შემოგვიერთდით

კარგად გამოძინებული თანამშრომლები უფრო წარმატებულები არიან, ვიზრუნოთ ძილის ხარისხზე?!

ბოლო პერიოდში გამოკვლეული, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ტენდენციების მიხედვით, უძილობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და გლობალური ტიპის პრობლემაა. ძილის ნაკლებობით გამოწვეული უსიამოვნებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.მაგალითისთვის, არასრული ძილი ცალსახად ცუდ გავლენას ახდენს დასაქმებულთა კმაყოფილებაზე, მოტივაციასა თუ ქცევის ნორმებზე. ამგვარი პრობლემები უფრო ხშირად ტოპ მენეჯმენტში გვხვდება, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ქვედა რგოლის თანამშრომლებშიც ვრცელდება.

უძილობით გამოწვეულ დაავადებათა სიაში ასევე გვხვდება ისეთი მძიმე პრობლემები, როგორიცაა კარდიოვასკულარული დაავადებები, აბსენტიზმი, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. 2016 წლის RAND-ის კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად უძილობისგან გამოწვეული სამსახურებრივი ზარალი 200000 არაეფექტური სამუშაო დღეა! კვლევის ავტორების განმარტებით, ეს შედეგი დაახლოებით 37 მილიარდი ფუნტის ზარალს წარმოადგენს.

შესაბამისად, ისმის კითხვა, რატომ არ გვძინავს საკმარისად? რატომ ვაძლევთ ამ პრობლემას ჩვენი პირადი თუ კარიერული ცხოვრების განადგურების უფლებას? მარტივი პასუხის მიხედვით, უძილობის მთავარ გამომწვევ მიზეზად სამსახურებრივი ცვლები, სხვადასხვა დროით ზონებში მუშაობა და მოგზაურობა სახელდება. გარდა ამისა, ხელოვნური შუქი და ტექნოლოგიების ძილის წინ გამოყენება, ისევე როგორც სტრესი და დედლაინები, ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცუდად დაგეძინოთ.

ამ სიტუაციის ფონზე, ის ბიზნესები, რომლებიც შეეცდებიან თავიანთი თანამშრომლებისთვის ძილის პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას, არა მხოლოდ შეინარჩუნებენ და გაზრდიან მათ ლოიალურობას, არამედ საკმაოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ. მიზეზი საკმაოდ მარტივია: როგორც აღვნიშნეთ, ძილის პრობლემები კარიერულ კიბეზე მაღლა ასვლასთან ერთად იმატებს. შესაბამისად, მაღალი რგოლის მენეჯერები ყველაზე მეტად არიან ზემოხსენებული საფრთხეების ქვეშ მაშინ, როცა მათზე მთლიანად კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობაა დამოკიდებული.

ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის კვლევების შედეგად, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ტოპ მენეჯერები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა ის მთავარი სფეროები და კრიტიკული ზონები, რომლებშიც ძილის ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემები ყველაზე მტკივნეულად ვლინდება. ამ სფეროებში შედიოდა მენეჯმენტის სტილის ადეკვატური, სიტუაციაზე მორგებული ცვლილებები, ანალიტიკური აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი და სტრატეგიული ხედვების არსებობა.

წარმოიდგინეთ ტოპ მენეჯერი, რომელსაც უძილობის გამო (რისი მიზეზიც შეიძლება, თქვენი არასწორი კორპორატიული კულტურა იყოს) ამგვარი პრობლემები ექმნება, მისცემდით მას კომპანიის სათავეში დგომის უფლებას? ალბათ არა, რადგან ცხადია, ეს თქვენს ბიზნეს რისკებს ერთი-ორად გაზრდიდა. მეორე მხრივ, ძილის ნაკლებობა მხოლოდ ტოპ მენეჯერებზე არ ვრცელდება. ჰალტის კვლევებმა გარკვეული თაობათაშორისი განსხვავებებიც გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სხვა თაობის წარმომადგენლებთან შედარებით ბევრად მეტი საათი სძინავთ, უძილობის გავლენა მათზე უფრო მტკივნეულად ისახება, ვიდრე ასაკიან ადამიანებზე. მაგალითად, 20-34 წლის გამაოკითხულთა 75%-მა უძილობის მთავარ გამოვლინებად მთელი დღის განმავლობაში ემოციური ჯანმრთელობის შერყევა დაასახელა, მაშინ როცა ამ პრობლემებს ასაკოვანი დაქირავებულების მხოლოდ 54% აღნიშნავს. აღნიშნული განსხვავება ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ 50+ დაქირავებულთათვის ძილის მნიშვნელობა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებზე.

მიუხედავად ამისა, HR მენეჯერებისთვის უძილობა თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა იყოს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრული თანამშრომლების შემთხვევაში. ჩვენი კვლევების მიხედვით, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი საკმარის ყურადღებას არ აქცევს ძილის მნიშვნელობას ადამიანის პროდუქტიულობისა და კეთილდღეობისთვის მაშინ, როცა რეალური კორელაცია სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. დროა, HR-მა საკუთარი ფუნქცია და გავლენის სფერო სამსახურის კედლებს გარეთაც გაავრცელოს – როგორც ხედავთ, კარგად გამოძინებული თანამშრომლები, თქვენი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrmagazine.co.uk