შემოგვიერთდით

“მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – თეიმურაზ არეშიძე

www.HRhub.ge – ის ახალი რუბრიკაში ,,უხუცესი თანამშრომელი” ჩვენ გიყვებით სხვადასხვა კომპანიის ყველაზე ასაკოვან თანამშრომლებზე და გიზიარებთ მათ გამოცდილებას.

რუბრიკის მეორე სტუმარია თეიმურაზ არეშიძე  გუდვილის 71 წლის თანამშრომელი, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარული ლაბორატორიის უფროსია.

HR hub: ბატონო თეიმურაზ, მოგვიყევით, პროფესიით ვინ ბრძანდებით?

პროფესიით ვეტერინარი ექიმი გახლავართ, ასევე ვარ ვეტერინარიის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი.

HR hub: გვიამბეთ სად მუშაობდით, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

„გუდვილამდე“ საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო ინსტიტუტში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე, კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. ვიყავი ინსტიტუტის რაიკომის უფლების მქონე კომკავშირის მდივანი, გაერთიანებული პროფკავშირების თვმჯდომარე და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი, საქართველოს აგრომრეწვის ტაბახმელის ბიოკომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეპიზოტოლოგიის კათედრის დოცენტი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ვეტერინარიული სექტორის გამგე.

HR hub: როგორ მოხვდით „გუდვილში“ და რამდენი ხანია რაც აქ მუშაობთ?

 „გუდვილში“ 2007 წელს მოვხვდი სრულიად შემთხვევით. მე დიდ დიღომში ვცხოვრობ და ვხედავდი, როგორ შენდებოდა და იქმნებოდა პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში. იმ პერიოდში „გუდვილში“ მიმდინარეობდა საძეხვე საამქროს მონტაჟი, რომელსაც აწარმოებდა ავსტრიული ფირმა „მატიმექსი“. მათი რეკომენდაციით შევხვდი „გუდვილის“ ხელმძღვანელობას  და მას შემდეგ ეს ჩემი მეორე ოჯახია.  ბევრგან მიმუშავია, მაგრამ „გუდვილი“ ერთადერთი და საუკეთესო კომპანიაა კოლექტივით, მენეჯმენტითა და თანამშრომელზე ზრუნვით.

HR hub: 71 წლის ხართ და კვლავ აქტიურად მუშაობთ. როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ასაკში მუშაობა?

მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ გაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ სფეროში და ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

HR hub: ვეტერინარულ-სანიტარული ლაბორატორიის უფროსობა ძალიან საპასუხისმეგბლო საქმიანობაა. რა შედის თქვენს ძირითად მოვალეობაში?

ძირითადი მოვალეობა არის ჯანმრთელი სასურსათო პროდუქტის შეთავაზება მომხმარებელისთვის. ამ კუთხით შეცდომის დაშვება გამორიცხულია.

HR hub: რატომ არის თქვენი საქმე საინტერესო?

იცით, რატომ არის ჩემი საქმე საინტერესო? გეამაყება რომ შენს მიერ ნებადართული სარეალიზაციო პროდუქცია უვნებელია მომხმარებლისთვის.

HR hub: დიდი გამოცდილება გაქვთ. რას ურჩევდით ახალგაზრდებს, მათ, ვინც ახლა იწყებს მუშაობას და პროფესიული გზის დასაწყისშია.

პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვურჩევდი გაეთვალისწინებინოთ გამოცდილი სპეციალისტების რჩევა. ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა და მიხარია რომ წლიდან წლამდე ამ დარგით დაინტერესებულთა რაოდენობა იზრდება.

HR hub: გაქვთ ოცნება, რომელიც ჯერ არ აგსრულებიათ?

დიახ, მაქვს. მინდა რომ ახალმა თაობამ საკუთარი ენერგია მოახმაროს ქვეყანას და ნაკლები სურვილი ჰქონდეს ქვეყნის გარეთ წასვლისა და დაფუძნების.