შემოგვიერთდით

HR hub Next-ის წევრის კიდევ ერთი წარმატება – ანა ანდღულაძე HR Partners-ში დასაქმდა

HR hub Next-ის მე-2 ნაკადის წევრი ანა ანდღულაძე სტაჟირების შემდეგ, HR Partners-ში დასაქმდა.

მისი გამოცდილება სრულიად სხვა სფეროში დაიწყო. ამბობს, რომ HR სფეროთი  დაინტერესდა მას შემდეგ, რაც პირველად შემთხვევით დაესწრო  შერჩევის პროცესში გასაუბრებას. სწორედ იმ დროს გაიაზრდა რამხელა მნიშვნელობა აქვს გქონდეს უნარი მიხვდე რა შესაძლებლობის მქონე ადამიანი გიზის წინ და დაინახო მასში ის პოტენციალი, რომლის დანახვაც სხვა პროფესიის ადამიანს გაუჭირდება.

ჩვენ ვესაუბრეთ ანას HR hub Next-ისა და ამჟამინდელი სამსახურის შესახებ.

HR hub: საიდან გაიგე HR hub Next-ის შესახებ?

სწორედ  ამ პირველი დაინტერესების  შემდგომ, დავიწყე  ამ სფეროს შესახებ   ინფორმაციის მოძიება და სრულიად შემთხვევით ნაცნობისგან მივიღე რეკომენდაცია,  რომ იწყებოდა დამწყები ეიჩარებისთვის ტრენინგები, რომლებიც მომცემდა შესაძლებლობას უკეთესი წარმოდგენა შემექმნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროზე.

დაუყოვნებლივ დავრეგისტრიდი და  ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ  სწორედ ამ დარეგისტრირებით  გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემს კარიერაში.

HR hub: რა შეცვალა შენს პროფესიულ ცხოვრებაში ნექსთმა?

HR hub Next-მა მომცა საშუალება, შევხვედროდი  სხვადასხვა სფეროს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და გამეცნო რეალურ ქეისებზე დაფუძნებული, პირადი გამოცდილებები. მენტორებმა  მომცეს ძალიან  მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ვფიქრობ კარიერის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სწორედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი გამოცდილების გაზიარება იძლევა  ყველაზე ეფექტურ  შედეგს.

HR hub: რას გვეტყოდი მენტორის შესახებ?

რაც შეეხება მენტორს, ვფიქრობ ერთ-ერთი  ყველაზე იღბლიანი წევრი აღმოვჩნდი. სრულიად შემთხვევით, ჩემი მენტორი გახდა HR Partners-ის დირექტორი ქალბატონი  ნინო ჯინჯოლავა, ადამიანი,  რომელიც HR სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია. თავდაპირველად  მან ჩვენთან, წევრებთან, დაიწყო მუშაობა ლექციის პრინციპით, თითოეული ლექციის მსვლელობისას  უფრო და უფრო მიღრმავდებოდა ამ სფეროს მიმართ ინტერესი, რაზეც უდიდეს მადლობას ვუხდი მას.

HR hub: როგორ აღმოჩნდი HR Partners-ში?

ლექციების მიწურულს  გავიაზრე,  რომ  დრო იყო დამეწყო სტაჟირება  და გარდა თეორიული ცოდნისა, უკვე პრაქტიკული ცოდნა მიმეღო ამ სფეროში. სწორედ ამ დროს  მივმართე თხოვნით ქალბატონ ნინოს, რომელიც დაუზარლად დამეხმარა და ჩემდა გასაკვირად თავის კომპანიაში შემომთავაზა სტაჟირების გავლა. საოცრად გახარებული ვიყავი ვიღებდი დავალებებს, მქონდა დედლაინები, პერიოდულად მქონდა შეხვედრები, რომლებზეც ვიღებდი მიმართულებებს ახალი საქმისთვის, ასევე  ვიღებდი  შეფასებებს  განვილილ  ქმედებებზე,  ამ სტილით მუშაობის გამოცდილება პირველად მქონდა და ვფიქრობ საუკეთესო აღმოჩნდა.

HR hub: რა პოზიციაზე მუშაობ?

სტაჟირების დროის ამოწურვის შემდგომ, მივიღე შემოთავაზება ისევ ქალაბატონი ნინოსგან გავმხდარიყავი HR Partners-ის გუნდის წევრი და ვყოფილიყავი ერთ-ერთი რეკრუტერი. სიმართლე გითხრათ ეს იმდენად შორეულ პერსპექტივად მეჩვენებოდა, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მახსოვს როგორ არ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. პირველ დღეს, როდესაც მივდიოდი  ოფისში  გზაში ვფიქრობდი  და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეკეთებინა, სად მივდიოდი, რა იქნებოდა  ჩემი დღის გეგმა, გავუმკლავდებოდი თუ არა რეალურ ქეისებს, მაგრამ ამ გაურკველობის დალაგებაში ძალიან დამეხმარა ქალბატონი ნინო.

დასაწყისში ორი კვირის განმავლობაში დავდიოდი ოფისში და აქტიურად ვსწავლობდი ყველაფერს რაც კი იყო საჭირო. ამის შემდგომ, ქალბატონმა ნინომ მომცა საშუალება ყველაფერი რისი გაკეთებაც დისტანციურად შემეძლო მეკეთებინა დისტანციურად, თავიდან ვფიქრობდი  ლამაზად მაგდებენ სამსახურიდანთქო, მაგრამ როგორც ხედავთ  უკვე   ნახევარ წელზე მეტია აქტიურად ვარ HR Partners-ში რეკრუტერის პოზიციაზე.

მუშაობის ამ სტილზეც მინდა  ორიოდე სიტყვა ვთქვა, აქამდე ვერც კი წარმომედგინა როგორ შეიძლება თან მუშაობდე და არ იყო სამსახურში,  დღეს კი ვფიქრობ რომ  სწორედ ეს თავისუფალი გრაფიკი ახდენს ძალიან კარგ გავლენას ჩემს შრომისუნარიანობაზე, მოტივაციასა და შემართებაზე. HR Partners-ი არის ადგილი სადაც თავისუფალი ხარ, მიიწევ წინ, ფიქრობ მხოლოდ შენი შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგზე. ადგილი სადაც განვითარება  გარდაუვალია.

HR hub: აპირებ HR-ში კარიერის გაგრძელებას?

დღესდღეობით, HR ძალიან სწრაფად ვითარდება, მუდმივად ახალ-ახალ ტენდენციებს იძენს. ჩემთვის, დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან საინტერესო სფეროა, რომელშიც მიხარია რომ ბედი ვცადე და ასე წარმატებით მიმდინარეობს ჩემი განვითარება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის HR hub Next-ს, ნინო ჯინჯოლავას  და HR Partners-ს,  სადაც  შეუძლებელი შეგიძლია შეძლო.