შემოგვიერთდით

„პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი

გთავაზობთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელსაც პრესსამსახური აქვეყნებს:

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე  მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას. კერძოდ:

  • პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • ასევე იქმნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
  • მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
  • ასევე გაჩნდება ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.
  • დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;
  • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;
  • ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების,კარიერული წინსვლის სისტემა;
  • იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების  აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
  • კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას, რომ დღეს მედია ოთახში გააკეთოს კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ.