საქართველოში ადამიანური რესურსების სფეროში თინათინ ბონს თითქმის ყველა იცნობს.
ის წლების განმავლობაში ,,ჯეოსელის” ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამჟამად თიკა Evolution Gaming-ის ლატვიისა და რუმენეთის HR-ის უფროსია, რომელიც ასევე უძღვება ბრიტანეთის, ნიდერლანდების და ესტონეთის ოფისებს.
HR hub: თიკა ადვილად მიიღე ლატვიაში გადასვლის გადაწყვეტილება?
გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ჯეოსელიდან უკვე წამოსული ვიყავი და ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობდი. ამ ეტაპზე, საკონსულტაციო საქმიანობა ჩემი მოღვაწეობის სფერო ჯერ არ იყო. მე კორპორატიულ გარემოში კარგად ვგრძნობ თავს. ყველაზე პროდუქტიული ვარ იქ, სადაც ბიზნეს პროცესებზე ვახდენ ეფექტურ გავლენას და მხოლოდ რჩევებით არ შემოვიფარგლები. ძალიან მომწონს ლატვია და ყოველ დილას სასმახურში მისვლა მიხარია. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სწორი გადაწყვეტილება იყო.
HR hub: რას საქმიანობს კომპანია Evolution Gaming?
“Evolution Gaming” შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live თამაშების გადაწყვეტილებებს და გასართობ პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან და წლებია, მსოფლიო მასშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს.
HR hub: შენ ახლა ჩაბარებული გაქვს 5 ქვეყნის HR მიმართულება. როგორ ახერხებ ამდენი ქვეყანის ერთად ხელმძღვანებლობას?
ეს არ არის ამ კუთხით ჩემი პირველი გამოცდილება. მთავარია კარგი გუნდი გყავდეს და ენდობოდე იმ ადამიანებს, ვინც HR-ის საოპერაციო ნაწილზეა პასუხისმგებელი. არაჩვეულებრივი და შეკრული გუნდი გვყავს რაც საქმეს სასიამოვნოს ხდის. ჩვენ მუდამ ხაზზე ვართ ერთმანეთთან და გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები ისე, რომ ყველას ჰქონდეს რამდენიმე საინტერესო პროექტი ჩაბარებული. ჩემთვის Agile მუშაობის პრინციპი ძალიან მისაღებია და IT კომპანიაში სხვანაირად ვერც იმუშავებ.
HR hub: რა სირთულეებს წააწყდი ახალ კომპანიაში გადასვლის დროს?
სირთულეებს არ დავარქმევდი. უფრო გამოწვევებს წავაწყდი. ძალიან სწრაფად უნდა გავცნობოდი ჩემთვის სრულიად უცხო ბიზნეს მოდელს. ბევრი პროცესი ერთდროულად უნდა მემართა, გადაწყვეტილელები სწრაფად მიმეღო და ახალ გარემოში დამეწყო ცხოვრება. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჩემი გუნდის გაძლიერება იყო. ასევე კოლეგების ნდობა მოვიპოვე და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ. უფროსშიც ძალიან გამიმართლა. ჩემი ხელმძღვანელი სრულ თავისუფლებას მაძლევს და ნებისმიერ დროს მზად არის დამეხმაროს. უკვე 6 თვეა რაც Evolution-ს შევუერთდი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წლებია აქ ვმუშაობ.
HR hub: რით განსხვავდება შერჩევის კრიტერიუმები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
შერჩევის კრიტერიუმი დამოკიდებულია კომპანიაზე და პოზიციაზე. ქვეყნის კულტურული ფაქტორი კი უკვე შედეგზე ახდენს გავლენას. ჩვენს შემთხვევაში მასშტაბი იმდენად დიდია, ხშირია თანამშრომლებისთვის ლოკაციის შეცვლა, ამიტომაც ჩვენი შრომის ბაზარი მთელი მსოფლიოა.
HR hub: რას ნიშნავს შენთვის, რომ იყო HR ბიზნეს პარტნიორი?
ის რასაც დევიდ ულრიჰი გულისხმობდა HR ბიზნეს პარტნიორში და ის რაც დღეს არის სახეზე, საკმაოდ განსხვავდება. ჩემი აზრით ეს მუშაობის სტილია. HR ბიზნეს პარტნიორის დამოკიდებულებით უნდა უდგებოდეს საქმეს ყველა HR-ი, ხელმძღვანელი თუ ასისტენტი. ჩვენ თუ არ შევცვალეთ ჩვენდამი მიდგომა, არ გავერკვიეთ ბიზნესში და მმართველ მაგიდასთან არ დავიმკვიდრეთ ადგილი, კიდევ ბევრი წელი მითითებების შემსრულებელი ფუნქციის იმიჯს შევინარჩუნებთ.
HR hub: შენი აზრით, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ქართველი HR მენეჯერები?
შეცდომების დაშვება დამოკიდებულია ადამიანზე და გარემოზე, სადაც ის ოპერირებს. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. ჩემი აზრით HR-ის უდიდესი შეცდომაა ეგოცენტრულობა და არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. HR-ს შეუძლია ააყვავოს ან გაანადგუროს კომპანიის კლიმატი, ამიტომაც მთავარია დარჩე თავმდაბალი – Humble.
HR hub: აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
რაღაც ეტაპზე აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების დიდი წლები ჯერ კიდევ წინ მაქვს.