როგორ შთავაგონოთ ჩვენი თანამშრომლები? როგორ გავზარდოთ მათი მოტივაცია და კეთილგანწყობა? ეს ის კითხვებია, რომელიც, ალბათ, ჯერ კიდევ HR სფეროს გაჩენამდე არსებობდა და რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კრისტი ჰეჯისი(Kristi Hedges), ლიდერობის კომუნიკაციის ექსპერტი და ქოუჩი, რომელიც ტრენინგებს CEO-ებსა და სხვა აღმასრულებელ დირექტორებს უტარებს, თავის სახელგანთქმულ წიგნში(The Inspiration Code: How the Best Leaders Energize People Every Day) ცდილობს სიღრმისეულად დაგვანახოს ის პრაქტიკები და მიდგომები, რომლებსაც მსოფლიოს ლიდერები ადამიანთა შთაგონებისათვის იყენებენ.
ჰეჯისის გზამკვლევი სრულად მოიცავს შთაგონების აღძვრისა და კონტროლის პროცესს, რომელიც ექსპერტმა ასეულობით ინტერვიუს ჩატარებისა და კვლევების შედეგად შექმნა. მეთოდოლოგია, რომელსაც ავტორი „შთაგონების გზას“ უწოდებს, შედგება კომპლექსური ლიდერშიპის მიდგომებისგან, რომლებიც ავტორმა მარტივ, პრაქტიკულ ნაბიჯებად თარგმნა და გამარტივებული ენით მოგვაწოდა. ჩვენს სტატიაში სწორედ იმ მიდგომებსა თუ აღოჩენებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ჰეჯისმა შთამაგონებელი ლიდერების ცხოვრების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა:
- მოსმენა შთაგონების საუკეთესო გზაა
რამდენიც არ უნდა გვესაუბროს გამოცდილი ექსპერტი, უფროსი თუ ქოუჩი, მაინც არასდროს ვიქნებით იმდენად მოიტივირებული და შთაგონებული, რამდენადაც მაშინ, როდესაც ვამჩნევთ, რომ ვინმე ნამდვილად ისმენს ჩვენს პრობლემებს, რჩევებსა თუ იდეებს. „მამოტივირებელი“ ფრაზებისა და ვიდეოების შექმნა ყველას შეუძლია, მაგრამ შთაგონება მაშინ იწყება, როცა ლიდერი ჩუმადაა, გისმენთ. იმისთვის, რომ იყოთ შთამაგონებელი ლიდერი, პირველ რიგში სწორედ მოსმენა უნდა ისწავლოთ.
- პატარა მომენტებს დიდი ძალა აქვთ
ადამიანთა უმრავლესობისთვის, ყველაზე მეტად შთამაგონებელი მომენტი, რაც განვლილი ცხოვრებიდან ახსენდებათ, პირადი, გულახდილი საუბარია მეორე ადამიანთან. მცირედი, თუნდაც 10 წუთიანი გულახდილი საუბრის დროს გაცვლილი ინფორმაცია, შესაძლოა მთელი ცხოვრება შთამაგონებელი როლის მატარებელი იყოს. პირად საუბრებს შთაგონების გამომწვევი ძალა ნამდვილად ახასიათებთ. მაგალითად, თუ სასიამოვნო, თქვენთვის მისაღებ ადამიანთან საუბრობთ ცხოვრების მიზანსა და არსზე, დამეთანხმებით, რომ საუბრის შემდგომ გარკვეული პერიოდი აქტიურად დაფიქრდებით საკუთარ როლზე სამყაროში. ასეთი საუბრები ქმნიან ჩვენს მომავალ ინტერესებს, ჩვენს როლსა და მოტივაციას, მიზნებსა თუ ბედნიერებას.
- შესაძლებლობების შემჩნევას და აღიარებას ცხოვრების შეცვლა შეუძლია
ადამიანები, რომლებიც შთაგვაგონებენ და მოტივაციას გვიქმნიან, ასევე ზრდიან ჩვენს პოტენციალს, იმ ღირებულებებს და ძალას, რომელსაც თან ვატარებთ და რომლითაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. ხშირად, ჩვენ თავადვე არ ვიცით რა პიროვნულ პოტენციალს ვატარებთ. ისეთი ლიდერის არსებობა, რომელიც ამას ჩვენ მაგივრად შეამჩნევს, გარეთ გამოიტანს და ჩვენს თავს უკეთ დაგვანახებს, შთაგონების უძლიერესი მაგალითი იქნებოდა.
- ის ვინც შთაგვაგონებს, ჩვენგან არაფრით განსხვავდება
ფართოდ გავრცელებული მითის საპირისპიროდ, რომ შთამაგონებელი ადამიანები უნაკლო, ქარიზმატული ლიდერები არიან, ისინი რეალურად, ზუსტად ჩვენნაირი ადამიანები არიან – პრობლემებით, ნაკლოვანებებითა და კომპლექსებით. ნამდვილი ლიდერები არასდროს ეცდებიან თავი თქვენზე უკეთესად წარმოაჩინონ ან უნაკლოდ მოგაჩვენონ. საქმე ისაა, რომ მთავარი შთაგონების წყარო ავთენტურობაა, რომელსაც თამაშითა და ხელოვნური ქმედებებით ვერავინ შეძლებს. ინსპირაცია ემოციური კავშირით იწყება, ამიტომ დაიტოვეთ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ.
- ტექნოლოგია შთაგონებას კლავს
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის დადებით მხარეებზე არაერთხელ გვისაუბრია, როგორც აღმოჩნდა, ინსპირაციის პროცესში ყველაფერი საპირისპიროდაა. ფართო დისტანციები, ვირტუალი ურთიერთობები და პირისპირ საუბრების ნაკლებობა შთაგონების გავრცელების მთავარი მტერია. თუ გსურთ იყოთ რეალურად შთამაგონებელი ლიდერი, ურთიერთობების პროცესში ტექნიკაზე უარის თქმა მოგიწევთ.
საბოლოოდ, ჰეჯისი წერს, რომ შთაგონების უნარის მქონე ადამიანები რაიმე განსაკუთრებულ, თანდაყოლილ უნარ-ჩვევებს არ ფლობენ. მხოლოდ მოსმენის უნარი, სხვების პოტენციალის დანახვა, აღმოჩენა და ემოციური ურთიერთობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.
რატი წიკლაური
წყარო: www.shrm.org