შემოგვიერთდით

როგორ გახდა თამარა ჯანელი Givenchy Beauty-ის მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში

რამდენიმე წლის წინ ნიუ იორკში, მე-5 ავენიუზე Estee Lauder-ში შესაძლებელია ქართველ გოგონას შეხვედროდით, რომელიც სეზონურ დამხმარე არტისტად მუშაობდა.

Estee Lauder, Chanel, Victoria Secret ეს იმ მცირე ბრენდების ჩამონათვალია, რომლებთანაც თამარას უმუშავია. უკვე 7 წელია Givenchy Beauty-ის ერთ-ერთი მეიქაფ არტისტია ნიუ იორკში. საინტერესო გამოცდილებისა და ნიუ იორკული ცხოვრების შესახებ, თავად გვიამბობს.

HR hub: თამარა 2004 წლიდან ცხოვრობ ამერიკაში. რა იყო გადასვლის მიზეზი?

ამერიკაში გადასვლის მიზეზი იყო ის რომ შევქმენი ოჯახი, ჩემი მეუღლე წასული იყო ნოუ იორკში წლების განმავლობაში და მეც გადავედი რა თქმა უნდა მასთან ერთად.

HR hub: როგორ მიგიღო ამერიკამ?

ამერიკაში ჩამოვედი 17 წლის და წარმოიდგინეთ რა შოკი მექნებოდა როცა პატარა ქვეყნიდან და უფრო პატარა ქალაქიდან აღმოვჩნდი ნიუ იორკში. თავიდან გამიჭირდა შეგუება მაგრამ ახლა ჩემი ქალაქია. ნიუ იორკი მაინც განსხვავებული ენერგიაა, ყველას უნდა ცოტა ხნით მაინც იცხოვროს აქ, თუნდაც სხვა შტატებში მცხოვრებ ამერიკელებს.

HR hub: ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობ, რომ სილამაზესთან პირველი რაც გახსნედება ბებიაა და მისი კოსმეტიკა. რას გვეტყოდი ამის შესახებ?

ბევრს არაფერს იყენებდა მაგრამ წითელი ტუჩსაცხი აუცილებლად, სახის პუდრი, ვარდის წყალი და ბავშვის კანის კრემი. ახლაც მახსოვს ყველა პროდუქტის სურნელი, რაც კი ბებიას ჩანთით დაჰქონდა. რამდენიმე ხნის წინ ვიპოვე სუნამო სულ შემთხვევით Mason Margiela Replica “Lipstick on” ისეთი შეგრძნება მქონდა ბავშვობაში დავბრუნდი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ტუჩსაცხების სურნელს, რომლებსაც ბებია იყენებდა. ყოველთვის მარიგებდა ქალი სულ ფორმაში უნდა იყოსო. როგორც ჩანს წითელი ტუჩსაცხების სიყვარული მისგან მაქვს გამოყოლილი.

HR hub: როდის დაინტერესდი პირველად სილამაზის ინდუსტრიით?

ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო არც მიფიქრია. ხშირად ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ აკეთოს ის, რაც ძალიან უყვარს. ორი შვილის და რამდენიმე თვიანი სწავლის შემდეგ უნივერსიტეტში, სადაც ჯანდაცვის განხრით ვიღებდი ცოდნას, გადავწყვიტე რომ სამედიცინო ოფისებში და პაციენტებთან მუშაობა არ იქნებოდა ის, რაც მე სიამოვნებას მომანიჭებდა. ვფიქრობ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც მართლა გულით უყვარს. ამიტომ დავფიქრდი და მივადექი სილამაზის სკოლას მანჰეტენის გულში. ეს იყო ათი წლის წინ და აღარც მიფიქრია სხვა პროფესიაზე.

HR hub: გვიამბე იმ ადგილის შესახებ, სადაც სილამაზის სფეროში განათლება მიიღე?

მანჰეტენზე არის ასეთი სილამაზის სკოლა “Empire Beauty School”, სადაც ასწავლიან კოსმეტოლოგიას და მაკიაჟს. სკოლამ ძირითადი საფუძველი ჩაუყარა ჩემს განათლებას მაკიაჟის განხრით, გამიმართლა რომ მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი. შემდეგ იყო ძალიან ბევრი მასტერკლასები, რომლებსაც სკოლის შემდეგ ვესწრებოდი. ბევრი წვრილმანია სილამაზის ინდუსტრიაში და ყოველთვის საჭიროა რომ მიყვე და არ ჩამორჩე.

HR hub: ძალიან ცნობილ ბრენდებთან მუშაობდი და მუშაობ. გვიამბე შენი გამოცდილების შესახებ. 

