სამსახურის ძიების პროცეში ხშირად ვაწყდებით ვაკანსიებს სადაც სამოტივაციო წერილს ითხოვენ.
ხშირ შემთხვევაში კანდიდატებს შემუშავებული აქვთ სამოტივაციო წერილის სტანდარტული შაბლონი, რომელსაც ყველა დამსაქმებელთან აგზავნიან ან უბრალოდ თავს იკავებენ ასეთი ვაკანსიებისგან. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს ამ საკითხზე HR პროფესიონალი და HR მენეჯერს, ნინო ჯინჯოლავას დავუსვით შეკითხვები.
HR hub: სამოტივაციო წერილი ეს არის უბრალო შაბლონი თუ გადაწყვეტილების მიღების რეალური საშუალება?
სამოტივაციო წერილი არის შანსი კანდიდატისთვის ახსნას და დაამატოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ რეზიუმეს. თითოეულმა ადამიანმა ყველაზე კარგად იცის საკუთარი კარიერული ისტორია, იცის სად აკლია გამოცდილება, სად განსაკუთრებულად საინტერესო პროექტზე მუშაობდა, რა აქვს ისეთი, რამაც შეიძლება დამსაქმებელი დააინტერესოს. რეზიუმე, „მშრალი“, სტანდარტული დოკუმენტია, სადაც მოკლედ უნდა გადმოიცეს ყველაფერი, სამოტივაციო წერილი იძლევა შესაძლებლობას, აიხსნას, განიმარტოს და მეტი ითქვას საკუთარ თავზე.
HR hub: თუ მოგეწონათ კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილში ვერ დაინახეთ მოტივაცია დაიბარებთ ასეთ კანდიდატს გასაუბრებაზე?
დიახ, აუცილებლად დავიბარებ, ისევე როგორც დავიბარებ, თუ რეზიუმე არ მომეწონა, მაგრამ სამოტივაციო წერილი აქვს საინტერესო. მე ვთვლი, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დიდი არჩევანის ფუფუნება და ზედმეტი „წუნიაობა“, მხოლოდ ძალიან გახანგრძლივებულ რეკრუტინგის პროცესს მოგვიტანს, სტერეოტიპებს გაამყარებს ბაზარზე და ამ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შედეგი მაინც იგივე გვექნება, – არჩევანის სიმწირის გამო. ამიტომ თუ, რეზიუმეში, ან სამოტივაციო წერილში, არის რამე ხელმოსაჭირდი, მე ვფიქრობ კანდიდატი უნდა დაიბარო გასაუბრებაზე და მისცე საშუალება დაგანახოს თავისი თავი, – ეს დრო დაკარგული არასდროს არის არც-ერთი მხარისთვის.
HR hub: რამდენად გულწრფელია ის წერილები რაც მიგიღიათ?
მიმიღია ძალიან გულწრფელი წერილებიც, თუმცა სამწუხაროდ უმრავლესობას ეგრევე ეტყობა, რომ შაბლონურია, რაც მეტწილად განპირობებულია ჩვენი, დამსაქმებლების მხრიდან გაუაზრებელი, დაუგეგმავი, სპონტანური რეკრუტინგის პროცესით, – აპლიკანტების უმეტესობა თვლის, რომ სამოტივაციო წერილს, ძირითადად არ ვკითხულობთ, შესაბამისად ქმნიან ერთ შაბლონს ყველა დამსაქმებლისთვის.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამოტივაციო წერილის წერისას, მნიშვნელოვანია გქონდეს საკმარისი ინფორმაცია დამსაქმებელზე. გასაუბრებაზეც ხშირია, როცა დამსაქმებლები ეკითხებიან კანდიდატს თუ რა იციან მათზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ დამსაქმებელს ჩვენს ქვეყანაში ისეთივე შაბლონური ვებ გვერდი აქვს, როგორსაც სამოტივაციო წერილებს ვიღებთ ხოლმე. ფაქტიურად შეუძლებელია, რამე მნიშვნელოვანი, ხელმოსაჭირდი ინფორმაცია გაიგო კომპანიაზე და აპლიკანტებს უწევთ ფაქტიურად გამოძიების ჩატარება, ლინკდინზე ამ კომპანიაში დასაქმებული ნაცნობების პოვნა, მათი გამოკითხვა და ა.შ. რასაც მე ისევე არ მივესალმები, როგორც დამსაქმებლის მხრიდან მსგავს ქმედებებს. ვფიქრობ საკმაოდ მოძველებული მეთოდია და წარსულს უნდა ჩაბარდეს. ინფორმაცია რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის, ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დამსაქმებლის, ასევე სამსახურის მაძიებლის მხრიდან (მაგ. განახლებული LinkedIn პროფილი), ან მსგავსი კითხვები/მოთხოვნები საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
HR hub: ეთანხმებით სამოტივაციო წერილის მოთხოვნას ვაკანსიის გამოცხადებისას? რა შემთხვევაშია ეს გამართლებული?
დამოკიდებულია რეკრუტინგის სტრატეგიაზე, ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე მოთხოვნა, არ მგონია სწორი, თანაც ციფრულ ერაში, ჩემი აზრით აპლიკანტს მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ მომართვის პროცესი. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სამსახურის მაძიებელი, მხოლოდ ჩვენით დაინტერესდება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ყველა შესაბამის ვაკანსიაზე აგზავნის განაცხადს, სამოტივაციო წერილი კი, ყველასთვის ინდივიდუალურად უნდა დაიწეროს, შესაბამისად დიდია რისკი, საერთოდ დავკარგოთ კანდიდატი, თუ მის დროს არ დავზოგავთ. ჩვენ ვცხოვრობთ ერაში, როცა დამსაქმებლები „ნადირობენ“ კანდიდატებზე და არა პირიქით.
HR hub: თუ კანდიდატის რეზიუმე არ არის შთამბეჭდავი და დატვირთული გამოცდილებებით, როგორ შეიძლება მათ დამსაქმებლის ყურადღება მიიქციონ, რა რჩევას მისცემდი?
პირველ რიგში, კანდიდატმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად რელევანტურ ვაკანსიაზე აკეთებს განაცხადს. არ შეიძლება გამოცდილების გარეშე კანდიდატს, გაუკვირდეს, თუ რატომ არ გამოეხმაურა დამსაქმებელი, არა დამწყებ პოზიციაზე განცხადებისას. რეზიუმე არის აპლიკანტის ელჩი დამსაქმებელთან, რომელმაც უნდა მოაპოვებინოს გასაუბრების ბილეთი. ყოველთვის იცის კანდიდატმა (უნდა იცოდეს), თუ რატომ აკეთებს ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადს, რატომ თვლის რომ არის შესაბამისი. სწორედ ეს მიზეზი უნდა იკითხებოდეს რეზიუმეში, თუ ამის საშუალებას რეზიუმეს სტანდარტიზირებული ფორმატი არ იძლევა, შეგვიძლია მოვიშველიოთ სამოტივაციო წერილი, სადაც აპლიკანტს ეძლევა სრული თავისუფლება, ახსნას ყველაფერი და დაარწმუნოს დამსაქმებელი, რომ ის, ის არის.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას !