შემოგვიერთდით

თამარ გაგოშიძე: როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის პიროვნების განვითარებას?

ბავშვთა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ თიბისი სტატუსის შეხვედრაზე ისაუბრა თემაზე “თავისუფლება და პასუხისმგებლობა – როგორ დავიცვათ ბალანსი ბავშვის აღზრდაში?” თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა რაც აქტიურად იმართება შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ ფორმატს განეკუთვნებოდა. ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ ის მთავარი საკითხები, რაზეც თამარ გაგოშიძემ ისაუბრა და რაც, ბავშვის აღზრდასა და მის პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

,,ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არის პატარა და ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი. ამის გაცნობიერება მშობლებს ძალიან უჭირთ.

2 წლის ასაკშიც, ბავშვს უკვე ეწყება განცდა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირება და აქედან იწყება სადღაც უკვე 3 წლისთვის მე-ს განცდა. ეს შემთხვევითი არ არის. ამით ბავშვი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან უკვე გაიგო რომ ის არ არის ასე ვთქვათ თქვენი დანამატი.

ამ პერიოდში ჩვენ ამ მე-ს განვითარებას ხელი უნდა შეუწყოთ ისე, რომ მე არ ჩავახშოთ, მაგრამ ამ მე-მ სხვისი მე-ს გათვალისწინება უნდა ისწავლოს და აი აქ არის ჩვენი პრობლემა. როდესაც მშობელი ამბობს, რომ მე ვერ შევუზღუდავ თავისუფლებას ჩემს ბავშვს, ამისთვის ვმუშაობ და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს. ესეთი მსჯელობა ხშირია, რადგან ჩვენ ვერ ვიგებთ რას ნიშნავს თავისუფალი პიროვნების აღზრდა. აი სწორედ ის, რომ ბავშვს აქვს თავისი მე და მან იცის, რომ გავლენას მოახდენს სხვებზე, აქედან იწყება მისი ისტერიკები, რაც საზღვრების მოზომაა. მე როგორც ინდივიდი, სხვა ადამიანებთან ურთეიერთობაში ვზომავ ჩემს საზღვრებს. სადამდე მოვახერხებ მანიპულაციას. მე განვითარებად პროცესში ვარ, არ მაქვს ნებელობა და როცა არავინ საზღვარს არ მიწესებს, ჩემი ტვინი ვერ იგებს როგორ მოახერხოს იმპულსის შეკავება, გადავადება და სხვა ადამიანის გათვალისწინება.

ჩვენ ბავშვს არ უნდა ავუკრძალოთ გარემოს გამოძიება. უსაფრთხო გარემოს შექმნით მას უნდა მივცეთ თავისუფლება. ეს არის დასაბამი კომპეტენტურობის განცდის, რომ მას შეუძლია დაბრკოლების გადალახვა თვითონ თქვენი დახმარების გარეშე. მას შეუძლია მიზნის მიღწევა. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. მე, როგორც ეგოცენტრული არსება ვერ ვითვალისწინებ თქვენს აზრს, მე ჩემი მოთხოვნილება მაინტერესებს. შესაბამისად თქვენ თუ ყოველთვის დააკმაყოფილეთ ჩემი მოთხოვნები ყოველგვარი პირობების გარეშე, ჩემი ტვინი ვერ ისწავლის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გათვალისწინებას, სხვისი პოზიციის გაგებას და ეს თვისება საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ ბავშვი გაიზარდოს თავისუფალ ადამიანად და პატივი სცეს სხვის თავისუფლებას, სხვის პოზიციას, ეს არის აღზრდის მთავარი საკითხი. არც საბავშვო ბაღში და არც ოჯახში ძირითადად ყურადღება ამას არ ექცევა. ჩვენ ძირითადად შემეცნებით განვითარებას ვაქცევთ ყურადღებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის და შემდგომი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ემოციურ განვითარებას, ემოციურ რეგულაციას და მისი ქცევის თვითრეგულაციის განვითარებას.

ჩვენ არ ვაძლევთ თავისუფლებას გარემოს გამოძიებაში, ექპერიმენტების ჩატარებაში, იმიტომ რომ ჩვენ ამის ნერვები არ გვაქვს. რადგან შენც უნდა ჩაერთო და ეს უნდა იყოს ერთობლივი აქტივობები.

6 წლის ასაკი ითვლება სასკოლო მზაობის ასაკად. სკოლისათვის მზაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნებელობის განვითარება.  რა არის ნებელობა? მე რაც არ მინდა ის, რომ უნდა გავაკეთო. მე რაც არ მომწონს, მაგრამ გავითვალისწინო ვიღაცეები. შესაბამისად პასუხისმგებლობაც რეალურად ასე ვითარდება. ეს ნიუანსები არის მნიშვნელოვანი სკოლაში წასვლისთვის. სხვანაირად ბავშვი საზოგადოებაში და ოჯახში ვერ იფუნქციონირებს. თავის ინტელექტსაც და თავის შესაძლებლობებსაც ესე ვერ გამოამჟღავნებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამზადებთ ბავშვს ამ პერიოდისთვის, რომ სკოლაში ის იყოს დამოუკიდებელი ადამიანი თავის მოთხოვნილებების ტყვეობაში არ იყოს და შესაბამისად შეძლოს ის, რომ მასწავლებლის მოთხოვნა გაიგოს, თავის კლასელებთან ითამაშოს და კონფლიქტი არ მოუვიდეს იმიტომ რომ მას როგორც უნდა ისე უნდა მოიქცნენ ყველა დანარჩენები. თქვენ თუ მე მაძლევთ ყველაფრის საშუალებას ან არაფრის უფლებას არ მაძლევთ, ეს არ არის ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის სასარგებლო.

ჩვენ ბავშვს უნდა ვასწავლოთ თავის არჩევანზე, თავის ქცევის შედეგზე  პასუხისმგებლობა თვითონ აიღოს. არა დედამ, არა მამამ, არა ბებიამ მთელი ცხოვრება ასეა და ჩვენი საზოგადოება შესაბამისად უპასუხისმგებლოა. ეს 3 წლის ბავშვმაც უნდა იცოდეს. მისი ქცევის შედეგი რომ დადგება, ეს არის მისი არჩევანი და ეს არის თავისუფლება. ამაზე პასუხი თვითონ უნდა აგოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მის მაგივრად ვიცხოვროთ და ასეა მთელი ცხოვრება მერე.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაზე ვატიროთ ბავშვები და რაზე არ ვატიროთ. უნდა ვიცოდეთ რა ავუკრძალოთ და რა არა. რეცეპტი არ არსებობს. ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე, რას გვინდა რომ მივაღწიოთ.

ბალანსის დაცვა შეზღუდვებსა და თავისუფალ მოქმედებას შორის არის ნებელობის საკითხი, კარგი ნებელობის მქონე ადამიანი ახერხებს დაიცვას თავისუფალი არჩევანის და სხვისი გათვალისწინების ბალანსი და ამას ბავშვობიდან უნდა ვაჩვევდეთ ჩვენს ბავშვებს.” – თამარ გაგოშიძე ბავშვთა ფსიქოლოგი