შემოგვიერთდით

“მხარს ვუჭერთ ბიზნესს ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.” – მარიამ იობიძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

წელს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ESCape. ჩვენ მარიამ იობიძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ESCape HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიების მხარდაჭერა?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი საინტერესო და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი ღონისძიების მხარდაჭერა. გვჯერა რომ ეს ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გამოცდილება იქნება. ჩვენი მოტივაცია, ვყოფილიყავით სამიტის მხარდამჭერები განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, უმთავრესი იყო სამიტის და მისი ორგანიზატორის – HR hub – ის წარმატებული და საქმიანი იმიჯი ქართულ ბიზნეს-სივრცეში. სამიტი აერთიანებს  ქართულ ბაზარზე ოპერირებად აქტიურ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს. შესაბამისად,  ეს პლატფორმა, პროექტისთვის  კარგი შესაძლებლობაა გაავრცელოს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიაში იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ დამსაქმებლებსა და ბიზნეს-პარტნიორებს.

HR hub: მოგვიყევით პროექტის შესახებ

„ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამის – “უნარები დასაქმებისთვის” ქოლგის ქვეშ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში წამყვანი ორგანიზაცია არის ფრიდრიხ ებერტის ფონდი და მთავარი პარტნიორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ინდივიდზე ორიენტირებული კონსულტირება-ქოუჩინგის და მენტორობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი კომპეტენციების,  უნარ-ჩვევების განვითარებას და მათთვის რეალური დასაქმების პერსპექტივების  გაჩენას. პროექტი სთავაზობს ბიზნესს მხარდაჭერას და დახმარებას გაუმკლავდეს ქართულ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, შეუსაბამობა დამსაქმებლის საჭიროებებსა და სამუშაოს მაძიებლის შესაძლებლობებს და კომპეტენციებს შორის ან სამუშაო ძალის ხშირი გადინება.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარ ინსტრუმენტს „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები“ წარმოადგენს. დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრებში, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები ახდენენ  შრომის ბაზარზე არსებული დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესის საჭიროებების კვლევას და დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ინტერესების თანხვედრას.

ამასთან, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან ინკლუზიური ბიზნეს-გარემოს გასავითარებლად, რომ ის გახდეს მეტად მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შესთავაზოს თანაბარი პირობები და გარემო სამუშაოს მაძიებელს. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთავაზობთ გადამზადებას ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით.

HR hub: როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისთვის რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ჩვენი სამიტში მონაწილეობით გვსურს გავაკეთოთ განახცადი, რომ ვართ ღია ბიზნეს-სექტორთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მზად ვართ გავუწიოთ მათ მხარდაჭერა და შევთავაზოთ მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სერვისები შესაბამისი ადამიანური რესურსის მოზიდვის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ჩვენი სერვისი მოიაზრებს დამსაქმებლის მოლოდინების, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების დეტალურ შესწავლას და ანალიზს. ამის გათვალისწინებით,  ვთავაზობთ მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სერვისი სრულად არაკომერციულია!

სამიტის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გაეცნობიან პროექტს და მის სერვისებს, პირადად შეხვდებიან პროექტის კონსულტანტებს და განიხილავენ უშუალოდ მათთვის საჭირო და სასარგებლო სერვისების მიღების შესაძლებლობას.

HR hub: როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?

გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დავასაქმოთ და ბიზნესთან პარტნიორობით, შევქმნათ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ისეთი ეფექტური და წარმატებული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

აღნიშნულის გარდა, გვსურს, უზრუნველვყოთ პროექტის შედეგების მდგრადობა დასაქმების ან მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით. ამისთვის, მათ გავუზიარებთ ჩვენ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

დარწმუნებული ვარ რომ ამ სამიტში მონაწილეობა დასახული გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.