შემოგვიერთდით

კონსტანტინე თოფურია: ,,დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების…”

Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ”  ჩატარდება. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვესაუბრეთ მის რექტორს კონსტანტინე თოფურიას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რა გამოარჩევს საქართველოს უნივერსიტეტს სხვა სასწავლებლებისგან?

საქართველოს უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს სწავლების მეთოდი, გარემო და ყველა ის პირობა, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს უქმნის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე ტიპის ინოვაციური განათლება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული მხოლოდ თეორიაზე, არამედ ეს არის ნაზავი თეორიას პლუს პრაქტიკა. ეს საშუალებას გვაძლევს სტუდენტებმა თეორიის სწავლის პროცესშივე გამოსცადონ საკუთარი თავი პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მხრივ უნივერსიტეტში არსებული რესურსები, როგორიცაა ლაბორატორიები, სტუდიები და ა.შ არის საუკეთესო დამხმარე საშუალება მათთვის.  ჩვენი მიზანია თოთოეულ სტუდენტს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც დაეხმარება მას გახდეს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზეც.

HR hub: როგორ შეძლო საქართველოს უნივერსიტეტმა ის, რომ კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია?

ეს ყველაფერი განპირობებულია ისევ და ისევ ინოვაციური სწავლის მოდელით. სტუდენტები პირველი კურსიდანვე სწავლობენ მათთვის საინტერესო სფეროს დეტალურად და სიღრმისეულად. ამასთან ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიან პრაქტიკოსი პროფესორ-ლექტორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს, ეს კი მათ ეხმარებათ გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

გარდა ამისა ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სამსახურიც, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული რჩევები, სანამ დამსაქმებელთან წარდგებიან. ამასთან აღნიშნული სამსახური  სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არჩევს ვაკანსიებს და რეგულარულად აწვდის მათ სტუდენტებს.
სწორედ, ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე და მათი  93% დასაქმებულია.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ მხარი დაგეჭირათ ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალისთვის ,,ჩვენ გეძებთ შენ“?

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად  ზრუნავს არა მხოლოდ ჩვენი  სტუდენტების დასაქმებაზე, არამედ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმებაზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენს უნივერსიტეტში შევქმენით ინოვაციების ცენტრი  – “start up factory, რომელიც ეხმარება დამწყებ სტარტაპერებს საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებაში და აძლევს მათ დაფინანსებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით დასაქმების ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები.

HR hub: როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალებზე?

საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე  მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი.  სპეციალურად მოწყობილ კუთხეში,  დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შეთავაზებებს. აგრეთვე გვეყოლება დამწყები სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს.

HR hub: რას ურჩევდით დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და სამსახურის ძიების პროცესში არიან?

დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების, სცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში და ნუ შეაშინებთ დაბრკოლებები.  დასაწყისი შეიძლება ყოველთვის რთული იყოს, თუმცა საჭიროა, საკუთარ თავში გადალახო გარკვეული ბარიერები.

ნებისმიერი საქმისთვის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ არ თქვათ უარი სტაჟირებებზე, გადამზადებაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.

https://www.facebook.com/TheUniversityOfGeorgia/