შემოგვიერთდით

ქართველი რეკრუტერი Microsoft-ში

ძალიან გვახარებს ქართველების წარმატება საზღვრებს მიღმა და განსაკუთრებით ჩვენს სფეროში. 

გვინდა გაგიზიაროთ ახალი ინფორმაცია ელენე მურვანიძის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს Microsoft-ის  ტექნიკური რეკრუტერი გახდა. ეს ამბავი ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ელენე HR hub Next-ის მენტორი იყო.

HR hub: ელენე მოგვიყევი როგორ მოხვდი HR სფეროში?

HR სფეროში დაახლოებით 7 წლის წინ მოვხვდი, მაშინ როდესაც ძალიან დაბნეული სტუდენტი ვიყავი და არ ვიცოდი კონკრეტულად რა მიმართულებით მსურდა პროფესიული განვითარება. ბევრი აზრი მიტრიალებდა გონებაში და შეიძლება ითქვას კიდეც რომ HR – ზე ყველაზე ნაკლებადაც კი ვფიქრობდი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უნივერსიტეტში მანამდე გავლილი საგნების ძირითადი ნაწილი, ტრენინგები თუ მცირე ხნიანი პრაქტიკები არ უკავშირდებოდა კონკრეტულად ამ სფეროს და შესაბამისად ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა მასზე. თუმცა ასევე უნივერსიტეტში სწავლისას საშუალება მომეცა დავსწრებოდი ქალბატონ მაია რობაქიძის ძალიან საინტერესო ლექციებს და შეიძლება ითქვას რომ ინტერესი სწორედ მაშინ გაღვივდა. შემდეგ შესაძლებლობა მომეცა სტაჟირება გამევლო ეიჩარ პარტნერსში, რომელიც იმ დროისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებს თანამშრომლების შერჩევაში ეხმარებოდა და ჩემი პირველი გასაუბრებების ჩატარების შესაძლებლობაც მას უკავშირდება. ამ სტაჟირების ფონზე კი გამოჩნდა მეორე სტაჟირების შესაძლებლობა კომპანია თეგეტა მოტორსში. ვგრძნობდი, რომ ეს შესაძლებლობა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რადგან საშუალება მომეცემოდა საკუთარი თვალით მენახა 1000+ სიდიდის ორგანიზაციის პროცესები, უკეთ გამეაზრებინა ადამიანური რესურსების როლი ბიზნეს სამყაროში და ვიმედოვნებდი რომ ძალისხმევისა და მონდომების შემთხვევაში სტაჟირების შემდეგ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობაც მომეცემოდა კომპანიასთან, რაც საბედნიეროდ ასეც მოხდა. თეგეტა მოტორსთან თანამშომლობა დაახლოებით 1,5 წელი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში საშუალება მომეცა როგორც შერჩევის ასევე სწავლებისა და განვითარების მიმართულებით ვყოფილიყავი ჩართული. შემდეგ კი დაახლოებით ორ წლიანი გამოცდილება უკავშირდება კარფურის ადამიანური კაპიტალის შერჩევის გუნდს.

HR hub: შენ ასევე მუშაობდი მუშაობდი Pipedrive-ში რეკრუტერად. რას გვეტყოდი ამ კომპანიის შესახებ? Pipedrive არის 2010 წელს, ესტონეთში დაფუძნებული კომპანია, რომლის მთავარი პროდუქტი კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაა (CRM – Customer Relationship Management), რომელიც 100 000-ზე მეტ მცირე თუ საშუალო ბიზნესს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ეხმარება გაყიდვების პროცესების გამარტივებაში და შესაბამისად ფინანსური სარგებლის ნახვაში. 8 ქვეყანაში Pipedrive 10 ოფისით არის წარმოდგენილი და მისი გლობალური გუნდი 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. თუ რამდენიმე წლის წინ პაიპდრაივი პატარა სტარტაპი იყო, ამ ეტაპზე, მიღებული ინვესტიციების ფონზე, სწრაფად მზარდი “უნიკორნ” კომპანიაა და ბედნიერი ვარ რომ სწორედ ამ ორგანიზაციული ზრდის ნაწილი ვიყავი გასული 3 წელი. იმ გამოცდილების გათვალისწინებით რაც იქ მივიღე, ადამიანებს რომლებსაც იქ შევხვდი, პროცესებში რომლებშიც ვმონაწილეობდი, შემიძლია თამამდ ვთვქა რომ Pipedrive – ში მუშაობა ახდენილ ოცნებას ჰგავდა და იყო კიდეც.

HR hub: როგორ აღმოჩნდი Microsoft-ში, შერჩევის რა ეტაპები გაიარე?

