თუ კი საღამოს სასიამოვნო გარემოში, ცოცხალი მუსიკის ფონზე გემრიელი კერძების მირთმევა გადაწყვიტეთ, ამისთვის ,,ღუმელი“ ნამდვილად კარგი არჩევანია. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ,,ღუმელი” მალევე იქცა ყველასთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად. უნდა გაგიმართლოთ, რომ შაბათ-კვირას ჯავშნის გარეშე თავისუფალი ადგილი ნახოთ. აქ დაგხვდებათ ულამაზესი თბილისის ხედი, სასიამოვნო მუსიკა და მომღიმარი მომსახურე პერსონალი. თუმცა დამეთანხმებით და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ ადგილებში გემრიელი კერძებია. სასტუმრო იოტა კი, სადაც ,,ღუმელი” მდებარეობს ამით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ ვესაუბრეთ კარლო ასათიანს, რომელიც 2017 წლიდან IOTA HOTEL TBILISI-ის შეფ-მზარეულია.
HR hub: როგორ აღმოჩნდით მიუნხენის ერთ–ერთ ცნობილ რესტორან “Florian“-ში sous-chef-ის თანამდებობაზე?
Sous-chef-ის თანამდებობაზე აღმოვჩნდი ორ წლიანი დაუღალავი შრომის და საკუთარი თავის განვითარების სწრაფი ტემპის შედეგად.
HR hub: რა მოგცათ გერმანიაში გატარებულმა 8 წელმა?
იქ გატარებულმა 8 წელმა შემძინა დიდი გამოცდილება, გავეცანი მსოფლიოს სხვადასხვა ერების კულინარიულ კულტურას.
HR hub: რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?
ძალიან მომწონს ქართული და იტალიური სამზარეულო, ეს ორი არის ჩემი ფავორიტი.
HR hub: როგორ აღწერდით ,,იოტას“ მენიუს? როგორი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?
რაც შეეხება მენიუს, გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქედან გამომდინარე გათვლილია ყველა ტიპის სტუმარზე.
HR hub: რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ მენიუში?
სიახლეს ხშირად ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს. უახლოეს მომავალშიც ვგეგმავთ, რომ განსხვავებული კერძებით გავაოცოთ ჩვენი მომხმარებლები.
HR hub: რომელია თქვენი საფირმო კერძი, რომლის დაგემოვნების გარეშეც არ უნდა დატოვოს სტუმარმა ეს ადგილი?
რთულია კონკრეტულად რომელიმე კერძზე საუბარი, რადგან ჩვენი მენიუ მდიდარია ისეთი კერძებით, რომლებიც მომხარებლებში აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, რომელსაც განსხავებულად ვამზადებთ: ხინკლის სუპი და ჩვენს ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპურის ჩხირები.
HR hub: მოგვიყევით როგორია ახალი კერძის შექმნის პროცესი? საიდან იღებთ შთაგონებას?
სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებით, ინგრედიენტებისა და არომატების შეთავსებით იქმნება ჩვენი ახალი კერძები. როგორც კი იდეალურ შედეგს მივაღწევთ, შემდეგ ხდება ამ კერძების მიწოდება მომხმარებლამდე.
HR hub: დაგვიტოვეთ ერთი ნებისმიერი კერძის რეცეპტი, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად გავაკეთებთ.
ორაგულის სტეიკი (150-200გ) დავდოთ ფოლგაზე, მოვაყაროთ მარილი, პომიდვრის კუბები მცირე რაოდენობით, კაპერსი და დაკეპილი კამა.
ზემოდან დავადოთ ორი თხლად დაჭრილი ლიმნის სლაისი და დავასხათ თეთრი მშრალი ღვინო (30მლ).
შევკრათ ფოლგა და გამოვაცხოთ ღუმელში (200°c) 12 წუთის განმავლობაში.