შემოგვიერთდით

რა აბედნიერებთ თანამშრომლებს – ახალი კვლევის შედეგები

თანამშრომლების მოტივაციის სათანადო დონეზე შენარჩუნება ნებისმიერი კომპანიის HR დეპარტამენტის ფუნქციაა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ამ საკითხისთვის ადამიანურ რესურსებს დამოუკიდებელ თემად გამოეყო “ადამიანების მენეჯმენტი” თანამშრომლების კეთილგანწყობისა და კმაყოფილების მოპოვება მარტივი ნამდვილად არ არის. დღესდღეობით, ძალიან პოპულარულია ერთჯერადი, მოკლე პერიოდზე გათვლილი ბენეფიტები, რომლითაც კომპანიები ცდილობენ გუნდის მოტივაციის ამაღლებას და რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, არ მუშაობს.

Cyclescheme-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ერთჯერადი და ფიქსირებულ პერიოდზე გათვლილი ბენფიტები (ფულადი თუ სხვა ტიპის) არ არის ეფექტიანი საშუალება თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად.

გამოკითხული 1000-მდე დასაქმებულიდან, მხოლოდ მეოთხედი აღნიშნავს კმაყოფილებას სამსახურთან მიმართებით, მაშინ, როცა 58% ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების, მაღალი სამუშაო ნაკადისა და უსიამოვნო საოფისე პირობების გამო საკუთარ კარიერულ მომავალს დაუცველად მიიჩნევს.

აღნიშნული პრობლემებით დაზიანებული მოტივაციის ასამაღლებლად, კომპანიები გამოკითხულთა 23%-ს გარკვეული პერიოდულობით სთავაზობენ ერთჯერად ვაუჩერებს, სასმელს კომპანიის ანგარიშზე, სამსახურიდან ადრე გაშვებას და ა.შ. როგორც გამოკითხულები აღნიშნავენ, ბენეფიტები მუდმივ ხასიათს არ ატარებს და HR ამ ქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევებში მიმართავს, როცა პოზიტიური განწყობა ძალიან დაბალია, რასაც დაქირავებულების უმრავლესობა ნეგატიურ ტონად აღიქვამს. საპირისპიროდ, ერთჯერადი ბენეფიტებით კმაყოფილი მხოლოდ 15% აღმოჩნდა.

კვლევის მონაწილეთა სრულმა უმრავლესობამ ერთხმად აღნიშნა, რომ მათი კმაყოფილება ერთიორად გაიზრდებოდა ისეთი მრავალჯერადი ბენეფიტების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ოფისში ვარჯიშის შესაძლებლობა(34%), მეტად დაბალანსებული სამსახური და პირადი ცხოვრება(37%) და მენტალური შესვენებების აღების უფლება(28%).

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 47%-ს მსგავსი ერთჯერადი ბენეფიტების სისტემა კომპანიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძლივი სამუშაოების ასანაზღაურებელ ინსტრუმენტად მიაჩნია, ხოლო 37% თვლის, რომ ამგვარი გზებით ბიზნესი თავს არიდებს ხანგრძლივ პერსპექტივაში კეთილდღეობის ზრდისათვის რესურსების დაბანდებას.

Cyclescheme-ის დირექტორი ადრიან უორენი მიიჩნევს, რომ კომპანიებმა უკეთ უნდა გაიაზრონ კორელაცია სტაფის ბედნიერებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის.

„თანამშრომელთა ბედნიერებასა და მორალზე ზრუნვა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბიზნესისთვის, გახდეს წარმატებული ხანგრძლივ პერსპექტივაში. საქმე ისაა, რომ ერთჯერადად სასმლის ანაზღაურება ან საშოპინგო ვაუჩერის გადაცემა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. თუ გვინდა ნამდვილი ღირებულება შევქმნათ, საჭიროა თანამშრომელთა უფრო უკეთესი, მრავალჯერადი გზებით განვითარება და დასაჩუქრება“ – აცხადებს უორენი.

უორენმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბუნდოვანებებზე. ასეთ კომპლექსურ პირობებში, ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბედნიერი და ეფექტიანი თანამშრომლები, რომელთაც ერჯერადად სახლში ადრე გაშვებით ვერ მივიღებთ. საჭიროა მეტი ფიქრი და რესურსების გამოყოფა მათ კეთილდღეობაში.

საუკეთესო მიდგომა აქაც თითოეულ თანამშრომელთან ინდივიდუალური მიდგომა და მათი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისი ბენფიტების შეთავაზებაა.

რატი წიკლაური

წყარო: hrmagazine.co.uk