HRhub.ge – წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: #გასაუბრება, რომელიც მახსოვს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაიხსენებენ იმ გასაუბრებებს, რომლებმაც კარგი თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მათ ცხოვრებაში და დღემდე ახსოვთ.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი გიორგი კალატოზიშვილი.
გასაუბრება, რომელიც მახსოვს, იყო დაახლოებით 10-11 წლის წინ, როდესაც ვფიქრობდი სამუშაო გარემოს შეცვლაზე და გავაგზავნე რეზიუმე რამდენიმე სერიოზულ, ცნობილ კომპანიაში. სულ მალე დამიკავშირდნენ ერთ-ერთი ორგანიზაციიდან, რომელიც მოღვაწეობდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და საკმაოდ ცნობილიც იყო თავისი საადვოკაციო საქმიანობით.
მეორე დღეს მთხოვეს მივსულიყავი გასაუბრებაზე. დავთქვით დრო. მივედი რამდენიმე წუთით ადრე, რადგან მინდოდა გასაუბრებამდე კარგად მენახა გარემო და სამუშაო პირობები. ნანახით კმაყოფილი დავრჩი და, აი, დირექტორმაც მომიხმო კაბინეტში, თავაზიანად მომესალმა, ჩამომართვა ხელი და მიმითითა მის წინ დადგმულ შავი ტყავის სავარძელზე. „რა იცით ჩვენ შესახებ?“ მკითხა საქმიანად და პასუხის მოლოდინში გადაიწია სავარძელზე უკან. რა თქმა უნდა, „საშინაო დავალება“ მზად მქონდა და ალბათ ისეთი დეტალებიც ვუთხარი კომპანიის შესახებ, რომელიც თავად არ ახსოვდა უკვე… ამის შემდეგ იყო ყველაზე საინტერესო, რასაც დასასრულის დასაწყისს უწოდებენ – მიმითითა რეზიუმეზე და შემაქო „თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, მათ შორის IT სფეროში მუშაობის… როგორ ფიქრობთ, როგორ დაგეხმარებათ ეს გამოცდილება ამ თანამდებობაზე?“
ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ ჩემ რეზიუმეზე მიმითითებდა, რომელშიც მსგავსი არაფერი მეწერა. მაინც ჩავიხედე და დავინახე, რომ დირექტორი მიუთითებს ვებგვერდების ბმულებზე, რომლებიც მქონდა მიწერილი ყველა კომპანიის გასწვრივ, რომელშიც მიმუშავია. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ პოტენციურ დამკვეთს შესძლებოდა ყოფილი დამსაქმებლის გადამოწმება და ჰქონოდა მეტი ნდობა.
უხმოდ ამოვხედე, ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ეს იმ კომპანიის ბმულია, რომელშიც ვმუშაობდი… უხერხული სიჩუმე ჩემმა „ნახვამდის!“ დაარღვია. აღარ მინდოდა ყოფნა იქ, სადაც მომდევნო წლები მომიწევდა ასეთ ადამიანებთან მუშაობა. ერთი შეხედვით არაფერი იყო ამაში საგანგაშო, მაგრამ, მეორეს მხრივ, თავისი ქმედებით ამ ადამიანმა აპრიორი მოახდინა საკუთარი ყურადღების, დამოკიდებულების, დავალების, ანალიტიკური უნარის, გამოცდილების, მენეჯერული უნარების დისკრედიტაცია.