ვაგრძელებთ რუბრიკას ,,უხუცესი თანამშრომელი” და ამჟამად 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი-ხუტუაშვილი გვინდა გაგაცნოთ, რომელიც თელავის რაიონის სოფ. ფშაველის საშ. სკოლაში 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ასწავლიდა მათემატიკასა და ასტრონომიას. აქედან 35 წელი პარალელურად ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის სასწავლო პროცესს.
ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. მიწვეული იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის აბიტურიენტთა მისაღებ გამოცდებზე (მათემატიკაში) – კომისიის წევრად. ჩართული იყო მოსწავლეთა ოლიმპიადის ჩატარების პროცესში – ადგენდა ამოცანებსა და მაგალითებს მათემატიკაში. მისი ნაშრომები სკოლაში მათემატიკის სწავლების მეთოდების შესახებ ხშირად იბეჭდებოდა წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში როგორც ქვეყნის, ასევე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
,,ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, მასწავლებლები, მოსწავლეები. მათთან კარგი დამოკიდებულება მქონდა, შესაბამისად, ყოველთვის სიყვარულით ვიყავი გარემოცული. მადლიერების გრძნობით ხშირად მიძღვნიდნენ ლექსებს”- ასე დაიწყო ჩვენი ინტერვიუ ქალბატონ ჟუჟუნასთან.
HR hub: როგორც ვიცი ბევრი მიღწევა გქონდათ, გვიამბეთ ამის შესახებ?
მასწავლებლისთვის უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა. როცა ერთ სოფელში, ერთ სკოლაში რამდენიმე სხვადასხვა თაობის აღზრდას ემსახურები და სიყვარულსა და მადლიერებას გრძნობ ირგვლივ, მთელი სოფლის მოსახლეობისგან, ამაზე დიდი მიღწევა არაფერია.
მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროებისგან მიღებული მაქვს რამდენიმე ჯილდო:
1973 წელს – მედალი -საუკეთესო მასწავლებლის წოდება;
1976 წელს – მედალი უმაღლეს სკოლაში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
1977 წელს – მედალი სახალხო განათლების დარგში თავდადებული და ნაყოფიერი მუშაობისთვის;
1978 წელს – მედალი რესპუბლიკურ სამეცნიერო პედაგოგიურ კონფერენციაზე წაკითხული ლექციისთვის.
განსაკუთრებული მიღწევა და ბედნიერება კი ჩემი სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილია. მათი განათლებულ და წესიერ მოქალაქეებად აღზრდა და ჩამოყალიბება.
HR hub: თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის რომ კარგი მასწავლებელი იყო და ბავშვების სიყვარული დაიმსახურო?
პირველ რიგში სულითა და გულით უნდა იყო მასწავლებელი. ალბათ ეს ნიჭია. შემდეგ უნდა იყო შენი საგნის საუკეთესო სპეციალისტი და უნდა გაგაჩნდეს გადმოცემის კარგი უნარი.
რთულია როცა კლასში 30-35 მოსწავლეა, სწავლის განსხვავებული უნარით. თუმცა უნდა შეგეძლოს, რომ თითოეულ მათგანს გაუღვივო შენი საგნის შესწავლის სურვილი. ბავშვებმა შენს თვალებში უნდა დაინახონ გულწრფელობა და სიყვარული. არასდროს არ უნდა აგრძნობინო შენი პირადი პრობლემები და არ იყო მიკერძოებული. ყველაფერი უნდა გააკეთო მოსწავლის სიყვარულისთვის. სიყვარული სიყვარულის წილ!
HR hub: სიმკაცრე თუ ლმობიერება? როგორი იყო თქვენი სტრატეგია ბავშვებთან ურთიერთობის დროს?
ბავშვებთან ურთიერთობისას არანაირი სტრატეგია და ტაქტიკა არ მქონია. მთავარია, მათთან იყო ბუნებრივი და შენი ცოდნა საუკეთესოდ გაუზიარო. ისინი უცებ გრძნობენ შენს ხელოვნურობას. მაგრამ თუ გულწრფელი ხარ, მათ ნდობას ადვილად მოიპოვებ, გაგიგებენ და სიმკაცრეც არ იქნება საჭირო. მთავარია, იგრძნონ, რომ მასწავლებელი მართალია.
ასევე მნიშნელოვანია, მათთან იყო უშუალო. მე ჩემი მოსწავლეების არამარტო აღმზრდელი, მეგობარიც ვიყავი. ხშირად მიზიარებდნენ საკუთარ პრობლემებს და მეკითხებოდნენ რჩევებს.
HR hub: დღევანდელ განათლების სისტემაზე რა შეგიძლიათ თქვათ, რა შეცვლიდით?
საერთოდ, განათლების სისტემა უხეშ რყევებს ვერ იტანს. 1990 წლიდან რამდენჯერმე შეიცვალა მთავრობა და, შესაბამისად, განათლების მოდელიც. ილია ჭავჭავაძე ამბობს: “ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას”. შესაბამისად, სანამ გვიან არ არის, ერთად უნდა დასხდნენ ის ადამიანები, ვისაც ხელი ეწიფება ერის განვითარებაზე და ერთად იზრუნონ მომავალი თაობის განათლებაზე.
ჩემი აზრით, მომავალი განათლების სისტემა უნდა დაეფუძნოს ძველი და ახალი მოღვაწეების საერთო აზრსა და გამოცდილებას. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.
HR hub: რას ურჩევდით დამწყებ მასწავლებლებს?
დამწყებმა პედაგოგმა ჯერ საკუთარ სულში უნდა ჩაიხედოს და ჰკითხოს თავს, არის თუ არა ეს მისი მოწოდება, ასპარეზი. მასწავლებელს დიდი ნებისყოფა და მოთმინება ჰმართებს. უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა მოსწავლის ათვისების უნარი სხვადასხვაა და შესაბამისად მიუდგეს. როდესაც მოსწავლე წარმატებული იქნება, სიხარულით და სიამაყით იტყვის, რომ ამ ბავშვის აღზრდაში მისი წვლილიც არის.