1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ფინკა ბანკი საქართველოს შერჩევის სპეციალისტის ლანა კობერიძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ფინკაში მთავარია პროფესიონალიზმი და არა იერარქია. თითოეულ ინიციატივიან თანამშრომელს დიდი ცვლილების შეტანა შეუძლია კომპანიის წინსვლაში.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
ბრძოლას ერთდროულად მრავალ ფრონტზე, თითოეული ვაკანსია უნიკალური პროექტია რომელზეც მუშაობ.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
ყველა პოზიცია ინდივიდუალურია, ის რაც ღირებულია ერთ პოზიციაზე შეიძლება სხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანისთვის ნაკლებად პრიორიტეტული იყოს, თუმცა ორგანიზაციულ კულტურასთან მორგება გრძელვადიანი თანამშრომლობის წინაპირობაა.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
განვიხილავ ყველა რეზიუმეს, თუმცა თუ ის არ ასახავს საჭირო ან მონათესავე გამოცდილებას, რომელიც ვაკანსიის ტექსტშია დაზუსტებული, არ არის საკმარისად დეტალური, გამიჭირდება სწორი დასკვნების გამოტანა კანდიდატის შესაძლებლობების შესახებ, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე გადავა ის ვისი რეზიუმეც ზემოთნახსენებს ასახავს. თუმცა, აქაც უნდა გვახსოვდეს კონტექსტი, გარკვეულ პოზიციებზე მაგ. UI დიზაინერის რეზიუმესთან მიმართებაში სხვა მოლოდინები გვექნება ვიდრე ბუღალტერის.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
ჩვენი თანამშრომლები საკუთარ სფეროში საუკეთესოები არიან და მუდამ უნდა ცდილობდენ განვითარებას და ამ ნიშის შენარჩუნებას.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
საკუთარი პრიორიტეტები კარგად უნდა განსაზღვროთ, დაისახოთ მიზანი, თუ სად გინდათ განვითარება. ამ ადგილზე მისასვლელად დიდი დისციპლინა და საკუთარ თავზე მუშაობა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ თავად არ იღებთ გადაწყვეტლებას თუ ვინ გინდა იყოთ, დინება თავად წაგიყვანთ და შეიძლება აღმოჩნდეთ იქ სადაც არ მოგწონთ.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.