შემოგვიერთდით

,,უმჯობესია ქცევა შევაფასოთ და არა ადამიანი” – სოფო ტუფურია

ჩვენი რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია შპს “აგროსფეროს” HR მენეჯერი სოფო ტუფურია.

HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი

 აქტიური კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.

HR hub: არ მიყვარს, როცა გასაუბრებაზე:  პროცესი დაკითხვას ემსგავსება, ეს ორმხრივი პროცესია და მიყვარს, როცა თავისუფალი და თანასწორუფლებიანი დიალოგია

HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს

რომელსაც  ჰალსტუხი კი არ უკეთია, არამედ მისით იხრჩობს თავს, ეს ხუმრობით. არ მსურს ხოლმე ავიყვანო, ვინც საუბრის დროის 90% უარყოფითი ფორმულირების წინადადებით საუბრობს, თუნდაც პოზიტიურის თქმა სურდეს, მაგ:  „არა, არ არის ეს შეუძლებელი“ „არა, არ არის რთული“ „არა, არ მიძნელდება“ „არა, არ მგონია არ შემეძლოს“ და ა.შ.

HR hub: გამოცდილი თუ მოტივირებული, არჩევანს გავაკეთებ

გააჩნია სიტუაციას, არის ხოლმე,  რომ აუცილებელია გამოცდილება, ან არ არის აუცილებელი და აშ. ასე ცალსახად ვერ ვიმსჯელებთ.

HR hub: კომპანია, სადაც დაუფიქრებლად ვიმუშავებდი 

იქ, სადაც ახლა  ვმუშაობ, კომპანია „აგროსფერო“  და წლების მერე, ალბათ, ჩემს კომპანიაში

HR hub: ადამიანს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი

გაანალიზოს თავის დამოკიდებულებები, უნარები, სურვილები, ქცევები…  შეხედოს რეზიუმე როგორია. დააკვირდეს, სად აგზავნის რეზიუმეს,  მოთხოვნებთან რელევანტურია თუ არა მისი  გამოცდილება, რეზიუმეც. გაიხსენოს, გაანალიზოს როგორ იქცევა და საუბრობს გასაუბრების დროს, რა შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოს.  შეწყვიტოს გარემოს დადანაშაულება,  მიუბრუნდეს თავის თავს, ჰკითხოს რას როგორ აკეთებს, რას როგორ ამბობს, როგორი დამოკიდებულებები აქვს, რა იცის და  არ იცის იქიდან, რაც სჭირდება.  რას ეძებს და რამდენად შესაფერისია თავის გამოცდილებით, ცოდნით, შესაძლებლოებებით.  რამდენად სწორად გადმოსცემს ამას ჯერ რეზიუმეში, შემდეგ როგორ იქცევა და საუბრობს შეხვედრისას და ა.შ.  იმუშაოს თავის თავზე, იყოს გულწრფელი საკუთარ თავთან და ობიექტური. ხშირად, ჩვენ არ გვიყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარ შედეგებზე, გვირჩევნია ხან რას, ხან რას დავაბრალოთ და თავი ვიმართლოთ – ამ დამოკიდებულებით კი, ცვლილებები არ ხდება და ამიტომაც დავდივართ ერთ წრეზე.

HR hub: 3 წიგნი, რომელიც HR-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული

