1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის ეიჩარ მენეჯერს და თქვენთვის საინტერეო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ სუპერმარკეტების ქსელის ,,ორი ნაბიჯის” შერჩევის მენეჯერის მარიამ გიორგაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ჩვენი სფერო ძალიან დინამიურია, ამიტომ სისწრაფე და ცვლილებებისადმი სწრაფად ადაპტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა. კონცენტირებული ვართ შედეგებზე და განვითარებაზე. საერთო მიზნის მისაღწევად კი გუნდური მუშაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …
გქონდეს დიდი პასუხისმგებლობა შეარჩიო შესაბამისი კანდიდატი შესაბამის პოზიციაზე, რითაც ერთის მხრივ ეხმარები ორგანიზაციას დასახული მიზნების და წარმატების მიღწევაში, მეორეს მხრივ კი თავად კანდიდატს მისთვის საინტერესო და სასურველი საქმის კეთებაში.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
კანდიდატის მოტივაციას – რა არის მისი მამოძრავებელი ძალა, რამდენად გამოახატავს ინტერესს და რამდენად ენთუზიაზმით არის განწყობილი შესასრულებელი სამუშაოს მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანდიდატის პიროვნული მხარე, ღირებულებები, რითაც ვცდილობთ განვსაზღვროთ როგორ მოერგება ჩვენი ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურას.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
რთული იქნება იმის თქმა თუ როგორ რეზიუმეს არ განვიხილავ, ვფიქრობ დამოკიდებულია უშუალოდ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლითაც დაინტერესებულია კანდიდატი. მაგრამ ისეთი დეტალები რეზიუმეში, მაგალითად როგორიც არის მართლწერის თუ გრამატიკული შეცდომები, არასტრუქტურირებული, ქაოტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე რეზიუმესთვის შეუსაბამო ფოტოსურათი ნამდვილად ახდენს გავლენას კანდიდატის შეფასებაზე. შესაბამისად, რეზიუმეს შედგენისას მნიშვნელოვანია დრო არ დავზოგოთ და ნათლად ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელსაც ჩვენს პოტენციურ დამსაქმებელს გავუგზავნით.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
პირველ რიგში ის გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი რითეილ კომპანიის დიდი და მეგობრული გუნდის წევრი. ექნება შესაძლებლობა იმუშაოს პროფესიონალებთან ერთად პოზიტიურ სამუშაო გარემოში. ექნება საინტერესო, დინამიური საქმე და ბევრი გამოწვევა, რომელიც მისცემს სწრაფად განვითარების შესაძლებლობას.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
გქონდეთ გამართული და მოწესრიგებული რეზიუმე რადგან სწორედ ეს ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენზე. იყავით წინასწარ მომზადებული გასაუბრებისთვის, დეტალურად გაეცანით ინფორმაციას ორგანიზაციისა და პოზიციის შესახებ, იყავით თავდაჯერებული გასაუბრებაზე, გამოიჩინეთ ინტერესი სასურველი პოზიციის მიმართ. არ დაგავიწყდეთ დადებითი განწყობა და პოზიტივი. გახსოვდეთ, რომ კანდიდატის პიროვნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შერჩევის პროცესში.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.