შემოგვიერთდით

12 წელი ენერგო-პრო ჯორჯიაში – ავთო დვალიშვილის PRოფესიული თავგადასავალი

თუ პიარში მუშაობთ ან ჟურნალისტი ხართ, ავთო დვალიშვილი აუცილებლად გეცოდინებათ. პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტია და სხავდასხვა დროს მუშაობდა ამ მიმართულებით. 12 წელია, რაც  ენერგო-პრო ჯორჯიაში მუშაობს და პიარს ხელმძღვანელობს. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და მისთვის დამახასიათებელი ამბის მოყოლის უნარი. სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და ყოველთვის ახერხებს Facebook მეგობრების გამხიარულებას.

HR hub: ავთო მოგვიყევით როგორი სტუდენტობა გქონდათ?

დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობა მომიწია 90-იან წლებში, უშუქობაში, უგაზობაში, არანაირი გართობის საშუალება არ იყო. თუმცა, ძალიან კარგად მახსენდება ის წლები. ვთვლი, რომ სტუდენტობის წლები ერთ-ერთი ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. დავდიოდით ერთმანეთის სახლებში და ისე ვერთობოდით, ნაყოფიერად ვსწავლობდით კიდეც.

HR hub: გაიხსენეთ პირველი სამსახური…

ალბათ მეორე კურსზე ვიყავი, მეგობრებმა რომ გავაკეთეთ ერთი გადაცემა მე-2 არხზე, მაშინ ეს არხი ძალიან პოპულარული იყო და არ იყო მარტივი ამბავი. გადაცემა იყო ლიტერატურაზე და დაახლოებით 3-4 წუთიანი ინტერვიუ მქონდა გურამ ფანჯიკიძესთან. მახსოვს ისე ვნერვიულობდი, კითხვის დასმის ალბათ რამდენიმე დუბლი ჩავწერეთ… ბატონი გურამი მიხვდა რომ დამწყები ვიყავი და მამშვიდებდა. ძალიან დამეხმარა…

HR hub: რას გვეტყვით თქვენი ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ. როგორც ვიცი ipn-ზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდით. როგორ გაიხსენებდით იმ წლებს?

ბოლო კურსზე ვიყავი, რომ მაშინდელ პირველ არხზე, გადაცემა ,,ალიონში“ მივედი სტაჟიორად სამუშაოდ. უკვე 1996 წლის ბოლოს, უშტატო თანამშრომლად დავიწყე მუშაობა ,,მოამბეში“. ნულიდან დავიწყე რა თქმა უნდა ყველაფერი, ვმუშაობდი სუფლიორის ოპერატორად, კორესპონდენტად… 1999 წლიდან უკვე გავხდი ,,მოამბის“ სტაჟიანი თანამშრომელი. ეს ის წლებია, როცა  პირველ არხზე მუშაობდნენ იმ ჟურნალისტების უმრავლესობა, რომლებიც ახლა სხვადასხვა არხზე წარმატებული ჟურნალისტები, გადაცემების ავტორები, პროდიუსერები და ა.შ. არიან.

მომიწია მუშაობა ნატო ონიანთან, ინგა გრიგოლიასთან, თაკო ფხაკაძესთან და ა.შ. ბევრი ვისწავლე მათგან, ისინი ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მეხმარება ახლანდელ პროფესიაში ეს ამბავი… შემდეგ იყო საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერ-პრესი“, ახლანდელი ,,ინტერპრესნიუსი“, ვიყავი მისი საპარლამენტო ჟურნალისტი, რა თქმა უნდა აქაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მადლობელი ვარ ყოველთვის გუგა კვიტაშვილის და ბაია ცანავასი, რომლებმაც მაშინ დააფუძნეს ეს სააგენტო. გუგა სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, ბაია ღმერთმა კარგად ამყოფოს, განაგრძობს წარმატებით მუშაობას.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და ენერგო-პრო ჯორჯიას ურთიერთობა 2007 წელს? 

ჩემი და ენერგო-პროს ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა ჩეხური კომპანია შემოვიდა საქართველოში, მაგრამ მე უკვე 2002 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში, მე და ნიცა ჩოლოყაშვილი. ნიცა იყო PR-ის უფროსი და მე თანამშრომელი, შემდეგ ნიცა მალევე წავიდა ინგლისში სასწავლებლად და მე ასე შემოვრჩი ამ კომპანიას. ნიცა ახლაც წარმატებული PR მენეჯერია.

მოგვიანებით კომპანიის მართვაში შემოვიდა USAID-ის ერთ-ერთი პროექტი და შემდეგ უკვე კომპანია მთლიანად შეიძინა ენერგო-პრომ. რამდენიმე თვიანი გამოცდილების შემდეგ, ენერგო-პრომ გადაწყვიტა, რომ დავეტოვებინეთ სამსახურში და ასე მოვიდა დღემდე ჩვენი თანამშრომლობა, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ….

HR hub: 12 წელზე მეტი დრო გაატარო ერთ კომპანიაში, საკმაოდ რთულია. რამ განაპირობა თქვენი ამდენ ხანს გაჩერება აღნიშნულ კომპანიაში?

