ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური მამების დეკრეტული შვებულების შესახებ. შეიძლება სიუჟეტიც გაქვთ ნანახი როგორ ისარგებლა საქართველოში რამდენიმე მამამ დეკრეტით, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის რა წერია ამ კუთხით კანონში. შეუძლია თუ არა დედამ და მამამ ერთდროულად ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით და საერთოდ რამდენად იძლევა შრომის კოდექსი მამების დეკრეტული შვებულების გამოყენების უფლებას? ამ კითხვებზე საპასუხოდ მივმართეთ სს PKF Kaizen-ის პარტნიორს, იურისტ გრიგოლ სიდამონიძეს, რომელმაც ამომწურავი პასუხები გაგვცა.
HR hub: გრიგოლ, როგორც ვიცით კანონის მიხედვით, დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. თუმცა ეს ეხება მხოლოდ დედებს.
ასევე ვიცით, რომ ბრძანებაში უნდა ყოფილიყო შემდეგი ცვლილება:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს (ბავშვის მამას) თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 90 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით ან ასეთი შვებულების ნაწილით.
შევიდა თუ არა აღნიშნული ცვლილება კანონში და შეუძლია თუ არა ბავშვის მამას ოფიციალურად ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით?
სამწუხაროდ, ასეთი ცვლილება კანონში არ შესულა. მიუხედავად ამისა, პასუხი კითხვაზე „შეუძლია თუ არა მამას ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით?“ ცოტა უფრო რთულია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი არ მოიცავს მითითებას მშობლის სქესზე და არ უთითებს, რომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ დედას. ასევე, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი პირდაპირ უშვებს მამის მიერ დახმარების მიღების შესაძლებლობას დეკრეტული შვებულებისთვის, თუ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მას საშუალებას მოუაროს ახალშობილს.
ასევე, არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, როდესაც ახალშობილის მამას მიეცა საშუალება ესარგებლა დეკრეტული შვებულებით. ჯერ კიდევ 2016 წლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შრომის კოდექსის ჩანაწერი (რომელიც დუბლირებულია საჯარო სამსახურებში შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში) სასამართლომ განმარტა, როგორც მშობლის უფლება. რა თქმა უნდა სასამართლო და ჩვენი სამართალი აღიარებს დედის როლს ახალშობილის მიმართ, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს მამის როლის შემცირების ან უგულებელყოფის საფუძველი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო წერს, რომ „ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, საქართველოს ჩათვლით, უზრუნველყოფს ბავშვის მოვლის შვებულებას როგორც ქალების ასევე კაცებისათვის, ამ ქვეყნების უმრავლესობა კი ამ უფლებას ავრცელებს მოსამსახურე კაცებზე და ქალებზე“. საკითხის ასეთი აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს ერთგვარი ბალანსის დაცვას ოჯახში, რომელიც დღევანდელ რეალობაში დიდი ხანია გასცდა სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, სადაც მამა უზრუნველყოფდა ოჯახს, ხოლო დედა უვლიდა შვილებს.
ზუსტად იგივე გადაწყვეტილებაში სასამართლო ძალიან სწორად აღნიშნავს, რომ „განსხვავებული მოპყრობა მოცემულ საქმეში არ შეიძლება იქნას აღქმული როგორც პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების სასარგებლოდ, რადგან ნათლად ჩანს, რომ ის საზოგადოებაში ქალის არახელსაყრელი მდგომარეობის გამოსწორებისკენ არ არის მიმართული. პირიქით, აღნიშნულს გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნების შედეგი აქვს და უარყოფითია, როგორც ქალების კარიერაში, ასევე კაცების ოჯახურ ცხოვრებაში“.
შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ მამებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს სააპელაციო სასამართლოს კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ამ უფლებას ამტკიცებს. მეორე მხრივ, კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტება ასეთ უფლებას კაცებს არ გვანიჭებს.
HR hub: თუ დედა გამოიყენებს დეკრეტული შვებულების ნაწილს, ამ შემთხვევაში შეუძლია მამას შვეულებით სარგებლობა? ეხება თუ არა იგივე ცვლილება კერძო სამსახურებში დასაქმებულებს?
რეგულაცია ბუნდოვანია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პირდაპირ ზღუდავს ბავშვის მოვლის გამო ორივე მშობლის მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობას, მაგრამ შრომის კოდექსი, რომელიც კერძო დასაქმებულებზე ვრცელდება, ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს. მამის უფლება ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, ეფუძნება სამართლის ზოგად ანალიზს და კანონის ამ ჩანაწერის მიზნებიდან გამომდინარე განმარტებას, რომელიც არ არის დეტალურად გაწერილი. ჩემი მოსაზრებაა რომ ჩვეულებრივ დასაქმებულ პირებს არაფერი ზღუდავთ ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით ერთდროულად (ბავშვის მოვლის ნაწილში), მაგრამ გამიჭირდება ამ პოზიციის დასაბუთება კანონზე პირდაპირი მითითებით. ეს მსჯელობა საქართველოს კანონმდებლობის და პრინციპების ზოგადი ანალიზის შედეგია და არა ერთი რომელიმე მუხლის.
HR hub: თუ იცი შემთხვევები, როდესაც მამებმა ისარგებლეს აღნიშნული შვებულებით? ეს იყო კერძო თუ საჯარო სამსახური?
ჩემთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამას მიენიჭა უფლება ესარგებლა დეკრეტული შვებულებით ისე, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა არ გახდა საჭირო. ერთ-ერთი შემთხვევა ზუსტად ის არის, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც ზემოთ მოვიყვანე მაგალითად. სამივე შემთხვევა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე იყო. კერძო კომპანიაში დასაქმებული პირის მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ამის მიზეზი უფრო კერძო ორგანიზაციების მოქნილი გადაწყვეტილების მიღების საშუალებაა ვიდრე ფაქტის არ არსებობა. დღევანდელ სიტუაციაში, ნაკლებად სავარაუდოა დეკრეტული შვებულების გამო სასამართლო დავა კერძო კომპანიასა და დასაქმებულს შორის. ვფიქრობ რომ ზუსტად ამიტომ არ გახმაურებულა მამის დეკრეტული შვებულების აღება ისე, როგორც ეს საჯარო მოხელის შემთხვევაში მოხდა.
HR hub: როგორ ფიქრობ არის თუ არა საჭირო რიგი ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ კანონში, თუ კი რა?
ვფიქრობ, აუცილებელია დღევანდელი კანონმდებლობა დაეწიოს რეალობას და ასახოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრინციპები. ახალშობილის მოვლა არ არის პრივილეგია. ამ პროცესში მამის და დედის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია და არ შეიძლება რომელიმეს როლის მნიშვნელობის უგულებელყოფა. ფაქტია, რომ იურისტების აზრი ამ საკითხზე იყოფა, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მიუთითებს ხარვეზზე კანონში, რომელიც აუცილებელია უფრო გასაგებად დაიწეროს.
შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობა სოციალური ხასიათისაა, რომლის მიზანიც დასაქმებულების ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა. ახალშობილზე ზრუნვის უფლება ჩემი აზრით არ შეიძლება იყოს მიკუთვნებული დედაზე ან მამაზე, ეს ორივე მშობლის ვალდებულებაა და კანონი უნდა აძლევდეს საშუალებას ორივე მშობელს გამონახონ ამისთვის სათანადო დრო. მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ ორივე აიღებენ დეკრეტულ შვებულებას, აიღებს ასეთ შვებულებას დედა თუ მამა და ეს გადაწყვეტილება არ უნდა საჭიროებდეს დასაბუთებას დამსაქმებელთან ან/და სახელმწიფოსთან.
არსებობს მოსაზრება, რომ დეკრეტული შვებულების აღება სავალდებულო უნდა იყოს ორივე მშობლისთვის, თუმცა ეს რეალობაში როგორ იმუშავებს ცოტა რთული წარმოსადგენია. ფაქტია, რომ ასეთი დამოკიდებულება დაეხმარება ქვეყანას გენდერული თანასწორობის ხარისხის გაუმჯობესებაში, თუმცა უშუალოდ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რის გამოც გამიჭირდება ასეთი მოსაზრების მხარდაჭერა ამ ეტაპზე.
HR hub: გაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში და რამდენად ხშირად სარგებლობენ მამები დეკრეტული შვებულებით?
ევროპა დიდი ხანია ცდილობს პოპულარიზაცია გაუკეთოს მამის მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენებას. ეს რა თქმა უნდა ერთ დღეში არ ხდება, სტერეოტიპული დამოკიდებულება მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. სამწუხაროდ განახლებული სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ 2015 წლის მონაცემებით, საშუალოდ მხოლოდ მამების 10%-მა ისარგებლა დეკრეტული შვებულებით ევროკავშირში. გასათვალისწინებელია, რომ რეგულაციები ევროპულ ქვეყნებში იდენტური არ არის – ზოგი ქვეყანა მეტ თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს და ზოდი ნაკლებს. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ქვეყნის ტრადიციები და გამოცდილებაც. მაგალითად ნორვეგიაში იგივე კვლევამ აჩვენა, რომ მამების 48%-მა გამოიყენა დეკრეტული შვებულება ერთხელ მაინც, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.