მთავარ საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალს www.HRhub.ge, საქართველოს უნივერსიტეტის რუბრიკა ,,განათლება გაგამდიდრებს“ ემატება.ჩვენ გაგაცნობთ საქართველოს უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
გაიგებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უნივერსიტეტში სწავლისას და როგორ უნდა ისარგებლოთ იმ უამრავი შესაძლებლობით, რომელსაც გთავაზობენ.
ჩვენ არა მარტო კურსდამთავრებულების, არამედ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორების შესახებაც გიამბობთ.
,,განათლება გაგამდიდრებს” რუბრიკის პირველი სტუმარია დემეტრე შანშიაშვილი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიანტია.
,,2010 წელს როცა საქართველოს უნივერსიტეტში ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი რომ აქ მექნებოდა საშუალება: მესწავლა, დამეშვა შეცდომები და მიმეღო რჩევები სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან. საქართველოს უნივერსიტეტი იყო ჩემი პირველი არჩევანი სასურველი უნივერსიტეტების სიაში.
ბაკალავრიატზე სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ კლუბებში. აქ მიღებულმა პირველმა პროექტ-მენეჯერულმა გამოცდილებამ საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა ჩემი ტექნოლოგიებითა და კვლევით დაინტერესებაში. საბოლოოდ, ჩემი კარიერის ბოლო 5 წელი დაეთმო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური ბაზრის კვლევასა და განვითარებას.
Fulbright-ის პროგრამამ დამაინტერესა, როგორც საშუალებამ დამენახა და გამომეცადა განსხვავებული კულტურა და მიდგომები ტექნოლოგიების მიმართ. ერთწლიანი შესარჩევი პროცესის შემდეგ, Rensselaer Polytechnic Institute (RPI)-ში მივიღე დაფინანსება ტექნოლოგიების კომერციალიზაციის და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამაზე და გავხდი პირველი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტმა ამ პროგრამაზე მიიღო.
საინტერესოა, რომ UG-სა და ამერიკულ განათლებას შორის საკმაოდ ბევრი მსგავსება დავინახე, მათ შორის, კავშირი სფეროში მომუშავე ლექტორებთან და ყურადღება სტუდენტური აქტივობების მიმართ, რაც ხელს უწყობს პრაქტიკულ განათლებას.” – დემეტრე შანშიაშვილი.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. აღსანიშნავია, რომ დემეტრე საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიდან ფულბრაიტის პროგრამის მესამე სტიპენდიანტია.