შემოგვიერთდით

„აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“ – გიორგი მურჯიკნელი

გიორგი მურჯიკნელს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.დამთავრებული აქვს ტურიზმის ფაკულტეტი და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მაგისტრია. ამჟამად Mgroup-ის საოპერაციო დირექტორია. ძალიან უყვარს თავის საქმე და ცდილობს წვლილი შეიტანოს და ქვეყანას დაეხმაროს წინ წავიდეს და განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით. გიორგის ვესაუბრეთ მისი გამოცდილების შესახებ და იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია.

HR hub: გაიხსენე შენი პირველი სამსახური. რა გასწავლა ამ პოზიციაზე მუშაობამ?

2005 წელი 29 აპრილი. მიწისძვრის შედეგად დაინგრა 207 – ე საჯარო სკოლა სადაც მე ვსწავლობდი. არ მინდოდა სოფლად წასვლა და დეიდას ვთხოვე დამასაქმეთქო. მაშინ დეიდა კუს ტბაზე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა და დამხმარე სჭირდებოდათ. მე ბევრი არ მიფიქრია ისე დავთანხმდი მთავარი იყო, ჩემი შემოსავალი მქონოდა და „მშობლების კისერზე არ ვყოფილიყავი“ ახლაც მეცინება. პატა ვიყავი ძალიან ჭკუითაც და ფიზიკურადაც, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე არ ვფიქრობდი.

რა მასწავლა? შრომა არასოდეს არის ადრე და რომ შრომა ადამიანს ზრდის, ავითარებს და აკეთილშობილებს!

HR hub: როგორი იყო შენი კარიერული თავგადასავალი დოჰაში?

სიმართლეს ვიტყვი, ქართული რეალობოდან გამომდინარე საკმაოდ ,,გაბღენძილი” ჩავედი დოჰაში. არ ვიცი თავი ვინ მეგონა (ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში ჩემი ბოლო სამსახური კაფე ნეროს „მენეჯერობა“ იყო…). პირველივე სამუშაო დღეს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, იატაკის საწმენდი ტილო მომხვდა სახეში და იმ მომენტში მივხდი რეალობა იყო აბსოლუტურად სხვა და დავეშვი მიწაზე. მივხვდი, რომ აბსოლუტური ნულიდან ვიწყებდი კარიერას. ჩემი ეგო გვერდით გადავდე და მთელი მონდომებით ჩავები საქმეში.

კარიერაც დოჰაში ძალიან სწორი მიმართულებით განვითარდა – სტიუარდი, მიმტანი, მიქსოლოგი, დორ მენეჯერი, სერვის მენეჯერი…  იყო ძალიან კარგი ე.წ. ქროს ტრენინგები სხვადასხვა დეპარტამენტში, Sales & Marketing, FO, HK, ENG, Loss Prevention და ა.შ. შევეცადე თითქმის ყველა დეპარტამენტში მქონოდა პრაქტიკული გამოცდილება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,სტარვუდში” გატარებულმა პერიოდმა განაპირობა წინსვლა და წარმატება!

HR hub: წლებია რაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობ და შეხება გაქვს ტურიზმის სექტორთან. როგორ ფიქრობ რა არის ამ სფეროს ყველაზე დიდი გამოწვევა?

ადამიანური რესურსის სწორი და ეფექტური გამოყენება უდავოდ! ადამიანური რესურსი არის ყველაზე ღირებული რაც შეიძლება ბიზნესს, განსაკუთრებით სასტუმროს გააჩნდეს!  ქვედა რგოლის თანამშრომლების ლოიალურობის შექმნა კომპანიის მიმართ. თუ ქვედა რგოლი ლოიალურია, ბიზნეს პროცესები სწორად იმართება. ეს ხალხი, გუნდი, კომპანიის შიგნით ვითარდება და შუა რგოლში გადადიან, რომელიც ვთვლი რომ ნებისმიერი ბიზნესის ხერხემალია. არასოდეს არ უნდა ჰქონდეთ რეგრესის განცდა. მუდმივად გამოწვევების წინაშე უნდა იყვნენ, რათა არ მოდუნდნენ. ამ პროცესში ისინი თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, შესაბამისად მუდმივად ტონუსში არიან, სწავლობენ, ვითარდებიან – რაც მათთვის უზარმაზარი სტიმულია. „აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“.