Pipedrive – ში სამწლიანი მუშაობის შემდეგ, ვფიქრობდი რომ კიდევ ერთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა შესაძლებლობას მომცემდა გამეფართოებინა თვალსაწიერი, შემედარებინა სხვადახვა პრაქტიკები და მეტად გავრკვეულიყავი სფეროს თავისებურებებში. რადგან Microsoft-ის შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ბევრი კარგი რამ მქონდა გაგებული, გადავწყვიტე ინტერესი გამომეხატა და ჩემდა მოულოდნელად შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 3 გასაუბრება გავიარე: პირველი გასაუბრება უფრო გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც შევხვდი მაიკროსოფტის ტალინის ოფისის შერჩევის მენეჯერს, რომელმაც დეტალურად ამიხსნა პოზიციის ფუნქცია-მოვალეობები, და მეც მეტი რამ გავუზიარე ჩემს გამოცდილებაზე. შემდეგი ორი გასაუბრება მქონდა EMEA რეგიონის უფროს შერჩევის მენეჯერთან და ასევე ჩემს მომავალ მენეჯერთან. ორივე გასაუბრება იყო ბიჰევიორალური (ქცევითი) ინტერვიუ. შერჩევის ეტაპის წარმატების დასრულების შემდეგაც, მუშაობის დაწყებამდე, რამდენჯერმე შევხვდი ჩემს მომავალ მენეჯერს, რაც ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად ახალი პროცესი იყო ჩემთვის. ეს შეხვედრები დამეხმარა ყოველგვარი ფორმალობების გარეშე უკეთ გავრკვეულიყავი რა პროცესების გავლა მომიწევდა თანამშრომლობის პირველ ეტაპებზე და ყველა ის კითხვა დამესვა რაც შერჩევის პროცესის შემდეგ გაჩნდა.

HR hub: რა იქნება შენი მოვალეობა და რომელ ფილიალში იმუშავებ?

ჩემი ძირითადი მოვალეობა მაიკროსოფტისთვის ტალანტების შერჩევა იქნება ინჟინრული პოზიციებისთვის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით. რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, ამ ეტაპზე ვცხოვრობ ტალინში, შესაბამისად შევუერთდი უკვე მაიკროსოფტის ტალინის ოფისს. ჩემი გუნდის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს რომ ვიქნები დიდი, გლობალური გუნდის ნაწილი. მაიკროსოფტის მოქნილი მიდგომებიდან გამომდინარე კი, იმედი მაქვს, დროდადრო, საქართველოდანაც შევძლებ ხოლმე დისტანციურად მუშაობას.

HR hub: რატომ Microsoft?

ეს კითხვა გასაუბრებაზეც დამისვეს და მაშინაც და ახლაც იმდენი აზრი და მიზეზი მაქვს და მქონდა, რომ თითქოს რთულიც კი არის ყველაფრის ერთდროულად ჩამოყალიბება. ციფრულ სამყაროში, ალბათ რთულად თუ შეხვდები ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია მაიკროსოფტის რაიმე პროდუქტი, სხვადასხვა მიზეზით, თუმცა, ალბათ, ძირითადად ერთი მიზნით, გაემარტივებინა პროფესიული თუ პირად საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის ამოცანა. შესაბამისად, იყო გუნდის წევრი, რომელსაც ასეთი დადებითი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე საკმაოდ ამაღელვებელია. ამასთან ერთად ნებისმიერ ორგანიზაციაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობა მომიწევს და ის ორგანიზაციული კულტურა რომელსაც ეს ადამიანები ქმნიან გარშემო. ვფიქრობ რომ ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა და საშუალება მექნება ვიმუშავო წამყვანი პროფესიონალების გვერდით – გარემოში, სადაც ურთიერთობები პატივისცემაზე, გულწრფელობაზე, ნდობაზე და ანგარიშვალდებულის მაღალ განცდაზე იქნება დაფუძნებული.

HR hub: როგორ ფიქრობ გაამართლებს მოლოდინებს კომპანია?

როდესაც სამსახურს იცვლი, განსაკუთრებით მაშინ როცა შენს წინა სამსახურში ბედნიერი იყავი, ცხადია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, თუ რა იქნება შემდეგ, რადგან გარანტირებული არაფერი არ არის. თუმცა, ეს რისკები ჩემს თვალში რომ მაღალი ყოფილიყო, ცხადია, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. სწორედ ამიტომ არის კარგად დაგეგმილი შერჩევის ეტაპი არა მხოლოდ დამსაქმებლისთვის, არამედ ასევე დასაქმებულისთვის საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი სიზუსტით შეაფასო რა მოლოდინები უნდა გქონდეს კომპანიასთან მიმართებაში. ამ ეტაპზე, შერჩევის ეტაპზე დაყრდნობითა და ჩემი პირველი დღის შთაბეჭდილებებით, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და მეც ჩემის მხრივ ვიმედოვნებ რომ მათ მოლოდინებს გავამართლებ.