რევაზ ნებაძე უკვე 25 წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მას საბერძნეთში საკუთარი კომპანია აქვს, სადაც 8 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. რას საქმიანობს ReNe Coffee Roasters და როგორ შეძლო რევაზმა საბერძნეთში საკუთარი ბიზნესის დაწყება სტატიიდან შეიტყობთ.
HR hub: რამდენი ხანია რაც საბერძნეთში ცხოვრობთ ?
საბერძნეთში პირველად 1993 წელს ჩამოვედი.
HR hub: აქ რას საქმიანობდით ?
საქართველოში დავამთავრე ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დასრულებისთანავე ჩამოვედი საბერძნეთში.
HR hub: თქვენი კომპანიის შესახებ, რომ გვითხრათ. რა კომპანიაა, რა სერვისი გაქვთ ?
2016 წელს ჩამოვაყალიბე კომპანია ReNe Coffee Roasters. კომპანია მაღალი ხარისხის ყავის გარდა აწარმოებს სხვადასხვა სახის შოკოლადის სასმელს. გვაქვს 28 სახის ჩაი. ვამარაგებთ კაფეებსა და ზღვისპირა პატარა სასტუმროებს ნახევარ კუნძულ ხალკიდიკზე. პირადად ვატარებ სემინარებს ყავის დამზადების და ყავის საფუძველზე კოქტეილების შექმნის შესახებ.
HR hub: საიდან გაგიჩნდათ აღნიშნული კომპანიის შექმნის იდეა ?
საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე მუშაობა ყავის სფეროში. რადგან ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ყავის მომზადება და მომხმარებელთან მიტანა იმ სახით, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ესპანეთში და იტალიაში გავიარე სწავლება ყავის მოხალვის სფეროში. Speciality Coffee Association of Europe (SCAE) სერტიფიკატის აღების შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემი ყავის ბრენდის შესაქმნელად.
HR hub: რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული ?
კომპანია ReNe-ში დასაქმებულია 8 ადამიანი.
HR hub: რას ურჩევდით საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება ?
დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი საკმაოდ სარისკო საქმეა ახლანდელ საბერძნეთში. ამიტომ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ თავისი ბიზნესის წამოწყება ვურჩევ, კარგად გაერკვიონ კანონმდებლობაში, იყოლიონ კარგი ეკონომისტი, რადგან შედეგი დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, შრომის მოყვარეობაზე და რაც მთავარია მონდომებაზე.