და კომუნიკაცია.

 HR hub: რატომ გადაწყვიტთელავის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება ?

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მინდოდა, რომ დრო აღარ დამეკარგა და მალევე დავსაქმებულიყავი. როგორც კი ამ ფესტივალის შესახებ შევიტყვე, ვიფიქრე რომ ეს შანსი აუცულებლად უნდა გამომეყენებინა, უნდა მეცადა ბედი და გაამართლა კიდეც. დღეს „ლოპოტას“ გუნდის წევრი ვარ და ვფიქრობ აქ ძალიან დიდი პერსპექტივა მაქვს კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.

HR hub: საიდან გაიგეთ ,,თელავი ჯობსის” შესახებ ?

უნივერსიტეტში სწავლისას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ჩემს ლექტორ-მასწავლებლებთან. ხშირად ვეხმარებოდი მათ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში, ვიღებდი მათგან სასარგებლო რჩევებს. ფესტივალის შესახებაც ერთ-ერთი ლექტორისგან შევიტყვე. მიხარია, რომ დავუჯერე და მივიღე მონაწილეობა.

HR hub: რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს, რომლებიც ფიქრობენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა მსგავსი ტიპის დასაქმების ღონისძიებებში ?

ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, არ დასჯერდნენ მხოლოდ სივების გაგზავნას, თავად იაქტიურონ და აუცილებლად გამოუვათ ყველაფერი. დასაქმების ფესტივალები ძალიან კარგი შანსია იმისთვის, რომ პირადად შეხვდე, გაიცნო სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი და შემდეგ თავად აირჩიო რა მიმართულებით წახვიდე.