ნინო ჩორგოლაშვილი პროფესიით იურისტია, დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და წარჩინებით დაამთავრა.
მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში იურისტად, 2018 წლიდან დღემდე კი, მუშაობს სამკერვალო კომპანია ,,ემჯიემტექსში“, თავიდან იურისტად, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე და უკვე თითქმის ერთი წელიწადია რაც ამ პოზიციაზეა.
ნინო HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის წევრი იყო და ყოველ კვირას შეხვედრებზე ქუთაისიდან დადიოდა.
HR hub: საიდან გაიგე Hr Hub Next-ის შესახებ?
რადგან არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა არ მქონდა ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ვცდილობდი ჩემი ძალებით მომეპოვებინა გარკვეული ინფორმაცია, შემდეგ აღმოვაჩინე HR hub Next-ის პროექტი, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. როდესაც გავეცანი ინფორმაციას თუ ვინ იყვნენ მენტორები და რა სახის სემინარები უნდა ჩატარებულიყო მივხვდი, რომ ამ პროექტში მოხვედრა დიდ ცოდნას და გამოცდილებას შემძენდა, რაც დამეხმარებოდა ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. მიუხედავად იმისა, რომ სემინარები თბილისში უნდა ჩატარებულიყო და მე ქუთაისიდან უნდა მევლო, იმდენად მოტივირებული და დაინტერესებული ვიყავი ამ პროექტით, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით დიდი სიხარულით და მოლოდინით ვხვდებოდი ყოველი კვირის სამშაბათს.
HR hub: როგორც აღნიშნე იმდენად მოტივირებული იყავი, რომ ყოველკვირას ნექსთის შეხვედრებზე დასასწრებად ქუთაისიდან ჩამოდიოდი. გაამართლა მოლოდინებმა?
ჩემს მონდომებას და შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ამ პროექტმა ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს. ყოველი სემინარი იყო აღმოჩენა ჩემთვის. საოცარი, უშუალო და მეგობრული მენტორები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ გადმოეცათ ჩვენთვის თავიანთი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე მივიღე ამომწურავი პასუხები. აქ შეკრებილია პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ამ პროექტის ყველა მონაწილის განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.
HR hub: რატომ დაგაინტერესა მიმართულებამ?
როდესაც HR მენეჯერად გადამიყვანეს მივხვდი, რომ ადამიანური რესურსების მართვა ეს ის სფეროა სადაც მე კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი თანამშრომლის ბედი გაბარია, არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი, შეიძლება თანამშრომლის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს, თუმცა ვცდილობ მაქსიმალურად გავითავისო ეს პასუხისმგებლობა და გულისყურით მოვეკიდო ყოველი თანამშრომლის საქმეს. ამაში კი მეხმარება ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მიხარია, როცა საშუალება მეძლევა ჩემი საქმიანობით დავეხმარო და ბედნიერება მივანიჭო ადამიანებს.
HR hub: რას ურჩევდი ნექსთის შემდეგი ნაკადის წევრებს?
HR hub Next-ს ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებას, ეს პროექტი ნამდვილად შექმნილია იმისთვის, რომ დამწყებმა ეიჩარებმა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ ახალ ხედვებს, რაც ვფიქრობ ძალიან დაეხმარებათ მათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.