ტექნიკურ სახელმძღვანელოს, თუ პროფესიულიდან არ დავასახელებ, ბევრი ეცნობა ალბათ. ვიტყოდი უფრო იმ ლიტერატურიდან რაც, ზოგად ხედვას, დამოკიდებულებებს,  ზოგად კანონზომიერებებს შეეხება და ფართოდ დაგვანახებს გარკვეულ თემებს.  რადგან, ვფიქრობ ადამიანებს  გვივიწროვდება ინტერესთა სფერო, გვეცვლება ღირებულებები, ისინი უფრო მატერიალურნი ხდებიან.  თვითრეალიზაციის თუ თვითაღიარების ხშირად ხელოვნურ და არაგულწრფელ გამოვლინებებს ვხედავთ და ვკარგავთ ადამიანის ფასს, ნაკლებად გვიყვარს ის და  არ ვაცალკევებთ ხშირად ადამიანს ქცევისგან. ამ დროს, უმჯობესია ქცევა შევაფასოთ და არა ადამიანი, რომ მისი ღირსება არ შევლახოთ.  მარტივად ვიმეტებთ გასაქილიკებლად, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვისაც ვაქილიკებთ ან ვამცირებთ „მსუბუქად თუ მძაფრად“ ისიც ავტომატურად საპასუხო ქცევას ავლენს, ან აგრესიას, ან მორჩილებას  და ა.შ…  ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ასე ვიქცევით, რატომ?!  ამით ჩვენ ერთამანეთს ვართმევთ თავისუფლებას და უპირველესად, საკუთარ თავს.  ბევრ ქცევის მოდელს გარემო გვთავაზობს და ჩვენც „ჩვენდაუნებურად“ ვიქცევით ამ მოდელების მიხედვით, არ ვუფიქრდებით ესა  და ეს ქცევა ჩემია, არ არის ჩემი, ხელოვნურია თუ არა. თუ ქცევა „ჩემი“ არ არის და ვიქცევი როგორც გარემო მკარნახობს, ან “არიქა ასე თუ არ მოვიქეცი, დავიღუპე, იმ წრის წევრი ვერ ვიქნები “ ან  „ვერ დავაგროვე ბევრი „ლაიქი““… და ა.შ. ეს იწვევს პიროვნებაში ბევრ არასასიამოვნო პროცესს… არ ჩავუღრმავდები.  მოკლედ, ერიხ ფრომის „სიყვარულის ხელოვნება- The art of loving“ „ქონა, თუ ყოფნა – To have or to be“  და ერიკ ბერნის „თამაშები, რომელსაც ადამიანები თამაშობენ – “Games people play “.

HR hub: ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია

სიყვარული, მიზანი  და  აღიარება (კათარზისს ვგულისხმობ, ეს უფრო ღრმა მნიშნველობისაა),   ზოგადად, რამე თემის განხილვისას, ჩვეულებრივ ჩემი პასუხი შეიძლება დაიწყოს წინადადებით „გააჩნია სუტუაციას“, რადგან ინდივიდები ვართ, ჩვენი გამოცდილებით, სტერეოტიპებით, ჩვევებით, სწავლებებით, ქცევის მოდელებით, ბავშვობაში გარკვეული ტიპის ადამიანები გვყავდნენ ფავორიტებად, ასევე იყვნენ, ისეთები რომლებიც გვაშინებდნენ და ა.შ. ამიტომ მართლა გააჩნია სიტუაციას, თუ რა ჩამოგვიყალიბდება არაცნობიერ სურვილად ცხოვრებაში, რა გახდება მთავარი ჩვენი ყოფისთვის… რომელიც შესაძლოა იყოს ნევროტული, ან ჯანსაღი. ამის გარჩევაც აუცილებელია.

HR hub: შეცდომა, რომელზეც ვისწავლე

ხვალისთვის გადადების „სიტკბო“

HR hub: მე რომ პრემიერი ვიყო

აჰ! ვიზრუნებდი რომ ქვეყანაში პოლიტიკა არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი ერისთვის, ღირებულებას დავუკარგავდი ამ თემას, რომლის იქით, ლამის მხოლოდ გასართობი შოუებია, რასაც გვთავაზობენ. საერთო სასაუბროც ეს გვაქვს ხალხს.  ჩავანაცვლებდი ამ „ღირებულებას“ და ასეთ მნიშვნელოვანს გავხდიდი სამოქალაქო, პირადი პასუხისმგებლობის თემას, როგორც ინდივიდებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. გავხდიდი ღირებულს კულტურის , სპორტის თემებს, განათლების სისტემას, ეს იქნებოდა უმაღლესი თუ პროფესიული.