ზოგჯერ ვფიქრობ რომ ამდენი წელი ერთ სამსახურში ყოფნა შეიძლება სულაც არ იყოს კარგი, მაგრამ აქ მუდმივ აქტიურ მუშაობაში ვარ. ერთი და იგივე რუტინაში არ ვარ და ეს მშველის. მქონია ძალიან ბევრი შემოთავაზება, მაგრამ ვერასოდეს გადავწყვიტე სამსახურის შეცვლა. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს. ეს ის კომპანიაა, სადაც შეუძლიათ დაგიფასონ კარგად მუშაობა. ვფიქრობ ეს დიდი კომფორტია თანამშრომლისთვის. გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობ ვისწავლო ახალი… პერიოდულად გავდივარ კურსებს, სწავლებებს, ტრენინგებს და ა.შ. შარშანაც საკმაოდ ნაყოფიერი 6 თვიანი კურსი გავიარე. კი მეუბნებიან შენ აქეთ უნდა ასწავლო სხვას რა დროს შენი სტუდენტობააო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მუდმივ ,,მოძრაობაში“ ვარ…

HR hub: რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?

პროფესიაში მომწონს ის რომ მაქვს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. კიდევ ის რომ არასოდეს უნდა მოდუნდე, თორემ გაიყინები ერთ ადგილას, მერე აღარავინ დაგიჯერებს, ამიტომ მუდმივ ,,ექშენში“ ხარ. კიდევ ბევრი რამ მომწონს…

HR hub: როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა დღეს პიარი საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოდაშია წარუმატებელი პროექტების PR-ისთვის დაბრალება, ვფიქრობ ნორმალურ, კარგ დონეზეა. არიან ადამიანები, კომპანიები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ PR-ის და მარკეტინგის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მაინც ახალია ეს თემა, მაგრამ ვფიქრობ ყოველდღიურად წინ მივდივართ ამ საკითხში.

HR hub: სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიური ხართ და თქვენი პოსტები დიდ ჩართულობას და მოწონებას იმსახურებს. რაც ბევრს ნამდვილად არ გამოსდის. როგორ ახერხებთ ამას?

თქვენს კითხვაში იგრძნობა დამოკიდებულება და პირველ რიგში დიდი მადლობა ამისთვის. სოციალურ ქსელში ვარ ძალიან აქტიური, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ მისი დახმარებით. ჩემი პროფესია ისეთია, მის გარეშე წარმოუდგენელია. მაგ: როცა გინდა რომ დაუკავშირდე საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერს, რომელსაც უამრავი საქმე აყრია თავზე, ურეკავს მილიონი ადამიანი, შენ რომ დაემატები – გამარჯობა, როგორ ხაარ?… თუ მინდა მივაწოდო ინფორმაცია, ვწერ ინბოქსში უფრო მარტივია ყველაფერი. ეს ერთი მარტივი მაგალითია, კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის რომ კომფორტული იყოს PR-ისთვის სოც. ქსელი.

რაც შეეხება პოსტებს, ვცდილობ რომ დავწერო პოზიტიური თემები. ისედაც ამდენი ნეგატივი მოდის, დღის განმავლობაში გვხვდება ყველას, რომ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად მოქმედებს ჩემზე და ვფიქრობ სხვაზეც, კიდევ რომ დავამატო და მეც დავიწყო გოდება ან გინება, მეც ძალიან ცუდათ ვიგრძნობ თავს და სხვაც. ვფიქრობ სწორედ ეს პოზიტივია, რომელიც ადამიანების მოწონებას იმსახურებს…

HR hub: კურიოზები თქვენს სამუშაოს მუდმივად თან სდევს. ხშირად წერთ ამის შესახებ სოციალურ ქსელში. რომელიმე მათგანი რომ გაიხსენოთ.

კურიოზები მართლაც ბევრია, მაგრამ ერთი ყველაზე მაგარია, რომ დამირეკეს და ე.წ. ,,შტეფსელის“ იაფად ყიდვაში დახმარება მთხოვეს. ხმის ინტონაციაში ეტყობოდა, რომ იმედიც ჰქონდა უფასოდ ,,გავუჩითავდი“. სანამ გავიცინებდი, იმდენად გამიკვირდა, ხმაზეც შემეტყო, რომ აშკარად ნაწყენი დამემშვიდობა.

HR hub: ჟურნალისტიკაში და პიარში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. რა რჩევას მისცემდით დამწყებ სპეციალისტებს. რთული კონკურენციის პირობებში რა უნდა გააკეთონ თავის დასამკვიდრებლად?

საერთოდ, PR-ში დამწყებებს ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა იყვნენ კონტაქტურები, უნდა გაიჩინონ ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე. ეს ძალიან დაეხმარებათ მომავალ პროფესიაში და კიდევ, თუ ჯერ ჟურნალისტად იმუშავებენ, რამდენიმე წელი, ეს ფაქტიურად წარმატებული PR მენეჯერად ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობა. თუმცა რა თქმა უნდა ბევრია ისეთი წარმატებული PR-იც, რომელიც არ ყოფილა ჟურნალისტი.