პირველი ჩემი ოფიციალური სამსახური იყო სეზონური დამხმარე არტისტი Estee Lauder-ში მეხუთე ავენიუზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაღაზიაში. სულ რაღაც ორი თვით ვიმუშავე, მაგრამ მალევე მივხვდი რომ იქ მუშაობის გაგრძელება არ მინდოდა. შემდეგ იყო Chanel-ის კოსმეტიკა. ამავდროულად გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი ინდუსტრიაში, რომლებიც დამეხმარნენ და მომცეს შესაძლებლობა რომ მემუშავა ბევრ საინტერესო შოუზე, პროექტზე და წარმატებულ ადამიანებთან.

პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ, რომელზეც მომიწია მუშაობა იყო 2011 წლის Victoria’s Secret-ის Fashion Show, სადაც სულ შემთხვევით მოვხვდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე New York Fashion Week-ის სეზონზე. ძალიან ბევრ დამწყებ და პროფესიონალურ ბრენდთან მიმუშავია და ეს ძალიან დამეხმარა როგორც არტისტს განვითარებაში. ამჟამად ვარ Givenchy Beauty-ის ერთ-ერთი მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში. უკვე 7 წელია ვარ ამ ძალიან საინტერესო გუნდში, რომელიც თითქმის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

HR hub: ცნობილი ადამიანისთვის თუ გაგიკეთებია მაკიაჟი?

ცნობილ ადამიანებთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ დავიწყე კარიერა ძალიან მინდოდა, რომ მემუშავა სელებრითებთან და როცა მოვხვდი ასეთ სიტუაციაში მივხვდი, რომ სულაც არ არის ის გლამორი და მხიარულება, რასაც ბევრი სოციალურ ქსელში აჩვენებს. მიმუშავია ცნობილ მსახიობებთან, მოდელებთან, მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებთანაც ყველა დეტალი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.

HR hub: ძალიან ბევრი ადამიანი იბრალებს ვიზაჟისტობას. კურსს გაივლიან და თვლიან, რომ პროფესიონალები არიანი. როგორ ფიქრობ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ვიზაჟისტი იყო?

უამრავი ადამიანი აკეთებს მაკიაჟს დღესდღეობით, კურსებსაც გააჩნია რომელ სკოლაში და რამდენად საფუძვლიანად სწავლობენ პროფესიას. ვინც ფუნჯის დაჭერა იცის პროფესიონალი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ როცა ადამიანს აქვს ხედვა, მონდომება, გემოვნება და ფლობს საკმარის ცოდნას, შეუძლია ეს ყველაფერი ბევრი პრაქტიკის შემდეგ აქციოს პროფესიად. ძალიან ბევრი თვითნასწავლი პროფესიონალი ცნობილი მეიქაფ არტისტი ვიცი ჩემს გარშემო, რომლებიც საოცარ მაკიაჟებს ქმნიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს მათ მხოლოდ Youtube-ის გაკვეთილებით მიაღწიეს ამ ყველაფერს. ამას სჭირდება ბევრი დაუღალავი შრომა, ცოდნის გაღრმავება იმიტომ რომ სილამაზის ინდუსტრია ყოველ სეზონზე იცვლება, იმის ცოდნა თუ როგორი არტისტი ხარ, რა არის შენი ხელწერა, რას სთავაზობ შენს სკამში მჯდომ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ელოდება საუკეთესოს. რაც მთავარია ახალდამწყებმა არტისტებმა უნდა იცოდნენ რომ ყველაზე საუკეთესო არის სხვა უკვე წარმატებულ არტისტებთან თანამშრომლობა/ასისტენტობა, ბევრი საინტერესო პროფესიული ხრიკის და სამუშაო ეთიკის შესწავლა.

HR hub: რა რჩევებს მისცემდი ქალბატონებს. კანის მოვლასთან დაკავშირებით?

კანი არის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას და სიყვარულს მოითხოვს ჩვენგან. სახის ყოველდღიური დაბანა გასუფთავება, დატენიანება აუცილებელია. არასოდეს მაკიაჟით არ უნდა დაიძინოთ. ძილის დროს კანი განახლების პროცესშია და თუ ფორები იქნება ამოვსებული სხვადასხვა მაკიაჟით შემდეგში იწვევს ანთებით პროცესებს. ინდივიდუალურად და სწორად შერჩეული კანის მოვლის რუტინა. ბევრი წყალი და ნაკლები კოფეინი (კოფეინი ცოტა ძნელი შესამცირებელია, მაგრამ შესაძლებელია) საკმარისი ძილი და ნაკლები სტრესი. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება კანის ხარისხზე.

HR hub: საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებ?

საქართველოში ყოველთვის ვბრუნდები წელიწადში ერთხელ ერთი თვით, მე ამ სტუმრობას ყოველთვის დაბრუნებას ვეძახი სამშობლოში. ძალიან მინდა საქართველოში ერთხელ მაინც გავაკეთო მასტერ კლასი და ჩამოვიტანო ჩემი ნიუ იორკული გამოცდილება და გავუზიარო ქართველ არტისტებს. ძალიან მიხარია რომ უკვებევრი ნიჭიერი არტისტია საქართველოში და ყოველთვის თვალს ვადევნებ მათ შემოქმედებას.