შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – ნიკორა ტრეიდს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის ეიჩარ მენეჯერს და თქვენთვის საინტერეო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ სს „ნიკორა ტრეიდის“ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ ბაკაშვილისა და  ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელის ნათია გეწაძის  ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენი მთავარი ღირებულება კომპანია „ნიკორა ტრეიდში“ არის თანამშრომლების განვითარებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელი ქართულ ბაზარზე, აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ კომპანიას გაფართოება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არც პანდემიის პერიოდში შეუჩერებია.

დღევანდელი მონაცემებით, სს „ნიკორა ტრეიდი“ 6000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად უწყვეტად მიმდინარეობს თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულ პროექტებზე მუშაობა. გვსურს გამოვყოთ ჩვენთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება:

  • 2020 წლის ივნისში გაიხსნა „ნიკორა კარიერის სკოლა“, რომელიც შეიქმნა ერთიან სტანდარტებზე დაფუძნებული თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებისა და ჩვენი თანაგუნდელების კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ვეცადეთ, რომ კარიერის სკოლის სივრცე გამორჩეული, ინსპირაციული და კომფორტული ყოფილიყო. ბუნებრივია, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში სწავლებისა და გადამზადების პროცესების დისტანციურ რეჟიმზე გადატანა მოგვიწია, თუმცა არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია პროცესი. აგრეთვე, დავამატეთ სხვადასხვა ონლაინ სწავლების კურსები ჩვენი თანამშრომლებისათვის (MS Excel კურსი, ინგლისური და რუსული ენების შემსწავლელი კურსი), რა თქმა უნდა, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
  • ზაფხული საკმაოდ აქტიური პერიოდია ჩვენთვის, მაგალითად: 2020 წლის ზაფხულში ჩატარდა Team Building-ის მასშტაბური პროექტი „ჩვენი ეზო“, სადაც სპეციალურად მოწყობილ აგარაკზე ვუმასპინძლეთ კომპანიის 1100-ზე მეტ თანამშრომელს, სადაც მათ დახვდათ მხიარული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით დატვირთული პროგრამა. აღნიშნული პროექტი უკვე კომპანიის ტრადიციაა, რომელიც 2021 წელსაც განხორციელდება.
  • პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ და ვგეგმავთ სხვადასხვა სახის სასიამოვნო აქტივობებს ოფისში, თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის გასახალისებლად, მაგალითად ყოველი თვის პირველ კვირაში ვაორგანიზებთ შეხვედრას ე.წ. “Morning Coffee”, სადაც ვხვდებით კოლეგები ერთმანეთს სათაო ოფისის მასშტაბით, ჭიქა ყავის თანხლებით და განვიხილავთ მიმდინარე სიახლეებს, ეს ტრადიცია გვეხმარება საქმის კურსში ვიყოთ ერთმანეთის საქმიანობაზე და რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დატვირთული კვირის დაწყებამდე, სასიამოვნოდ გაატარონ დილის საათები.
  • პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვაპირებთ სხვადასხვა წამახალისებელი და სამოტივაციო პროექტების განხორციელებას, როგორიც არის Team Weekend (არაფორმალური გასვლითი ტური თანამშრომლებისათვის დეპარტამენტების მიხედვით), Lucky Friday (რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ჩაერთვებიან გათამაშებაში და ექნებათ საშუალება მოიგონ ისეთი პრიზები, როგორიცაა კინო, თეატრის, სპორტული ღონისძიებების ბილეთები), პიერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ „ჩელენჯებს“ თანამშრომლებისათვის, მაგალითად ამჯერად გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გამოვაცხადეთ „წონის კორექციის ჩელენჯი“ შიდა შეჯიბრის სახით და ვაპირებთ შეზღუდვების მოხსნისთანავე სპორტული აქტივობებიც დავგეგმოთ, თანამშრომლებისათვის ჯანსაღის ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით. კიდევ ბევრი სხვა პროექტი იგეგმება 2021 წლის ჭრილში, რომელსაც რა თქმა უნდა სულ მალე განვახორციელებთ.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

თამარ ბაკაშვილი – იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს აღმოაჩინო ადამიანებში ის ნიჭი და უნარები, რაც შეიძლება მან თავადაც არ იცოდეს და მისცე მას განვითარების შესაძლებლობა.

ნათია გეწაძე – იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს კანდიდატსა და ვაკანტურ პოზიციას შორის შესაბამისობის სწორად განსაზღვრას, რადგან ამ შემთხვევაში, კანდიდატს საკუთარი უნარების საუკეთესოდ გამოვლენის შესაძლებლობა ექნება.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

შესაბამისობას ვაკანსიის მოთხოვნებსა და კანდიდატის ცოდნასა და უნარებს შორის და ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტორია კანდიდატის შესაბამისობა ორგანიზაციულ კულტურასთან და ორგანიზაციის ღირებულებებთან.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

ბუნებრივია, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს, რათა იყოს პრეზენტაბელური და ინფორმატიული, თუმცაღა, თუკი კანდიდატის განათლება და გამოცდილება შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, ბუნებრივია ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ, მიუხედავად რეზიუმეს დიზაინისა.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში? 

თითოეულ კანდიდატს, რომელიც წარმატებით გაივლის შერჩევისა და ანაზღაურებადი სტაჟირების ეტაპებს ვპირდებით დასაქმებას მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოში, სადაც მას ექნება საკუთარი უნარების განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

 HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

თამარ ბაკაშვილი – სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ  დანებდნენ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ რეალისტურად შეაფასონ საკუთარი  ცოდნა და უნარები და მათი შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან და თანხვედრის შემთხვევაში, გამოეხმაურონ ვაკანსიას, ასეთ შემთხვევაში, უფრო გაუმარტივდებათ სამუშაოს ძიების პროცესი.

ნათია გეწაძე – სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი წინასწარ განსაზღვრონ მათთვის საინტერესო სფერო და კომპანიები, წინასწარ მოამზადონ თავიანთი CV და სამოტივაციო წერილი და დაიწყონ სამუშაოს ძიების პროცესი. ბუნებრივია, ჩემი რჩევაც იქნება, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებდნენ და განაგრძონ სასურველი მიზნისაკენ სვლა.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.