HR hub: უამრავი რესტორანი, სასტუმრო და სხვადასხვა ობიექტი იხსნება თბილისსა და რეგიონებში. თუმცა კვალიფიციური კანდიდატების სერიოზული დეფიციტია. ამ პრობლემის მოგვარების გზას როგორ ხედავ?

პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ახალგაზრდების დამოკიდებულება სტუმარ-მასპინძლობის მიმართ და განგიმარტავთ რას ვგულისხმობ. მათთვის სასტუმრო ან რესტორანი არის „დროებითი სამუშაო ადგილი“ ე.წ.  დროებითი ნავთსაყუდელი იქამდე, სანამ არ ვიცი ბანკირები, მენეჯერები, მმართველები, დირექტორები, სპორტსმენები თუ არ ვიცი კიდე ვინ გახდებიან. სტუმარმასპინძლობას როგორც ცხოვრების კარიერას ისე უნდა უყურებდნენ! უნდა დაიწყონ ქვედა რგოლიდან და არა პირდაპირ მენეჯერობით.  ანაზღაურებაც ვიტყოდი, რომ ბევრად უკეთესია ვიდრე ბევრ სხვა სფეროში.

HR hub: საქართველოში, რომ მომსახურების სფეროში პრობლემები გვაქვს ყველა ვთანხმდებით. როგორ ფიქრობ რატომ ვერ ვისწავლეთ სწორი მომსახურება?

უყურეთ თქვენ თვითონ დასვით სწორი ფორმატით კითხვა: რატომ ვერ ვისწავლეთ სწორი მომსახურება. დიახ ამას სწავლა უნდა!!!

იმიტომ, რომ ყველა სასტუმრო, რესტორანი თუ ბარი (იშვიათი გამონაკლისების გარდა), ახლად მიღებულ თანამშრომლებს არ ატრენინგებს და მყისიერად უშვებს სერვისში – პროცესში. შესაბამისად მან არ იცის საქმე, ითრგუნება და იბნევა! შედეგად უქრება ყველანაირი სურვილი, რომ იმუშაოს და გულგრილად ეკიდება საქმეს. (ეს იგივეა ადიდებულ მდინარეში, რომ ცურვის არმცოდნე ადამიანს შეაგდებ, იმ იმედით რომ ხელს მოიქნევს და ეშველება). ჩვენთვის სტუმარმასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა სიტყვის მასალად დარჩა და რეალურად ამ მოვალებას თავს ვეღარ ვართმევთ. რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება და ბევრი კომპანია უკვე ცდილობს ადამიანური რესურსის მართვის ამერიკულ მოდელზე გადაერთოს. ტრენინგი და შემდეგ პრაქტიკა და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენი ახალგაზრდობისთვის მომსახურების სფერო არის „დროებითი ნავთსაყუდელი“ ცხოვრების მთავარი კარიერის დაწყებამდე და შესაბამისი „მოვალეობის მოხდის მიზნით“ აკეთებენ საქმეს.

HR hub: შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად რას მიიჩნევ?

აუცილებლად ყატარში სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლას. ეს იყო ადგილი, სადაც ყველაზე ქვედა რგოლიდან განმავითარეს და გამზარდეს! ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის მაია წერეთელს, რომელმაც მირჩია ,,სტარვუდთან” დამეკავშირებინა მომავალი.

HR hub: რისი დამსახურებაა ის, რომ დღეს შენ წარმატებული ხარ?

მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ გავმხდარიყავი საუკეთესო, სამაგალითო ჩემს საქმეში.  თუ ვინმე აკეთებდა 100%, მე ვცდილობდი 200% გამეკეთებინა. არასოდეს დამიხევია უკან. არაფრის გაკეთება არ მეთაკილებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელბით, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი. ვსწავლობდი უცხო ენებს, ვცდილობდი დასამახსოვრებელი და საინტერესო ვყოფილიყავი ჩემი სტუმრებისათვის. ამან შედეგი გამოიღო! მე ვარ იქ სადაც ვარ ახლა – ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ფასადზე.

HR hub: გაგვიმხელ მიზანს, რომელსაც სამომავლოდ გინდა, რომ მიაღწიო?

მსურს World’s best travel destination გახდეს საქართველო და ამ პროექტის ხელმძღვანელი ვიყო. აგრეთვე მსურს, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოში გაუტოლდეს ბენილუქსის ქვეყნების მაჩვენებელს  და ამ პროცესში მინდა საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.